ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა

უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდის

france24.com/

ახალი პრემიერმინისტრის დამტკიცების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი თანამდებობას დატოვებს და საქმიანობას სამოქალაქო სექტორში გააგრძელებს. დღეს პრემიერის ერთწლიანი მუშაობა პარლამენტარებმა შეაფასეს. უმრავლესობის წევრების აზრით, ივანიშვილის მთავარი დამსახურება ძველი ხელისუფლების დამარცხება და აუცილებელი რეფორმების გატარებაა. მათი შეფასებით, მნიშვნელოვანი წელი იყო.

"დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი ბიძინა საზოგადოებრივ სექტორში კიდევ უფრო საინტერესო იქნება. ამ ერთ წელში მივაღწიეთ იმას, რომ ქვეყანაში ხალხი თავისუფლად ცხოვრობს, ქვეყანაში ხალხი ძალადობას ვერ გრძნობს, ქვეყანაში ჩატარდა დამოუკიდებელი არჩევნები და ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება. ეს ერთი წელიწადი ბიძინას დამსახურებაა, ამიტომ მას დიდი მადლობა" - ამბობს უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე.

"არ დავიღლებით იმის თქმით, რომ გვაქვს დიდი მადლიერების გრძნობა. სწორედ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორმა და როლმა განაპირობა, რომ შევძელით, მშვიდობიანი გზით დაგვემარცხებინა ერთერთი ყველაზე სასტიკი პოლიტიკური ძალა. ის რეალობა, რომელიც ქვეყანაში შეიცვალა, მისი დამსახურებაა. მადლიერი იქნება ქართველი ხალხი, რომ გაიხსენებს ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდს" - აღნიშნავს უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია. 

კოალიცია ქართული ოცნების კიდევ ერთი დეპუტატი ელისო ჩაფიძე კი, სამ მიღწევას გამოყოფს, რასაც მისი თქმით, ქვეყანამ ბიძინა ივანიშვილის მმართველობის დროს მიაღწია.

"არც ერთი მოქალქე არ დაიღუპება, რომ მას არ აქვს ოპერაციის ფული. მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ განათლება უფასოდ. ასევე, განხორციელდა სოფლის მეურნეობის უპრეცედენტო პროგრამა. გარდა ამისა, წლის ბოლომდე აღდგება რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობა, რაც რეალურად ქართულ ეკონომიკის მისცემს ახალ ბიძგს" - ამბობს ელისო ჩაფიძე. 

კომენტარები