1991 წლის 21-22 დეკემბერს, თბილისში პრეზიდენტი გამსახურდიას მხარდამჭერებისა და მისი მოწინააღმდეგეების შორის არსებულმა დაძაბულობამ პიკს მიაღწია. დაიწყო შეიარაღებული დაპირისპირება. 22 დეკემბერს გამსახურდიას მოწინააღმდეგეებმა დაიკავეს რამდენიმე შენობა.
ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერებს უპირსპირდებოდნენ ეროვნული გვარდიის მთავარსარდალი, თენგიზ კიტოვანი და ყოფილი პრემიერმინისტრი, თენგიზ სიგუა, ასევე ჯაბა იოსელიანი, რომელიც შეიარაღებულ დაჯგუფება მხედრიონს მეთაურობდა.
ზვიად გამსახურდიამ თბილისი 6 იანვარს დატოვა. ორკვირიან შეიარაღებულ შეტაკებებს სხვადასხვა ინფორმაციით 113 ადამიანი ემსხვერპლა. კონფლიქტი გამსახურდიას მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგეებს შორის კიდევ რამდენიმე წელი გაგრძელდა.
შეიარაღებულ დაპირისპირებას წინ მძიმე პოლიტიკური კრიზისი უძღოდა, რომელიც ქვეყანაში, დაახლოებით, ექვსი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც, ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით, გაუქმდა საქართველოს ეროვნული გვარდიის სარდლის თანამდებობა და მას შინაგანი ჯარის სტატუსი მიენიჭა. თანამდებობა დატოვა პრემიერ-მინისტრმა, თენგიზ სიგუამ. ამბოხებულმა კიტოვანმა უარი თქვა გამსახურდიას ბრძანების შესრულებაზე და მის დაქვემდებარებაში მყოფი 15 ათას კაციანი პირადი შემადგენლობით თავდაპირველად რკონის ხეობაში, შემდგომ კი თბილისის ზღვაზე დაბანაკდა.