რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სიკორსკი: ნუ ვარაუდობთ, რომ ტრამპი რუსეთის მხარეს დაიკავებს

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ ინტერვიუში უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატისა და ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ხედვებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ტრამპის პოზიცია "არც ისე შავ-თეთრია, როგორც ხალხი მიიჩნევს".

აშშ-ში 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდის ფონზე დისკუსია მიმდინარეობს იმაზე, თუ როგორ წარმართავს დონალდ ტრამპი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში უკრაინის მიმართ აშშ-ს საგარეო პოლიტიკას. აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მხარდამჭერებთან NATO-ზე საუბრისას 11 თებერვალს განაცხადა, რომ  იგი რუსეთს NATO-ს იმ ქვეყნებზე თავდასხმისკენ წააქეზებდა, რომლებიც თავდაცვაზე მშპ-ს 2%-ზე ნაკლებს ხარჯავენ.

თუმცა, მან მოგვიანებით ნაიჯელ ფარაჯთან ინტერვიუში თქვა, რომ იგი 100%-ით NATO-ს ერთგული დარჩება, თუ ევროპელი პარტნიორები "სამართლიანად ითამაშებენ". მისი თქმით, ის ალიანსისადმი ერთგულებას ინარჩუნებს და მოუწოდებს ევროპელ პარტნიორებს არ ისარგებლონ აშშ-ს დახმარებით.

სიკორსკის თქმით, "დონალდ ტრამპი მართალი იყო როდესაც ჩვენ ყველას ევროპაში თავდაცვაზე უფრო მეტის დახარჯვისკენ მოგვიწოდა". პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე დაამატა, რომ ტრამპმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები "ომამდე გაუგზავნა, როდესაც სხვები [ამას] არ აკეთებდნენ".

ინტერვიუში სიკორსკიმ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ დონალდ ტრამპს აშშ-ს კონგრესში უკრაინისთვის გამოყოფილი $60-მილიარდიანი დახმარების პაკეტის მიმართ უკმაყოფილება არ გამოუხატავს, რაც, მისი აზრით, უკრაინის მიმართ ტრამპის დამოკიდებულების ცვლილებას ასახავს.

"პროტესტი არ გამიგია. ამიტომ, ვიმედოვნებ, რომ [პრეზიდენტობის] კანდიდატმა ტრამპმა დაინახა, რომ უკრაინის დახმარების მიმართ წინააღმდეგობის გაწევა აშშ-ში პოპულარული არ არის, და რომ ეს მისი ხელახლად არჩევის შანსებს აზიანებს". - თქვა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები