რუსული კანონი

საია: ძალის გამოყენების შსს-ს მიერვე დაანონსებული ფაქტობრივი საფუძველიც კი არ არსებობს

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები და პოლიცია 9 აპრილის ქუჩაზე, 2024 წლის 13 მაისი
ტაბულა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შსს-ს განცხადებისა და სპეცრაზმის მობილიზების საპასუხოდ წერს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

"2024 წლის 12 მაისის 22:00 საათიდან საქართველოს პარლამენტთან მიმდინარეობს მშვიდობიანი აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ.

დაახლოებით დილის 05:30 საათისთვის თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის გამზირზე განლაგდნენ ე.წ. რობოკოპები და წყლის ჭავლის მანქანები.

05:37 საათზე განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და დააანონსა, რომ თუ დემონსტრანტები არ გაათავისუფლებენ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებს, პოლიცია გამოიყენებს ძალას.

ამ ეტაპზე (05:48) დასტურდება, რომ პარლამენტის შესასვლელებთან არა დემონსტრანტები, არამედ პოლიცია დგას. შესაბამისად, ძალის გამოყენების შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერვე დაანონსებული ფაქტობრივი საფუძველიც კი არ არსებობს.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ გამოიყენოს უკანონოდ ძალა და მისცეს მშვიდობიან დემონსტრანტებს პროტესტის გაგრძელების კონსტიტუციური უფლება". - წერს საია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლითაც დემონსტრანტებს საკანონმდებლო ორგანოს შენობის შესასვლელბის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს  აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს გაათავისუფლონ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები,  დეპუტატებსა და  აპარატის თანამშრომლებს მისცენ  პარლამენტის შენობაში შესვლისა და სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების საშუალება. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში და უზრუნველყოფს პარლამენტის შესასვლელების საპოლიციო ძალებით გათავისუფლებას.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ  საკანონმდებლო ორგანოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ პირებს, დაემორჩილონ პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას, არ დაუშვან პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება, ასევე, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი  ქმედებებისგან.

ასევე, მოვუწოდებთ ადგილზე მომუშავე სხვადასხვა მედიის წარმომადგენელს, რომ დაემორჩილონ სამართალდამცველების მითითებებს და ხელი არ შეუშალონ მათ კანონით გათვალისწინებული მოვალეობის შესრულებაში". - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები