ლარის კურსის ვარდნა

ქადაგიძე: ეროვნულ ბანკზე თავდასხმები არა მე, არამედ ქვეყნის ეკონომიკას ვნებს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილისა და მმართველი გუნდის ბრალდებებს უპასუხა. სპეციალური ბრიფინგი ეროვნულ ბანკში გაიმართა. ქადაგიძემ გაიხსენა, რომ მან ეკონომიკური გუნდის მინისტრებთან ღია თუ დახურულ შეხვედრაზე არაერთხელ თქვა, რომ არათანაბარი ხარჯვა გაცვლით კურსზე უარყოფით გავლენას ახდენს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლარის გაუფასურებას ფუნდამენტურ ეკონომიკურ ფაქტორებს უკავშირებს. ქადაგიძე მოუწოდებს მთავრობასა და ქართულ ოცნებას, ეროვნულ ბანკზე თავდასხმა შეწყვიტონ, რადგან ის არა თავად ქადაგიძეს, არამედ ქვეყნის ეკონომიკას ურტყამს, ვნებს ინვესტორების განწყობებს და კონტრპროდუქტიულია.

"საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ჩვენ არ ვაკეთებთ პოლიტიკურ კომენტარებს სხვადასხვა დროს სხვადასხვა თავდასხმებზე, რაც ხორციელდება ეროვნულ ბანკზე. ვიზიარებთ რა იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, არც მომავალში ვაპირებთ პოლიტიკურ დებატებში ჩართვას საჭიროდ. ეს არ არის ჩვენი მანდატი. მაგრამ ვინაიდან ბოლო პერიოდში ეროვნული ბანკის მიმართ იწარმოება მიზანმიმართული ცილისმწამებლური კამპანია, საჭიროდ ვთვლით, მოგახსენოთ ქრონოლოგიურად იმ პოზიციის შესახებ, რომელსაც ეროვნული ბანკი გამოხატავდა ბოლო პერიოდის განმავლობაში.

ჯერ კიდევ 2013 წლის დასაწყისში, ჩვენ განვაცხადეთ იმის შესახებ, რომ 2013 წლის პროგნოზი არ იყო ოპტიმისტური და საჭიროებდა გადახედვას. ნაცვლად იმისა, რომ მოსმენილიყო ჩვენი არგუმენტები, ჩვენ მივიღეთ ცილისწამების და პოლიტიკურ საბოტაჟში დადანაშაულების პირველი ტალღა. სამწუხაროდ, ჩვენი პროგნოზი გამართლდა და 2013 წლის ბოლოს მივიღეთ განახევრებული ზრდა.

2013 წლის ზაფხულიდან ჩვენ არაერთხელ ღია თუ დახურულ შეხვედრებზე განგვიცხადებია, რომ არათანაბარ ხარჯვას აქვს უარყოფითი შედეგი გაცვლით კურსზე და წარმოადგენს პრობლემას. აქაც წლის ბოლოს, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ჩვენი პროგნოზი გამართლდა და 2013 წლის ბოლოს მივიღეთ საბიუჯეტო ზეწოლა ლარის კურსზე და იმისთვის, რომ კურსის დევალვაცია არ მომხდარიყო, ეროვნულმა ბანკმა განახორციელა რამდენიმე ასეული მილიონის დოლარის ინტერვენცია სიტუაციის დასაბალანსებლად. მაშინ ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, ვინაიდან პრობლემა გამოწვეული იყო ერთჯერადი ფაქტორებით და არა ფუნდამენტური მიზეზებით.

2014 წლის აგვისტოდან, ჯერ კიდევ ტურისტული პიკის სეზონში, ჩვენ ვერ შევძელით სავალუტო რეზერვების აკუმულირება. ხოლო აგვისტოს მერე გამოჩნდა პირველი ნიშნები ექსპორტის შემცირებისა და იმ პრობლემებისა, რომლებიც, სავარაუდოდ, თავს იჩენდა შემდგომ თვეებში. სამწუხაროდ, ჩვენი არგუმენტები ეკონომიკური ბლოკის წარმომადგენლებმა არ გაიზიარეს და ამბობდნენ, რომ ყველაფერი არის კარგად და არანაირი ფუნდამენტური პრობლემა არ არსებობს. ნაცვლად ჩვენი არგუმენტების მოსმენისა, ჩვენ მივიღეთ ნიაღვარი შეკვეთილი სტატიებისა და ახლადგამოჩეკილი ექსპერტების მხრიდან მცდელობისა, გაეკეთებინათ ეროვნულ ბანკზე მორიგი შეტევა.

მინდა, რეზერვებთან დაკავშირებით გავაკეთო განმარტებები, ვინაიდან არის მცდელობა, საზოგადოება დავარწმუნოთ იმაში, თითქოს რეზერვების ხარჯვა არის გამოსავალი. საქართველოს სავალუტო რეზერვი - ეს არის ჩვენი აქტივი და ის დოვლათი, რომელიც შევქმენით წლების განმავლობაში, რომელიც წარმოადგენს მთავარ გარანტს ჩვენი ფინანსური სტაბილურობისა. ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკა სწორედ რომ რეზერვების დაგროვების და მართვის მიმართულებით არის აღიარებული ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, ყველა საერთაშორისო ავტორიტეტული გამოცემის მიერ, მათ შორის, სავალუტო ფონდის მიერ.

