გიგი უგულავას დაპატიმრება

მინიმუმ 30 კრიტიკული განცხადება - დასავლეთის რეაქცია გიგი უგულავას დაპატიმრების შემდეგ

0 comments

გიგი უგულავას დაპატიმრების შემდეგ ქართული ოცნება სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან კრიტიკის ქვეშ მოექცა. თბილისის ყოფილი მერის საქმეს საელჩოები, საერთაშორისო ორგანიზაციები, კონგრესმენები, სენატორები, ევროპარლამენტარები და ექსპერტები გამოეხმაურნენ. 

  1. "აშშ-ის საელჩო იმედგაცრუებულია იმით, რომ ოპოზიციის ლიდერის მიმართ გუშინ გამოტანილი განაჩენისა და თავისუფლების აღკვეთის დრო და კონტექსტი დიალოგს რისკის ქვეშ აყენებს. დიალოგის წარმატებულად გაგრძელებისთვის ხელშემწყობი გარემო მოითხოვს დამოუკიდებელ, გამჭვირვალე სასამართლო სისტემას, რომელიც თავისუფალია პოლიტიკური ზეგავლენისგან" - წერს აშშ-ის საელჩო. 
  2. "ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას ბადებს, როგორც პროცესის მიმართ, ასევე დროსთან დაკავშირებით. ამას, ასევე, გავლენა აქვს საარჩევნო სისტემის შესახებ დიალოგზე, რომლის მიზანია ქართველი ამომრჩევლის ნდობის მოპოვება"- წერს დიდი ბრიტანეთის საელჩო.
  3. "ჩემს კოლეგებთან ერთად ევროკავშირიდან, საშუალება მქონდა, ვერდიქტს გავცნობოდი და დეტალურად განმეხილა. ჩვენ ყველას განაჩენის გარემოებებთან დაკავშირებით შეკითხვები გვაქვს. ვეთანხმებით იმას, რომ ეს მოვლენა პოლიტიკური დიალოგის გაგრძელებას ხელს არ შეუწყობს, რომელიც არსებული პოლარიზაციის განსამუხტადაა გამიზნული" - თქვა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა. 
  4. "დღეს ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა დაიჭირეს. მას 38 თვე მიუსაჯეს იმ დანაშაულისთვის, რისთვისაც სასჯელი უკვე მოიხადა. მსუბუქი ნათქვამი იქნება, რომ ეს უბრალოდ გვაწუხებს. სასამართლოს იარაღად გამოყენება, დემოკრატია არაა" - დაწერა აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერმა. 
  5. "იმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველომ აირჩია გზა გაზარდოს პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე. როგორც გასულ კვირას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ვუთხარი, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ჩამოშლა და ოპოზიციის დევნა - მიუღებელი საქციელია" - წერს აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჯეიმს რიში. 
  6. "სასამართლო დამოუკიდებლობის უმაღლესი სტანდარტების დაცვა, სამართლიანი პროცესი და კანონის უზენაესობა საქართველოს არსებითი ვალდებულებებია ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით. უგულავას ვერდიქტის გარშემო არსებული გარემოებები პოლიტიკური დიალოგის წინსვლას ხელს არ უწყობს" - წერს ევროკავშირის საგარეო სამსახური. 
  7. "ვიზიარებ საერთაშორისო საზოგადოების გაზრდილ შეშფოთებას საქართველოში განვითარებულ ბოლო მოვლენებზე, რომელმაც ხელი შეუწყო მნიშვნელოვანი დიალოგის ჩაშლასა და მოვუწოდებ ყველა მხარეს, თავიდან ჩაერთოს ამ პროცესში" - წერს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) დირექტორი ინგებორგ გისლადოტირი
  8. "შეშფოთებული ვარ უგულავასთვის პატიმრობის მისჯითა და საქართველოს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიზანში ამოღებით. სასამართლო სისტემა არ შეიძლება იყოს გამოყენებული პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. მმართველმა ელიტამ უნდა უზრუნველყოს სამართლიანი კონკურენცია. კანონის უზენაესობა არსებითია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით" - დაწერა ევროპული საბჭოს ყოფილმა და ევროპის სახალხო პარტიის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა. 
  9. "შვედეთი უგულავას საქმის გარშემო არსებული გარემოებების გამო ევროკავშირის შეშფოთებას იზიარებას. როგორც საქართველოს ახლო მეგობრები, მოგიწოდებთ, გადადგათ ნაბიჯები პოლარიზაციის შესამცირებლად და დაიცვათ უმაღლესი სტანდარტები დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხრივ"- წერს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ან ლინდე.
  10. "გიგი უგულავას წინააღმდეგ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას შეშფოთებით ვადევნებთ თვალ-ყურს. ამ განაჩენის ირგვლივ არსებული გარემოებები ხელს არ უწყობს დიალოგის განვითარებას, რომელიც მიმართულია საქართველოსთვის ასე საჭირო პოლიტიკური ვითარების დეპოლარიზაციისთვის"- წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. 
