მაუსის ოთხი დაწკაპუნების თეორია
დაკავშირებული:
ინფორმაციის შენახვის რევოლუციური მეთოდი
მობილური ტელეფონის მიმწოდებელი კომპანიების რეიტინგი
სოციალური ქსელები და ინტერნეტის 1%-ის კანონი
გასულ კვირას გაზეთმა New York Times-მა მილანის უნივერსიტეტის კვლევითი ჯგუფის შედეგები მთელ მსოფლიოს ახარა. მილანელმა მეცნიერებმა სპეციალური ალგორითმი შეიმუშავეს, რომელიც სოციალური ქსელის, Facebook-ის მომხმარებლების სამეგობრო წრეს აკვირდება და მათ შორის კავშირებს შეისწავლის. გამოთვლამ ერთ თვეზე მეტ ხანს გასტანა, კვლევის ფარგლებში დაამუშავეს რამდენიმე ასეული მილიონი მომხმარებლის მეგობრების სია და შედეგი დამაფიქრებელი აღმოჩნდა: დაშორების ხარისხი Facebook-ში შეადგენს არა ექვსს, როგორც მოსალოდნელი იყო, არამედ 4.74-ს. განვითარებულ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი ოთხს უდრის, განვითარებად ქვეყნებში კი – ხუთს. მიუხედავად იმისა, რომ სკეპტიკოსთა ნაწილი გამოქვეყნებულ შედეგებს ეჭვის თვალით უყურებს, გლობალიზაციის ევანგელისტები ამ ფაქტს დიდი სიხარულით შეეგებნენ, ვინაიდან უკანასკნელ ორმოცდაათ წელიწადში დაშორების ხარისხის კლება უშუალოდ მიანიშნებს გლობალიზაციის სიჩქარის ზრდაზე. ადამიანები უფრო და უფრო მეტ კავშირებს ამყარებენ უცხოელებთან, აღარ არიან ჩაკეტილები საკუთარი ქვეყნისა და კულტურის ჩარჩოებში, შესაბამისად, უფრო მეტი ურთიერთობის ძაფი იბმება ციმბირის ტუნდრიდან ამაზონის ტყეებამდე, გრენლანდიის სოფლებიდან ახალი ზელანდიის კუნძულებამდე და ა.შ.
სტენლი მილგრამის აღმოჩენას, გასულ საუკუნეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მეცნიერების საზღვრებს გაცდა. უმრავლესობამ ამის შესახებ ჰოლივუდში 1993 წელს გადაღებული ფილმის წყალობით იცის, სადაც უილ სმიტის პერსონაჟი თავს სიდნი პუატიეს შვილად ასაღებს და მდიდარ ნიუ იორკელებს ქურდავს. მილგრამის ძალისხმევითა და ჰოლივუდური კინონამუშევრის წყალობით „დაშორების ექვსი ხარისხი” მჭიდროდ დამკვიდრდა ინგლისურში, როგორც გლობალური სოფლის საზომი, თუმცა Facebook-ის მაგალითმა ცხადყო, რომ ეს ტერმინი ცვლილებას საჭიროებს. ციფრული ეპოქის მკვლევრები, ერთი მხრივ, მაუსის ოთხი დაწკაპუნების თეორიაზე ალაპარაკდნენ, რომელიც მათი განმარტებით, გლობალური ქსელის საზომია, მეორე მხრივ კი, განსჯა დაიწყეს მომავლის ტექნოლოგიების რაობისა და გვარობის შესახებ. ეს უკანასკნელი დაშორების ხარისხს კიდევ უფრო შეამცირებს და ჩვენ ერთმანეთთან კიდევ უფრო დაგვაახლოებს. ტელეგრაფი-ტელეფონი-ტელევიზორი-ელ.ფოსტა-ინტერნეტი... რა იქნება შემდეგი?! − გაისმის აქა-იქ ხმა მღაღადებელი ინტერნეტსა შინა, რომელსაც Facebook-ის 700 მილიონი მომხმარებლის მაუსის წკაპუნი ახშობს.

დეკემბერი 1, 2011 at 5:34 PM
უცებ გამახსენდა ფეისბუქზე friend request-ში დათანხმების დროს რომ გვეკითხება იცნობთ თუ არა ამ ადამიანსო…
ალბათ “დაშორების ხარისხის” პოვნისთვის ჭირდებათ
დეკემბერი 2, 2011 at 10:58 AM
საინტერესო სტატიაა!