აფხაზეთის რკინიგზა

რურუა: აფხაზეთის რკინიგზით რუსული ტანკები საქართველოს გულში შემოგრიალდებიან

ტაბულა

"აფხაზეთ-სომხეთის რკინიგზა ძალიან ბევრ საფრთხეს შეიცავს", - ამის შესახებ საზოგადოება ივერიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნიკა რურუამ გადაცემა თეორემაში აღნიშნა. მისი თქმით, ამ საფრთხეთაგან სამი უმთავრესია - რუსეთისგან სამხედრო საფრთხე, საქართველოს მხრიდან აფხაზეთის ირიბი აღიარება და აზერბაიჯანთან ურთიერთობის გაფუჭება, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის კატასტროფა იქნება.

"პირველი არის სამხედრო საფრთხე. რუსეთი ამ რკინიგზის გახსნის მერე საათების განმავლობაში შემოიყვანს საქართველოს გულში ტანკების უზარმაზარ კოლონას. მას ჰყავს 2300-მდე ტანკი. აქედან ნახევარი ახლა უკრაინაშია. მაგრამ, ის ათასი ტანკი ამ რკინიგზის გახსნის შემდეგ ყოველგვარი ბრძოლების გარეშე პირდაპირ შემოგრიალდება შუა საქართველოში.

მეორე საფრთხე არის აფხაზეთის ირიბი აღიარება და ჩვენი არაღიარების პოლიტიკის უარყოფა. ჩვენ თუ შევალთ სამართლებრივ ურთიერთობაში სეპარატისტულ მთავრობასთან, რომელიც ამ წუთასაც ატარებს რასისტულ, ეთნო-ცენტრისტულ და აბსოლუტურად აპარტეიდულ პოლიტიკას ქართველების მიმართ აფხაზეთში, მათ ირიბად ვაღიარებთ, როგორც რაღაც ლეგიტიმურ წარმონაქმნს. ამის გაკეთება არ შეიძლება, თორემ ეს იქნება არაღიარების დასამარება.

მესამე, ამ რკინიგზის გახსნით საშინლად გავაფუჭებთ ურთიერთობას აზერბაიჯანთან. ჩავთვალოთ, რომ დავემშვიდობოთ იაფ გაზს და ყველაფერს, რასაც ეს ქვეყანა მართლაც სტრატეგიული და მეგობრული მზადყოფნით გვიკეთებს. ყველაფერი ეს ამის შემდეგ აზერბაიჯანთან კომერციული ფასებით იქნება ჩვენთვის შემოთავაზებული და ეს საქართველოს ეკონომიკისთვის კატასტროფა იქნება", - თქვა ნიკა რურუამ.

კომენტარები