  11. "შეშფოთებული ვარ სასამართლოს გადაწყვეტილებით, შეეფარდოს პატიმრობა გიგი უგულავას, ევროპული საქართველოს ერთერთ ლიდერს. სასამართლო არ უნდა გამოიყენებოდეს ოპოზიციის დევნისთვის, ეს დემოკრატიული საზოგადოებების ვალდებულებაა" - წერს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი.
  12. "დამოუკიდებელი და ზეპარტიული სასამართლო სისტემა, რომელსაც აქვს საზოგადოების ნდობა, არსებითი საყრდენია ნებისმიერი დემოკრატიისთვის. ეს ასევე საქართველოს მხრიდან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში დადებული პირობაცაა. სამწუხაროდ, ბატონი უგულავას საქმეზე უზენაესი სასამართლოს განაჩენი გადაწყვეტილების პროცედურასთან, დროის შერჩევასთან და მოტივაციასთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს. ამასთან, ეს ასევე აღრმავებს დაძაბულობას საქართველოში არსებულ ისედაც რთულ პოლიტიკურ გარემოში" წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი (EPP, DE), ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოციაციის კომიტეტის დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი (S&D, EE) და საგარეო საქმეთა კომიტეტის საქართველოს საკითხებზე მომხსენებელი სვენ მიკსერი (S&D, EE).
  13. "საქართველოს მთავრობამ უნდა შეწყვიტოს მართლმსაჯულების სისტემის გამოყენება დემოკრატიული ოპოზიციის გასაჩუმებლად. განახლებული ევროპის პოლიტიკური ჯგუფი ევროპარლამენტში, გმობს გიგი უგულავას მიმართ დამდგარ განაჩენს, რომელსაც 38-თვიანი პატიმრობა იმავე საქმეზე შეეფერდა, რაზეც სასჯელი უკვე მოხდილი აქვს" - წერია ევროპარლამენტში "განახლებული ევროპის" პოლიტიკური ჯგუფის საერთო განცხადებაში. 
  14. "დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების განუყოფელი შემადგენელია. კანონის უზენაესობის დასამყარებლად და მართლმსაჯულების სისტემის მიმართ მოსახლეობის ნდობის აღსადგენად საჭიროა ამ მოცემულობის სერიოზულად მიღება. ვიმედოვნებ, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ახლო ურთიერთობები შენარჩუნდება და გავაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად" - წერს "განახლებული ევროპის" პოლიტიკური ჯგუფის წევრი, ევროპარლამენტარი, კარენ მელჩიორი. 
  15. "შემაშფოთებელია ამბავი, რომ საქართველოში ოპოზიციონერ პოლიტიკოსს აპატიმრებენ, იმიტომ, რომ საქართველო არ არის დიქტატურა. საქართველო არის მეგობარი დემოკრატია, რომელსაც გვინდა მხარი დავუჭიროთ. გთხოვთ, არ დაგვაკარგვინოთ თქვენი იმედი" - წერს "განახლებული ევროპის" პოლიტიკური ჯგუფის წევრი, ევროპარლამენტარი ბერნარ გუეტა.
  16. "ახალი ვერდიქტი გიგი უგულავას წინააღმდეგ მას შემდეგ გამოცხადდა, რაც გასული წლის ნოემბერში მთავრობამ მშვიდობიანი საპროტესტო აქციები დაშალა. ჩვენ მკაფიოდ უნდა დავანახოთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარება მიუღებელია. ოპოზიციური ხმა არ უნდა იყოს დადუმებული და რეფორმები უნდა გაგრძელდეს" - წერს "განახლებული ევროპის" პოლიტიკური ჯგუფის წევრი, ევროპარლამენტარი რამონა სტრუგარიუ.
  17. "ოპოზიციის ერთერთი ლიდერის, გიგი უგულავას, დაკავების შემდეგ, ჩვენ გვაღელვებს საქართველოს დემოკრატიის უკუსვლა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სულ ცოტა ხნის წინ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ლიდერი იყო. ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ მმართველ პარტიას და მის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს, გამოავლინოს კეთილი ნება და ღიაობა და საფუძვლინად ჩაებას ოპოზიციასთან პოლიტიკური დიალოგის პროცესში" - წერს ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის, "განახლებული ევროპის", წევრი, პეტრას ოუშტრავიჩუსი. 
  18. "საქართველოში კრიტიკული ვითარებაა, ძალიან პოლარიზებული, რაც მეტწილად გამოწვეულია ბიძინა ივანიშვილის მიერ. გადაწყვეტილებას მთავრობა და პარლამენტი კი არა, სწორედ ის იღებს, თან ისეთს, რომელიც მას აწყობს და არა ქვეყანას. ეს ძალიან ცუდია საქართველოსთვის" - თქვა გერმანელმა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონკრამონ ტაუბადელმა. 
  19. "გიგი უგულავას დაკავება არის მოვლენა, რომელიც ძირს უთხრის პოლიტიკურ ნდობას, განსაკუთრებით კი ოპოზიციური პარტიების მხრიდან. მომხდარი, რა თქმა უნდა, გაართულებს წინსვლას საარჩევნო კანონმდებლობისა და ზოგადად, არჩევნების პროცესთან დაკავშირებით" - ამბობს ესტონელი ევროპარლამენტარი სვენ მიკსერი.
  20. "როგორც ჩანს, სასამართლოს იყენებენ ოპოზიციის წინააღმდეგ, ამას კი საერთო არაფერი აქვს არც დემოკრატიასთან და არც კანონის უზენაესობასთან" - ამბობს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე.
