თემურ აბაზოვის საქმე

საია: არ გამოვრიცხავთ, რომ აბაზოვი არჩევნებისთვის გაამართლეს და მარნეულში მისი იმედი აქვთ

0 comments
Photo: ტაბულა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განმარტებით, სამართლებრივად მარნეულის ყოფილი მერის გამტყუნება შესაძლებელი იყო. ორგანიზაციის აზრით, არ არის გამორიცხული, რომ თემურ აბაზოვის გამართლება 2020 წლის არჩევნებს უკავშირდებოდეს და ხელისუფლება მარნეულში სწორედ მასზე ამყარებდეს იმედს.

"თეიმურაზ აბაზოვი არ არის ჩვეულებრივი და რიგითი ადამიანი, მარნეულში მისი სტატუსის და როლის გათვალისწინებით, ჩვენ, მათ შორის, არ გამოვრიცხავთ იმას, რომ ამ გადაწყვეტილებას გარკვეული საარჩევნო დატვირთვა ჰქონდეს და ხელისუფლება ასეთ ადამიანებზე ამყარებდეს იმედს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს", - თქვა დღეს გამართულ ბრიფინგზე საია-ს თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ პროკურატურამ სასამართლო პროცესების ბოლო ეტაპზე, პრაქტიკულად, დაუსაბუთებლად აბაზოვს წარდგენილი ბრალდება შეუმცირა, რაც უკვე იყო ეჭვის საფუძველი. საუბარია პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების მუხლის მოხსნაზე, რადგან პროკურატურამ მიიჩნია, რომ თავდაპირველად წარდგენილი მუხლი, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა ამ დანაშაულს ისედაც მოიცავდა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, ამან მოახდინა გავლენა სასამართლო გადაწყვეტილებაზეც. თუმცა, საია-ში მიიჩნევენ, რომ მიუხედავად ამისა, დარჩენილ ბრალში არსებული მტკიცებულებებიც იძლეოდა აბაზოვის გამტყუნების საფუძველს.

"იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულის ინტერესებს ჩვენ პრაქტიკულად გამოძიების დაწყების მეორე დღიდან ვიცავდით და ჩვენთვის ცნობილია საქმის მასალები და მტკიცებულებები, იქნება ეს ექსპერტიზების დასკვნები, მოწმეების ჩვენებები თუ სხვა, მიგვაჩნია, რომ არსებობდა საკმარისი საფუძველი, მარნეულის ყოფილი მერი, თეიმურაზ აბაზოვი ყოფილიყო გამტყუნებული ამ საქმეში", - ამბობენ საია-ში.

2018 წლის 12 ივნისს, სტუდია მონიტორმა გაავრცელა ინფორმაცია და შესაბამისი ვიდეო მასალა, რომ მარნეულის იმჟამინდელმა მერმა, თემურ აბაზოვმა მარნეულში მცხოვრებ მოქალაქეს, ელჩინ ალახვერდიევს ბოდიშის მოხდა და სახეზე შარდის წასმა აიძულა.

აბაზოვი მეორე დღეს დააკავეს. რამდენიმე თვის შემდეგ, 2018 წლის 13 დეკემბერს მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის ნაცვლად 10 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა და გათავისუფლდა.

12 თებერვალს კი ის რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაამართლა. მას ბრალი ჯგუფურად დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის მუხლით ჰქონდა წარდგენილი. გამამართლებელი განაჩენი დადგა თემურ აბაზოვთან ერთად ბრალდებული სამი პირის - პარლამენტის წევრ აზერ სულეიმანოვის, ქართული ოცნებიდან მარნეულის საკრებულოს წევრის, რამინ ალახვერდიევის და მარნეულის მერის ნათესავის ე.გ.-ს მიმართაც.

აღსანიშნავია, რომ თემურ აბაზოვი, ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრი იყო. ამას როგორც ერთობლივი ფოტოები, ისე დოკუმენტებიც მოწმობს. ამასთან, სასამართლო განხილვების პროცესში ის ათლეტიზმის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად დანიშნეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

Robbie Williams Mocks Vladimir Putin in his new Music Video

Comments

Log in or Register