ლარის კურსი

პრემიერი: ლარის კურსზე სიტუაცია კონტროლის ქვეშ არის

საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ლარის კურსთან დაკავშირებით სიტუაცია კონტროლის ქვეშ არის. ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა და ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებს მიმართა.

"ლარის კურსი, მემგონი, კონტროლის ქვეშ გაქვთ, ბატონო ნოდარ, ბატონო გიორგი. ვიცი, რომ თქვენ გაქვთ კომუნიკაცია ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, სიტუაციას აკონტროლებთ. ეს არის მცურავი კურსი და, რა თქმა უნდა, მიბმულია რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან. მაგრამ სიტუაცია არის კონტროლის ქვეშ და თუ საჭირო გახდა, ეროვნული ბანკი ჩაერევა ამ სიტუაციის დარეგულირებაში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი ნოემბრის თვეში ექსპორტის შემცირებაა, რომელიც გასულ წელთან შედარებით 35%-ით ნაკლებია. ასევე ნოემბრის თვეში 16%-ით არის შემცირებული საერთაშორისო ფულადი გზავნილების მოცულობა, რაც ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. უცხოური ვალუტის შემოდინება ეროვნული ვალუტის სიმყარეზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივნის ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით მთავრობამ გასულ კვირებში 2014 წლის ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა გაზარდა, ხარჯვის გაზრდა კი ეროვნული ლარის გაცვლით კურსზე უარყოფითად აისახება. 

კომენტარები