რუსული კანონი

ზურაბიშვილი EU-ზე: გვჭირდება ცხადი გზავნილი და არ უნდა იყოს მოწოდებები კომპრომისზე

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გერმანულ გამოცემასთან, Frankfurter Allgemeine Zeitung-თან ინტერვიუში იმ მოლოდინებზე ისაუბრა, რაც მას თბილისში მიმდინარე მოვლენების პარალელურად აქვს.

ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ევროკავშირის გზავნილებში მკაფიო იყოს მოსახლეობის მხარდაჭერა, რომელიც იბრძვის ევროპული მომავლისთვის და ამავდროულად, კრიტიკული გზავნილები, რომელიც ხელისუფლებისკენ არის მიმართული უნდა იყოს უფრო ცხადი.

ამავდროულად, ზურაბიშვილმა გააკრიტიკა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლს მიშელის რიტორიკა, რომელიც "ორი მხარის ლეგიტიმურ წუხილებზე" საუბრობდა და აღნიშნა, რომ დიალოგსა და კომპრომისზე საუბარი შეუძლებელია, რადგან დღეს ხელისუფლება საქართველოს მოსახლეობას ევროპულ მომავალს ართმევს.

რას ელოდებით დღეს თქვენ ევროკავშირისგან?

მე მათ [ევროკავშირის ლიდერებს] მოვუწოდებდი, რომ [ფიზიკურად] გვერდში დგომა ეჩვენებინათ, რადგან ხალხმა უნდა ნახოს ჩვენ მხარდაჭერა გვაქვს და არ ვართ დავიწყებულები. და დღეს ეს ხდება. ჩვენთან ჩამოვიდნენ მინისტრები და პარლამენტარები, და კიდევ უფრო მეტს ვიხილავთ. ჩვენ გვჭირდება ცხადი გზავნილი. დღეს რაც გვესმის ეს არის გაფრთხილებები და მუქარები მაგალითად იმის შესახებ, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს ან უვიზო მიმოსვლას დაკარგავს. არ არის სწორი, რომ მსგავსი გაფრთხილებები და მუქარები ასეთი არაკონკრეტული სახით გაავრცელო. არ არის აუცილებელი ეს უთხრა ხალხს, რომელიც ქუჩებშია გამოსული ევროკავშირის დროშებით. მათ იციან, რომ ეს რისკები არსებობს და სწორედ ამიტომ ატარებენ საპროტესტო აქციებს.

ცხადი განსხვავება უნდა არსებობდეს იმ გზავნილებს შორის, რასაც მოქალაქეებს და ხელისუფლებას უგზავნით: მხარდაჭერა ხალხს, კრიტიკა მთავრობას. და არ უნდა იყოს მოწოდებები დიალოგსა და კომპრომისზე. კომპრომისი ვერ შედგება ეგზისტენციალურ საკითხებზე: ან მიდიხარ ევროპისკენ, ან შორდები მას. ასევე, ცხადი გზავნილია საჭირო შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ, რათა ხალხისთვის ნათელი იყოს რასა და რას შორის აკეთებენ არჩევანს. თუ მოსახლეობა იტყვის, რომ მათ არ სურთ ევროპული გზის გაგრძელება, მაშინ ევროკავშირმა უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა.

თქვენ ამბობთ, რომ ევროკავშირის გზავნილი ცხადი უნდა იყოს. ცოტა ხნის წინ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ის საუბრობდა "ორივე მხარის ლეგიტიმურ წუხილებზე".

ეს გაუგებარია. არსებობს მხოლოდ ერთი წუხილი, ეს ხელისუფლება ევროპულ მომავალს გვართმევს, მეორე მხარეს არ აქვს წუხილის საფუძველი. მოსახლეობა რევოლუციას არ აწყობს, ხელისუფლება დამხობის პირას არაა. ეს მხოლოდ არჩევნების გზით მოხდება.

ხელისუფლების რადიკალური რიტორიკის გათვალისწინებით, გაწუხებთ, რომ შესაძლოა მოხდეს ძალადობრივი ესკალაცია?

ეს სწორედ ის არის, რაც არ მესმის ევროკავშირის გზავნილში. როგორ შეიძლება ვისაუბროთ დიალოგის დაწყებაზე, თუ ხელისუფლება ცხადად არ იტყვის უარს მტრულ რიტორიკაზე? პირველი მოთხოვნა უნდა იყოს საბოლოოდ შეწყვიტოს ჩვენთვის დესტაბილიზაციის აგენტების და მსგავსი ეპითეტების წოდება. ბალტიის ქვეყნების და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებს "რევოლუციის აგენტები" უწოდეს. და რატომ? იმიტომ, რომ ისინი შეხვდნენ ადამიანებს, რომლებიც მშვიდობიანად იბრძვიან ევროპისთვის. შემდეგ კი ბიძინა ივანიშვილისგან ისმის კონსპირაციული თეორიები იმის შესახებ, რომ ამერიკელებს და ევროპელებს საქართველოში რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნა სურდათ. აბსოლუტურად მიუღებელია ასე საუბარი ჩვენს უახლოეს პარტნიორებზე, ასე საუბარი მათზე ვისთანაც უფრო მეტად ინტეგრირება გვსურს. ადამიანებმა უნდა დაინახონ, რომ ეს მიუღებელია.

კომენტარები