თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ აღმაშენებლის გამზირზე კაფე-ბარების მფლობელებმა ვადის ამოწურვამდე ღია სივრცეები თავად დაშალეს და მერიას აღნიშნული პროცესი ჯერ არ დაუწყია.
როგორც ტაბულას მერიაში უთხრეს, მონიტორინგი უახლოესი დღეების განმავლობაშია დაგეგმილი და საჭიროებისამებრ, იმ ღია კაფეების სივრცეების დემონტაჟი მოხდება, რომლებსაც უწყებისგან შესაბამისი ნებართვა არ გააჩნიათ.
26 ივლისს გამართულ მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა აღმაშენებელზე მდებარე კაფე-ბარების მეპატრონეებს ერთთვიანი ვადა მისცა, რომ ობიექტებზე უნებართვოდ მოწყობილი ღია სივრცეების დოკუმენტაცია, ასევე ვიზუალური მხარე მოეწესრიგებინათ.
მერმა განმარტა, რომ 40-მდე ღია კაფე ყოველგვარი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე ფუნქციონირებს და კაფეების ქაოტური განლაგება ფეხით მოსიარულეებს,ამასთან სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს გადაადგილებისას პრობლემას უქმნის.
კალაძის თქმით, დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, თუ მდგომარეობა უცვლელი დარჩება, მუნიციპალური ინსპექცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს. "24 აგვისტოს ჩათვლით, თუ არ იქნება შემოსული შესაბამისი წინადადებები, არქიტექტურულ ნაწილში, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ყველაფრის რეგულაცია, უნდა ვიმოქმედოთ და ტერიტორია მოვაწესრიგოთ".-განაცხადა კალაძემ, რამდენიმე დღის შემდეგ გამართულ მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ.