ბიუჯეტი

პრემიერი: ბიუჯეტის შემოსულობები გადაჭარბდა 106 მილიონი ლარით

facebook.com/GaribashviliOfficial

დღევანდელ მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიუჯეტის შესრულებაზე ისაუბრა. მისი თქმით, პირველ კვარტალში გადაჭარბდა ბიუჯეტის შემოსულობები, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები, საგადასახადო შემოსავლები.

"მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები გადაჭარბდა 106 მილიონი ლარით და 2 305 000 000 ლარი შეადგინა, რაც პირველი კვარტლის გეგმის 104.8%-ია. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები გადაჭარბდა 81 მილიონი ლარით. რაც პირველი კვარტლის გეგმის 104.4%-ია. საგადასახადო შემოსავლები გადაჭარბებული არის 48 მილიონი ლარით, რამაც შეადგინა პირველი კვარტლის გეგმის 102.7%. ხარჯვით ნაწილში გვაქვს 97%-იანი შესრულება. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ბიუჯეტიდან კაპიტალურ პროექტებზე გაწეულმა ხარჯებმა შეადგინა 174 მილიონი ლარი, რაც არის პირველი კვარტლის გეგმის 108.6%. და ბოლოს, მე მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთმა შეადგინა 643 მილიონი ლარი, რაც დაგეგმილზე 172 მილიონი ლარით მეტია.

პირველ კვარტალში ბიუჯეტი არის პროფიციტული. აქვე მინდა, განსაკუთრებით აღვნიშნო ბატონი შავლიაშვილის მუშაობა და მისი ეფექტიანობა. თქვენი სამინისტროს შესრულება შეადგენს 107%-ს. ეს არის რეკორდული მაჩვენებელი. მსგავსი შესრულება თქვენს სამინისტროს გასულ წლებში არ ჰქონია. წინა წელს იყო 94%, 89%- 84% ნაციონალური მოძრაობის დროს. ასე რომ, გილოცავთ.
სხვა სამინისტროებს აქვთ ასევე კარგი შეფასებები. ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს. არის სამინისტრო, რომელსაც ბოლომდე არ აქვს ათვისებული, მაგრამ მინდა, კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ, რომ გაააქტიუროთ ხარჯვა. თუმცა, პროგრესი სახეზეა", - თქვა პრემიერმინისტრმა.

პრემიერმინისტრს შემდეგ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მიმართა:

"თქვენ უკვე ბრძანეთ, ბატონო პრემიერმინისტრო, რომ პირველი კვარტლის შედეგები არის მართლაც ძალიან კარგი. საგადასახადო შემოსავლები წლიური გეგმის 24.1%-ია. ასეთი მაღალი მაჩვენებელი წლის პირველ კვარტალში, პრაქტიკულად, არასოდეს არ ყოფილა. ეს ნიშნავს, რომ ფისკალური სამსახურები კარგად მუშაობენ. თქვენ ბრძანეთ, რომ ბიუჯეტი არის უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც პროფიციტული. ჩვენ დავპირდით, რომ ბიუჯეტს არ ექნებოდა გაცვლით კურსზე ზეგავლენა, იმიტომ, რომ ჩვენ ამოვიღეთ უფრო მეტი თანხა, ვიდრე დავხარჯეთ და ამავე დროს, პრაქტიკულად, ყველა სამინისტროს ხარჯვა არის 90%-ზე მაღალი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მაღალია კაპიტალურ პროექტებში ხარჯვები, რაც ეკონომიკის განვითარებას ხელს უწყობს. ამავე დროს, მინდა, გითხრათ, რომ გამოსწორებულია ექსპორტ-იმპორტის მდგომარეობა, ოპერატიული მონაცემები გვაქვს და ვფიქრობ, რომ ამ მასალებს ძალიან მალე სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან ერთად გამოვაქვეყნებთ", - უთხრა ხადურმა ღარიბაშვილს.

კომენტარები