რუსული კანონი

გახარია: ივანიშვილმა მშვიდობიან მომიტინგეებს არალეგიტიმური ძალა დაუპირისპირა

ეს იყო სამაგალითო სადამსჯელო ძალადობა, რომლის კვალიც ამჯერად ღიად და პირდაპირ მიდის ივანიშვილამდე, რომლის მიზანია მოქალაქეების დაშინება, ივანიშვილმა მშვიდობიან მომიტინგეებს არალეგიტიმური ძალა დაუპირისპირა.

ზოგიერთები გამახსენებთ 20 ივნისს, არ მჭირდება ეს გახსენება, არც 20 ივნისს დავმალულვარ და ამოვფარებივარ პოლიციელების ზურგს ან თანამდებობას, ისე, როგორც დღეს ეს მიშიშარა ბიჭები იმალებიან, არც ბასიანის მოვლენებისას მიმიტოვებია ახალგაზრდები და პანკისშიც ხალხსა და პოლიციას შორის ვიდექი.

ახლაც, ჩვენ ვიქნებით ყველგან, სადაც მშვიდობას, ქვეყნის ევროპულ მომავალს და სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილებას დასჭირდება, ეს იქნება ევროპის დედაქალაქები, პარლამენტი და თუნდაც, ქუჩა.

ივანიშვილისთვის მიმართვას უკვე აზრი აღარ აქვს, ამიტომ მივმართავ პოლიციელებს, თქვენ ფიცი ქვეყნის და მოქალაქეების წინაშე გაქვთ დადებული და არა პარტიის წინაშე, ესენი თქვენ ზურგს უკან დაიმალებიან, მომავლის საწინააღმდეგოდ პირისპირ დაგტოვებენ ხალხთან, არ დაუშვათ ქართველების დაპირისპირება ქართველებთან.

მოვუწოდებ საქართველოს მეგობრებს ვაშინფტონში, ბრიუსელში, ბერლინში, პარიზში, ჩამოაყალიბონ ერთიანი პოზიცია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან ასარიდებლად და დემოკრატიული, თავისუფალი, მშვიდობიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად.

ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს, ამიტომ, მოდით ერთიანი ძალისხმევით დავაბრუნოთ საქართველო ნორმალური დემოკრატიული განვითარების გზაზე

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პრემიერმინისტრი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი გახარია 30 აპრილი-1 მაისის აქციის დარბევაზე.

კომენტარები