NATO - საქართველო

ხოშტარია: NATO-ს სასწავლო ცენტრი ნიშნავს, რომ NATO ფეხს დგამს საქართველოში

ტაბულა

"დღეს და ხვალ NATO იგეგმება და თუ ჩვენ დეკლარირებული გვაქვს NATO-ში გაწევრიანება, ჩვენი მესიჯი უნდა იყოს, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა შევიდეთ ამ ორგანიზაციაში", - აღნიშნა ორგანიზაცია GRASS-ის დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ ზურაბ აბაშიძის ნათქვამთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, დღეს და ხვალ საქართველოს NATO-ში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას.

"იმ უსაფრთხოების მდგომარეობიდან გამომდინარე, რაშიც ჩვენ ვიმყოფებით, მით უმეტეს უკრაინის ფონზე, ძალიან ბევრი არგუმენტი მოგვემატა იმისთვის, რომ ვამტკიცოთ, რომ სწორედ დღეს და ხვალ უნდა შევიდეთ NATO-ში. თუ ვინმე მსოფლიოში ამბობს, რომ ცოტა უნდა მოვიცადოთ, ჩვენ ამის საპასუხო არგუმენტები უნდა ვეძებოთ და არა ლავროვის დასამშვიდებელი ან რუსეთის დასამშვიდებელი მესიჯები გავაჟღეროთ ამ საკითხთან დაკავშირებით", - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ გადაცემა თეორემაში.

მისი თქმით, NATO-ს გადაწყვეტილებით გახსნილი სასწავლო ცენტრი საქართველოში ნიშნავს, რომ ორგანიზაცია პირველად, უკვე ინსტიტუციურად, დგამს ფეხს ქვეყანაში და ამას საქართველოს უსაფრთხოებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამ ფონზე კი მთავრობა რუსეთს ამშვიდებს, რომ ქვეყანაში NATO-ს ინფრასტრუქტურა არ განთავსდება.

"NATO-სთან ერთად გახსნილი და NATO-ს გადაწყვეტილებით გახსნილი სასწავლო ცენტრი საქართველოში, ეს არის NATO-ს ინფრასტრუქტურა საქართველოს მიწაზე. ამ ცენტრის გახსნის ერთ-ერთი იდეა ის იყო, რომ NATO პირველად, უკვე ინსტიტუციურად, ფეხს დგამს ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი დაინტერესება უნდა იყოს, რომ ამას უბრალოდ სასწავლო ცენტრი კი არ ვეძახოთ, არამედ NATO-ს შემოსვლა, თან სამხედრო კომპონენტით, ჩვენს ტერიტორიაზე, რაც აძლიერებს ჩვენს უსაფრთხოებას რუსეთის საფრთხის წინაშე. ამ ფონზე ჩვენ ვამშვიდებთ რუსეთს და ვეუბნებით, რომ არანაირი ინფრასტრუქტურა არ იქნება. ესეთი ფორმულა შემოგვთავაზა საქართველოს მთავრობამ, რომ თუ რუსეთი ძალიან გაღიზიანდება, მზად ვართ შევარბილოთ ეს მიმართულება", - თქვა ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის თქმით, NATO-სთან თანამშრომლობა არ არის მიმართული იმისკენ, რომ საქართველოში ალიანსის სამხედრო ინფრასტრუქტურა განთავსდეს. როგორც მან აღნიშნა, ასეთი გეგმები ბუნებაში არ არსებობს.

კომენტარები