  21. "საქართველოდან სამწუხარო ამბები მოდის. არჩევნების წინ, ოპოზიციის ლიდერი გიგი უგულავა ისევ ციხეშია. ჩვენ გვესმის სხვა ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ აღძრულ საქმეებზეც. ძნელი დასაჯერებელია, რომ ისინი პოლიტიკურად მოტივირებული არ არის. საფრთხეში აგდებს კონსენსუსს საარჩევნო რეფორმის შესახებ" - წერს ევროპარლამენტარი, ევროპის სახალხო პარტიის წევრი, მაიკლ გალერი.
  22. "ჩვენ დღეს კენჭისყრაზე ჩავაგდეთ ევროპის კავშირსა და საქართველოს შორის საპარლამენტო შეხვედრის საბოლოო განცხადება. ეს არ არის გზავნილი ქართველი ხალხისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ თქვენი ევროპული გზის მხარდაჭერას. ეს არის გზავნილი საქართველოს მთავრობისთვის, რომ ჩვენ ვხედავთ წინააღმდეგობებს და მათ სერიოზულად ვიღებთ" - წერს ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა. 
  23. "რა თქმა უნდა, განვიხილეთ გიგი უგულავას საქმე და სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც, როგორც გარედან ჩანს, ძალიან არადროული ვერდიქტია. მაინტერესებდა ამ საქმის დეტალები - რატომ დასჭირდა შვიდი წელი და რატომ გამოიტანეს განაჩენი არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე" - ამბობს ნიდერლანდელი ევროპარლამენტარი კატი პირი.
  24. "ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოში ბოლო პოლიტიკური განვითარებით. ქვეყანას პოლიტიკური რევანშების დიდი გამოცდილება აქვს. დასანანია, რომ წარსული მტკივნეული აწმყო ხდება. ნებისმიერი პოლიტიკური აქტორი, და უგულავა ერთერთი საკვანძო ფიგურაა, მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იჯდეს და არა - ციხეში" - წერს ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი. 
  25. "რა თქმა უნდა, არსებობს იმედგაცრუება ქვეყანაში განვითარებული ბოლო მოვლენების ჭრილში, ახალი საარჩევნო კანონის ჩაგდებამ იმედი გაგვიცრუა არა მხოლოდ ევროპარლამენტარებს, არამედ ქართველ ხალხს" - ამბობს ევროპარლამენტარი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი მარინა კალიურანდი.
  26. "საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს ძირი გამოუთხარა თავად ივანიშვილის მიერ დაგეგმილმა ქმედებებმა. თუ მას გადაწყვეტილი აქვს კუნთები ათამაშოს და აღარ ანაღვლებს რა რეაქცია ექნება შეერთებულ შტატებს, მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე აღარ უნდა ჩამოვიდნენ ვაშინგტონში და ქართულმა ოცნებამ აქ არც დელეგაცია უნდა გამოაგზავნოს" - ამბობს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარი დევიდ კრამერი. 
  27. "საქართველოს დემოკრატია ზეწოლის ქვეშაა. დემოკრატიაში, ადმინისტრაციულ და სასამართლ ინსტიტუტებზე სახელმწიფოს კონტროლი, დემოკრატიული პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ იარაღად არ შეიძლება იყოს გამოყენებული" - ამბობს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის [IRI] პრეზიდენტი, დენიელ ტვაინინგი.
  28. "ამ ყველაფრის მიღმა ჩემთვის ჩნდება კითხვები პოლიტიკურ მოტივაციაზე, თან ახლოვდება არჩევნები. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ უგულავამ უკვე მოიხადა სასჯელი ანალოგიური ბრალდებით და თან ეს ბრალდებები ათი წლის წინანდელია, ჩნდება რეალური კითხვა ახლა რატომ წაუყენეს [ბრალი]" - თქვა აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, მრჩეველმა თავდაცვის საკითხებში, მაიკლ კარპენტერმა.
  29. "ყველაზე მძიმე შედეგი, რაც შეიძლება დადგეს დემოკრატიული უკუსვლის შემთხვევაში, ისაა, რომ საქართველოს შეიძლება შეუმცირდეს ან შეუწყდეს ზოგიერთი დახმარება. შეიძლება საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერაც შეამციროს" - ამბობს აშშ-ის არმიის ომის კოლეჯის პროფესორი, აშშ-ის არმიის (გადამდგარი) პოლკოვნიკი რობერტ ჰამილტონი. 
  30. "რა თქმა უნდა, ჩემი გზავნილი ბიძინა ივანიშვილისადმი უცვლელია, რომ ის არის პასუხისმგებელი ამ ვითარებაზე და, სამწუხაროდ, ის აზიანებს ევროპულ გზას, მაგრამ მაგიდასთან მყოფი ხალხი ქართული ოცნებიდან, ევროკავშირის წინააღმდეგ არ არიან. ასე რომ, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ [რაღაცები] უნდა გადაიაზრონ და პარტიის შიგნით უნდა ჰქონდეთ დისკუსია" - ამბობს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე.
  31. "კატეგორიულად ვგმობ ქართველი ოპოზიციური ლიდერის, გიგი უგულავას, დაპატიმრებას. ეს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისგან სწრაფვის უკუსვლის ძალიან შემაშფოთებელი ნიშანია. ნაცვლად დიალოგის გაძლიერებისა, მმართველი პარტია სასამართლოს ოპოზიციის წინააღმდეგ იარაღად იყენებს