რეზერვებით ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორების ჩანაცვლება, კონკრეტულად კი, ექსპორტის, გზავნილების, ტურიზმის კლების ჩანაცვლება არის არა მარტო არასწორი ეკონომიკური გადაწყვეტილება, არამედ კონტრპროდუქტიული და უშედეგო. ამას ცხადყოფს უამრავი საერთაშორისო მაგალითი, მათ შორის, ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. მოგახსენებთ, რომ იგივე ხსენებულ მოლდავეთში, ცენტრალურმა ბანკმა 1 მილიარდ დოლარამდე ინტერვენცია გააკეთა, მიუხედავად ამისა, მოლდავური ვალუტის კურსი გაუფასურდა თითქმის 40%-ით. ჩვენზე გაცილებით მდიდარმა ქვეყანა აზერბაიჯანმა 2-მილიარდიანი უშედეგო ინტერვენციების შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება კურსის თავისუფალ მცურავ რეჟიმში გადაყვანის და წინა პარასკევს აზერბაიჯანული მანათი ასევე გაუფასურდა 34%-ით.

ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, დავუშვათ შეცდომები ამ მიმართულებით. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ არაერთხელ დაგვიშვია შეცდომები 90-იანი წლების დასაწყისში და იგივე შეცდომების დაშვებას არ ვაპირებთ.

მინდა, დავარწმუნო ჩვენი მოსახლეობა, რომ ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, სანამ მე და ჩემი გუნდი ვართ ეროვნული ბანკის სათავეში. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ იმას და იგივე შეცდომების გამეორებას, რაც ჩვენმა ქვეყანამ არაერთხელ გაიმეორა უკვე.

მით უფრო გაუგებარია გუშინდელი განცხადება და გუშინდელი დღე, როცა სავალუტო ბაზარზე აშკარად შეიმჩნევა სტაბილიზაცია. მინდა, შეგახსენოთ, რომ გუშინდელ განცხადებამდე და განცხადებების კასკადამდე, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, სავალუტო აუქციონზე გარიგებები დასრულდა 2.16 კურსით, რაც ცალსახად მიუთითებს სავალუტო კურსის სტაბილიზაციაზე და იმაზე, რომ ყველაფერი მიდის სწორად და მიდის დამშვიდებისკენ. კურსთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა გარემოებას, რომ ლარის კურსის გაუფასურება გამოწვეულია ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორებით, ლარი გაუფასურდა 30%-ით, სამწუხაროდ. მაგრამ ამ გაუფასურებამ გარკვეული პერიოდის შემდეგ უკვე დაიწყო ასახვა იმპორტზე, შესაბამისად, ჩვენ ველოდებით, რომ იმპორტი შემცირდება, რაც შეამცირებს ნეგატიურ გავლენას კურსზე, რაც შეამცირებს მოთხოვნას უცხოურ ვალუტაზე და ლარს ექნება სტაბილიზაციის და შემდგომი გამყარების ტენდენცია.

მინდა, მოვუწოდო ხელისუფლების წარმომადგენლებს, მთავრობის წარმომადგენლებს, მმართველი პოლიტიკური კოალიციის წარმომადგენლებს, შეწყვიტონ მყისიერად თავდასხმა ეროვნულ ბანკზე, ასეთი თავდასხმები ვნებს და აზიანებს არა მე, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, არამედ ურტყამს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, ის ვნებს ინვესტორების განწყობებს და კონტრპროდუქტიულია იმ პროცესების პარალელურად, რაც დღეს ვითარდება.

ახლა არ არის გადაბრალების დრო, ახლა არ არის განტევების ვაცის ძებნის დრო, ახლა არის დრო სწრაფი და ეფექტური ნაბიჯების განხორციელების, რომლის მიზანი უნდა იყოს სავალუტო შემოდინებების გაზრდა იმ წყაროებიდან, რომლებზეც ჩვენ გვაქვს გავლენა, რაც საბოლოო ჯამში გამოიწვევს ლარის კურსის შემდგომ გამყარებას და შვებას მისცემს იმ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც მნიშვნელოვნად დაუმძიმდა სესხის ტვირთი", - თქვა ქადაგიძემ ბრიფინგზე.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ დანიშნულმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ თავისი უმოქმედობითა და არასწორი ქმედებებით მიგვიყვანა ეროვნული ვალუტის კრიზისამდე". მისი განცხადებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ოფიციალური რეზერვების მხოლოდ 5%-მდე დახარჯა, რაც შედეგს ვერ გამოიღებდა. ყოფილი პრემიერი აღნიშნავს, რომ "ყველა ობიექტური ფაქტორის გათვალისწინებით, დღეს ლარის გაცვლითი კურსი არ უნდა აღემატებოდეს 2.0 ლარს". ორგანიზაცია მოქალაქის დამფუძნებელი მოუწოდებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, "შეასრულოს კონსტიტუციური მოვალეობა და გადადგას ადეკვატური ნაბიჯები".

ბიძინა ივანიშვილის განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, ეროვნული ბანკი უმრავლესობის წევრებმა და ასევე ეკონომიკის მინისტრმა გააკრიტიკეს.

საგულისხმოა, რომ აღნიშნულ განცხადებამდე ივანიშვილი საპირისპიროს ამტკიცებდა და ამბობდა, რომ ეროვნულმა ბანკმა დროულად გააკეთა ინტერვენცია, ლარი ჯანსაღად იქცევა და ა.შ.

კომენტარები