რუსული კანონი

საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი რუსულ კანონზე: ვგმობ – აქციას ვუერთდები

როგორც ჩემი სამშობლოს ერთგული დიპლომატი (მოქმედი), მე იძულებული ვარ, დუმილი დავარღვიო და საჯაროდ გამოვთქვა ჩემი უთანხმოება იმ საგარეო პოლიტიკის მიმართ, რაც ხელისუფალმა შემოგვთავაზა. ბუნებრივია, ვგმობ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს, ვგმობ იმ ძალადობას, რაც ხელისუფალმა დემონსტრაციულად გამოიყენა ჩვენი საზოგადოების ყველაზე სათუთ, გასაფრთხილებელ ფენაზე - ჩვენი ქვეყნის მომავალზე. გულგრილი ვერ დავრჩები და რუსთაველზე პროტესტს ვუერთდები.

მივმართავ ჩემს კოლეგა დიპლომატებს - მესმის და ვიზიარებ თქვენ მდგომარეობას, ყველა ისე ვიბრძვით, როგორც შეგვიძლია. საგარეო უწყებაში ძალიან ბევრი ღირსეული, მებრძოლი სულისკვეთებისა და ნამდვილი პატრიოტი ადამიანი მოღვაწეობს. არ მოგიწოდებთ, უბრალოდ ღრმად მწამს, რომ თქვენ გადამწყვეტ სიტყვას იტყვით. ამ ქვეყნის მომავალი ჩვენს ხელშია.

წერს Facebook-ზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, ალექსანდრე გოგოლაძე.

დღეს, 1-ელ მაისს რუსული კანონის საწინააღმდეგო პოსტი საგარეო უწყების კიდევ ერთმა თანამშრომელმა, გიორგი წიქარიშვილმაც დაწერა.

კომენტარები