    ", - წერს ევროპარლამენტარი, "ევროპის განახლების ჯგუფის" წარმომადგენელი რამონა სტრუგარიუ.

  32. "ევროპარლამენტში "ევროპის განახლების" ჯგუფი გმობს ქართველი ოპოზიციური ლიდერის, გიგი უგულავას, დაპატიმრებას ძველი დანაშაულისთვის, რომელზეც მან უკვე მოიხადა სასჯელი. ეს დემოკრატიული ინსტიტუტებისკენ საქართველოს სწრაფვის უკუსვლის ძალიან შემაშფოთებელი ნიშანია", - წერს ევროპარლამენტარი, "ევროპის განახლების ჯგუფის" წარმომადგენელი პეტრას აუსტრევიჩიუსი.
  33. "საქართველომ მინისტრების მთელი წყება გამოიცვალა, რომლებიც ქვეყანაზე ივანიშვილის კონტროლის ეფექტურ კონსოლიდაციას ახორციელებდნენ და ამ ბოლო დროს ივანიშვილის ოპოზიციის დაშინებასა და დაპატიმრებაზეც გადავიდნენ. ამის ბოლო მაგალითი ორშაბათს გამოჩნდა, როდესაც უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავას, 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა დანაშაულისთვის, რომელზეც ის უკვე იყო დაპატიმრებული. დაპატიმრების შედეგად ოპოზიციურმა პარტიებმა ივანიშვილის პარტიასთან მოლაპარაკებები შეწყვიტა", - წერს Bloomberg. 

  34. "სიტუაცია ბადებს გონივრულ კითხვებს საქართველოს სასამართლო სისტემაზე, რომელიც, როგორც ახლა ჩანს, პოლიტიკურადაა მოტივირებული და ამას ცუდი გავლენა აქვს დიალოგის წარმატებით გაგრძელებაზე საქართველოს მმართველ პარტიასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის", - დაწერა ლიტვის პარლამენტის წევრი, ლაურინას კასჩიუნასი.

  35. "პირველ რიგში, მან სასჯელი ერთხელ მოიხადა მსგავს ბრალდებებზე. მეორე ისაა, რომ არსებობს კითხვები უზენაესი სასამართლოს წევრების მიმართ, რომლებმაც ეს განაჩენი გამოიტანეს და მათ კავშირზე საქმის ისტორიასთან. მესამე ისაა, რომ თავად არ ესწრებოდა სასამართლოს, რაც არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მხარეების არგუმენტები შეფასდეს. ანუ, პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები არსებობს" - ამბობს საქართველოში დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი ალექსანდრა ჰოლ ჰოლი. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

Wrangle and Verbal Abuse in Georgian Parliament

Comments

Log in or Register