ბორის ნემცოვის მკვლელობა

ობამა: მოვუწოდებთ რუსეთს, სწრაფად გამოიძიოს ნემცოვის საზარელი მკვლელობა

worldtribune.com

აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, "ამერიკის შეერთებული შტატები გმობს ბორის ნემცოვის საზარელ მკვლელობას". აშშ მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, ჩაატაროს სწრაფი, ობიექტური და გამჭვირვალე გამოძიება და უზრუნველყოს მკვლელობაში პასუხისმგებელი პირების გასამართლება. ბარაკ ობამას განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს.

"ნემცოვი იყო თავისი ქვეყნის დაუღალავი დამცველი, იბრძოდა თანამემამულე რუსი მოქალაქეების იმ უფლებებისთვის, რომლითაც ყოველი ადამიანია აღჭურვილი. მე აღფრთოვანებული ვიყავი ნემცოვის სიმამაცით, ებრძოლა რუსეთში კორუფციის წინააღმდეგ და ვაფასებდი მის სურვილს, გაეზიარებინა ჩემთვის თავისი გულწრფელი ხედვები, როდესაც ჩვენ შევხვდით მოსკოვში 2009 წელს. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ბორის ნემცოვის ოჯახს და რუს ხალხს, რომელმაც დაკარგა მათი უფლებების ერთ-ერთი ყველაზე თავდადებული და მჭერმეტყველი ქომაგი" - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

ცნობილი რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი 27 თებერვალს საღამოს მოკლეს. 55 წლის ბორის ნემცოვს მოსკოვის ცენტრში, კრემლთან ახლოს ზურგში ოთხჯერ ესროლეს. პოლიტიკოსი ქალბატონთან ერთად სეირნობდა, როდესაც რამდენიმე თავდამსხმელი მანქანიდან გადმოვიდა და მას ესროლა.

აღსანიშნავია, რომ როგორც 15 თებერვალს ნემცოვმა sobesednik.ru-სთან ინტერვიუში განაცხადა, მას ეშინოდა, რომ პუტინი მოკლავდა.

"ყოველ ჯერზე, როდესაც დედას ვურეკავ, ის მეუბნება: "როდის მორჩები პუტინის ლანძღვას? ის მოგკლავს!," სრულიად სერიოზულად"

ჟურნალისტის შეკითხვაზე - დედასთან მსგავსი საუბრების შემდეგ, ისიც ხომ არ შეიპყრო ასეთმა შიშმა, რომ უახლოეს მომავალში პუტინი პირადად, ან შუამავლის მეშვეობით მოკლავს, ნემცოვმა უპასუხა:

"იცით, დიახ...ოდნავ. ასე ძლიერად არა, როგორც დედას, მაგრამ მაინც.. თუმცა მე მისი არც ისე ძლიერად არ მეშინია. ძალიან რომ მეშინოდეს, ოპოზიციურ მარტიას სათავეში ალბათ არ ჩავუდგებოდი და არც იმით დავკავდებოდი, რასაც ვაკეთებ," - განაცხადა ბორის ნემცოვმა.

ვლადიმირ პუტინმა ბორის ნემცოვის მკვლელობას შეკვეთილი და პროვოკაციული უწოდა და საქმის გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანა.

კომენტარები