გიგა ოთხოზორიას მკვლელობა

ჩაფიძე: ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს უნდა გადმოსცენ

ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ელისო ჩაფიძის განცხადებით, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულისთვის შინაპატიმრობის შეფარდება დამაკმაყოფილებელი არ არის. ქართული ოცნების დეპუტატი აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ რაშიდ კანჯი ოღლი ქართულ მხარეს გადმოსცეს.

"ქართული მხარისთვის აბსოლუტურად არადამაკმაყოფილებელია ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილისთვის შინაპატიმრობის შეფარდება. მოვუწოდებთ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას, რომ ეს პირი გადმოსცეს ქართულ მხარეს და იმ ქვეყნის წესების მიხედვით მოხდეს მისი გასამართლება, სადაც მან დანაშაული ჩაიდინა“,- აღნიშნა ჩაფიძემ.

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე გია ვოლსკის თქმით კი, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ეცდება „მითი სახელმწიფოებრიობის თაობაზე შეინარჩუნოს“.

"ვფიქრობ, რომ დე ფაქტო ხელისუფლება ეცდება შეინარჩუნოს სახე, შეინარჩუნოს მითი სახელმწიფოებრიობის თაობაზე და სასჯელით ეცადოს, რომ სასამართლოს რეალობაში დაგვარწმუნოს. თუმცა, ფაქტი ერთია - ამ ადამიანმა ახალგაზრდა კაცი გამოასალმა სიცოცხლეს და ვფიქრობ, სათანადო სასჯელს იმსახურებს“,- ამბობს ვოლსკი.

აღსანიშნავია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო სამხედრო სასამართლომ ადგილობრივი პროკურატურის მოთხოვნა გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის რაშიდ კანჯი ოღლისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ არ დააკმაყოფილა. საინფორმაციო სააგენტო ABKHAZINFORM-ი აფხაზეთის ე.წ პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, რომ რაშიდ კანჯი ოღლის მხოლოდ შინაპატიმრობა შეეფარდა.

კომენტარები