საქართველო-აშშ

რევოლუციის ბრალდება – კობახიძე აშშ-სთან ურთიერთობის გაუარესებას აგრძელებს

ქართული ოცნება

საქართველოს პრემიერმინისტრმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველ დერეკ შოლესთან საუბრის შემდეგ X-ზე გამოაქვეყნა ტექსტი, რომელშიც ნათქვამია, თითქოსდა 2020-2023 წლებში საქართველოში რევოლუციის ორი მცდელობა იყო, რასაც, მისი მტკიცებით, მხარს უჭერდა აშშ-ს ყოფილი ელჩი, კელი დეგნანი.

კონსპირაციული შინაარსის ტექსტში კვლავ ნახსენებია მეორე ფრონტიც.

"ვესაუბრე სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველს და გამოვხატე ჩემი გულწრფელი იმედგაცრუება 2020-2023 წლებში რევოლუციის ორ მცდელობასთან დაკავშირებით, რასაც მხარს უჭერდა აშშ-ს ყოფილი ელჩი და სრულდებოდა საგარეო დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. ეს მცდელობები წარმატებული რომ ყოფილიყო, საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნებოდა." – წერს კობახიძე.

ირაკლი კობახიძე აქ არ შეჩერებულა და მან აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნები სიცრუის გავრცელებაშიც დაადანაშაულა. აღსანიშნავია, რომ რუსულ კანონთან დაკავშირებით კომენტარებს ბოლო პერიოდში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი აკეთებდა. მილერმა ქართული ოცნების რიტორიკას გასულ დღეებში პირდაპირ უწოდა ანტიდასავლური და მისი შეწყვეტისკენ მოუწოდა. 

"ამას გარდა, ბატონ შოლეს ავუხსენი, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნების მიერ გაკეთებული ცრუ განცხადებები გამჭვირვალობის კანონპროექტთან და ქუჩაში მიმდინარე გამოსვლებთან დაკავშირებით გვახსენებს მსგავს ცრუ განცხადებებს, რომლებსაც აშშ-ს ყოფილი ელჩი 2020-2023 წლებში აკეთებდა, რაც ემსახურებოდა უცხოური დაფინანსების აქტორების ძალადობის ხელშეწყობასა და რევოლუციური მიზნებისთვის მხარდაჭერას." – დაწერა კობახიძემ.

კობახიძე აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვის აუცილებლობაზეც საუბრობს.

"ასევე, ბატონ შოლეს ცხადად ვუთხარი, რომ ამ ფონის გათვალისწინებით საჭიროა განსაკუთრებული ძალისხმევა ურთიერთობების ხელახლა დასაწყებად. რაც სამართლიანი და გულწრფელი მიდგომის გარეშე შეუძლებელია." – წერს კობახიძე.

თბილისის საპროტესტო აქციებზე ძალადობის გასამართლებლად ირაკლი კობახიძემ მაგალითად მოიყვანა ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში ანტისემიტური ნიშნების მქონე დემონსტრაციებზე პოლიციის მიერ ძალის გამოყენება.

"მე არ გამომიხატავს შეშფოთება ბატონ შოლესთან ნიუ-იორკში სტუდენტების პროტესტის დაუნდობლად ჩახშობის შესახებ." – დაწერა კობახიძემ.

მის მიერ ხსენებულ დემონსტრაციებზე რადიკალურად განწყობილი პროპალესტინელი სტუდენტები ანადგურებდნენ უნივერსიტეტის კერძო საკუთრებას, ავიწროებდნენ ზოგიერთ სტუდენტს და დაკავებული ჰქონდათ სასწავლო დაწესებულების ადმინისტრაციული შენობა.

გასულ დღეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველმა, დერეკ შოლემ თქვა, რომ ირაკლი კობახიძესთან საუბარში საქართველოს ამჟამინდელ კურსთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა.

"პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს დღეს საქართველოს ამჟამინდელი ტრაექტორიის შესახებ ჩვენი შეშფოთება შევატყობინეთ - მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონპროექტის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს საფრთხეს უქმნის. აშშ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს დარჩეს ერთგული საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისა, რაც ქართველთა დიდი უმრავლესობის სურვილია." – წერს შოლე.

აქამდე აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად მიიწვიეს, რაზეც ქართული მხარისგან უარი მიიღეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის ელჩის განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე "დათქმით" მიიწვია. საგარეო უწყების ცნობით, აშშ-მ ქართული მხარისგან "გამჭვირვალობაზე" კანონპროექტის განხილვის დროებით შეჩერება მოითხოვა.

 
 

კომენტარები