ირაკლი ღარიბაშვილის პრესკონფერენცია

ღარიბაშვილი IRI-ის კვლევაზე: რეიტინგები არის უსაქმური ხალხის საქმე

facebook.com/GaribashviliOfficial

რეიტინგები არის უსაქმური ხალხის საქმე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა IRI-ის კვლევაზე კომენტირებისას, დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ღარიბაშვილის განცხადებით, რეიტინგებს ის დიდ ყურადღებას არასდროს აქცევდა და, მისი აზრით, ის მინისტრები, პარლამენტარები თუ მთავრობა, რომლებიც მხოლოდ რეიტინგებზე ფიქრობენ და ოცნებობენ, გულწრფელები არ არიან.

პრემიერმინისტრის თქმით, ასევე ცალკე განსჯის საგანია, ვინ აკეთებს ამ რეიტინგებს, რა მეთოდოლოგიაა და ვინ ასრულებს ამ სამუშაოს.

„მე და საზოგადოებას გვაქვს კითხვები, ვინ ასრულებს ადგილზე სამუშაოებს. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ატარებს ამ რეიტინგებს, მთავარია ვინ აკეთებს, ადგილზე ვინ ასრულებს რეიტინგებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის განცხადებით, რეიტინგებზე მხოლოდ უსაქმური ხალხი ფიქრობს, მისი საზრუნავი კი საქართველოს კეთილდღეობაა.

„ჩვენ არა რეიტინგებზე, არამედ იმაზე უნდა ვიფიქროთ, როგორ შევუმსუბუქოთ მოსახლეობას მდგომარეობა. ჩემთვის საზრუნავი არის ლარის კურსი, როგორ გავზარდოთ ეკონომიკა, შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილები, რეიტინგები არის უსაქმური ხალხის საქმე. ვისაც არ აქვს საქმე, ის არის დაინტერესებული რეიტინგების ზრდით და კლებით. ასე რომ, მე მოვუწოდებ ყველა უსაქმურს, დაკავდნენ რეიტინგებით“, - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები