თეოლოგიის დოქტორი მალხაზ სონღულაშვილი

სონღულაშვილი: სტალინი, სტოკჰოლმის სინდრომი და წინასწარმეტყველური პარადიგმა

0 comments
მალხაზ სონღულაშვილი Photo: ტაბულა/გადაცემა ”საუბარი რელიგიაზე”

ვიცი, ჩვენში არც სულხან-საბას სულიერ მემკვიდრეობას ვწყალობთ მაინცდამაინც და არც ბიბლიის სიღრმეების ჩაწვდომაზე ვიკლავთ თავს, მაგრამ მე მაინც მინდა, რომ ამ ორ წყაროს მივაკითხო იმაზე სასაუბროდ, რაც მე უკვე კარგა ხანია მაწუხებს.

სულხან-საბამ, გეგონება ჩვენთვის იწინასწარმეტყველაო, ერთი საოცარი იგავი დაგვიტოვა მემკვიდრეობად. იგავს მაოხრებელი მკვდარი ქვია. მართალია ეს იგავი ყველას კარგად გვახსოვს, მაგრამ მინდა გავკადნიერდე და მისი ახლებურად გადმომღერებული ვერსია შემოგთავაზოთ. თარგმანის თეორიაში ამას ‘დინამიური ექვივალენტის’  თარგმანი ჰქვია.

"დიდი ხნის წინათ, ახლანდელი თურქეთის მიწა-წყალზე, კლარჯეთის მხარეში, ქართველები ცხოვრობდნენ. აქ ერთ ქართულ სოფელში იყო ერთი გოთვერანი გზირი, ანუ სახელმწიფო მოხელე. ეს კაცი იმისთანა ანჩხლი და უბედურის ერთი იყო, რომ მთელი სოფელი აკლებული და გამწარებული ყავდა. გზირს სული იმასში ამოსდიოდა, თუ როგორ დაებიზღებინა თავისიანები  თურქ ხელისუფლებთან და როგორ გაეღელიტვინებინა ისინი. ამის გამო თურქები თავიანთ კაცად თვლიდენ და უპირობოდ ენდობობნენ.

სიკვდილი ვის უყვარს, მაგრამ ვიდრე სიკვდილი არსებობს, მანამდე იმისი იმედიც არსებობს, რომ უხეირო ადამიანი  ადრე  თუ გვიან მოშორდება "ტურფასა საბაღნაროსა". ჰოდა ამ ჩვენს გზირსაც მოუვიდა სიკვდილის ჟამი. ვიდრე მიქელა წამოადგებოდა თავზე, დაიბარა მან თავისი თანასოფლელები და თავმოკატუნებულმა უთხრა:

‘მაპატიეთ, რომ მე მთელი ცხოვრება გამწარებდით, თქვენ კიდევ არასდროს გქონიათ შანსი, რომ ჩემთვის სამაგიერო  გადაგიხდიათ. ამიტომ, ღმერთს გაფიცებთ, როგორც კი მოვკვდები, ყელზე თოკი მომაბით და ქუჩა-ქუჩა მათრიეთ, მერე მომკიდეთ ხელი და ხეზე ჩამომკიდეთ!’

ხალხიც გაბრიყვდა. როგორც კი მოკვდა გზირი, მოკიდეს ხელი მის გვამს და სიტყვა-სიტყვით შეუსრულეს სურვლი: ქუჩა-ქუჩა ათრიეს მისი გვამი და მერე, თრევით რომ გული იჯერეს, ხეზე ჩამოკიდეს.

შემთხვევით იმ სოფელში გამოიარა ვიღაცა თურქმა მოხელემ და ნახა ხეზე ჩამოკიდებული გზირის გვამი. მაშინვე მთავრობას აცნობა: ამა და ამ სოფელში ჩვენი ერთგული გზირი ჩამოუხრჩვიათო ხეზე. ხელისუფლებამ მაშინვე მიუსია მოხელეები სოფელს და იმისთანა ჯარიმა აჰკიდა, რომ ლამის მთელ სოფელს ლუკმა-პური გაუხდა სანატრელი.

იმ სოფლის ხალხი მოდგნენ ამ სულძაღლ გზირსა და გულიანად აგინეს, თან ამბობდენ:“ამ, ოხერმა ცოცხალმა ხომ გაგვაუბედურა და მკვდარმა კიდევ სულ დედა გვიტირაო.”

ზუსტად იგივე ითქმის “ჩვენი ერის თვასლაჩინო შვილზე”, “ამხანაგ” იოსებ ბესარიონის ძე სტალინზე. ცოცხლამა ხო მართლა გაგვაუბედურა, მაგრამ მკდარმა ხომ სულ დედა გვიტირა.

მე რომ დავიბადე სტალინი უკვე  10 წლის მკვდარი იყო, მაგრამ ვგრძნობ, რომ მისი მსახვრალი გავლენისაგან არც მე ვარ თავისუფალი და არც ისინი, ვინც ჩემს შემდეგ მოევლინენ ამ სოფელს.

პირველად სტალინის სახელი როდის გავიგონე ჩემს ოჯახში არ მახსოვს. სკოლაში დესტალინიზაციის პროცესის გამო, მასზე იშვიათად ლაპარაკობდნენ. მისი პორტრეტები აკრძალული იყო. პირველად სტალინის სურათები ჩვენი მეზობლის ბიჭმა დამათვალიერებინა. მან მამისის სამუშაო ოთახიდან - მამამისი პოლიციელი იყო -  მოიპარა ორი მდიდრულად ილუსტრირებული ჟურნალი. ერთი ასახავდა სტალინის ცხოვრებას, ხოლო მეორე სტალინის დაკრძალვის ცერემონიალს. ჟურნალები ჩვენი სახლის სარდაფში ჩავიტანეთ მე და ხვიჩამ, ასე ერქვა ჩემს მეზობელს,  და ისეთი მალვითა და სიფრთხილით დავათვალიერეთ ეს ჯურნალები, როგორც პატარა ბიჭები ათვალიერებდნენ ხოლმე მაშინ სასტიკად აკრძალულ პორნოგრაფიას.

სწორედ მაშინ გავაკეთე დასკვნა: ჩავთვალე, რომ რაკი სახელმწიფოს არ მოსწონდა სტალინი, და რაკი ჩემს ოჯახს არ მოსწონდა სახელმწიფო, მაშინ სტალინი ჩვენი ოჯახისთვის მოსაწონი უნდა ყოფილიყო. შეცდომა მე ბევრი დამიშვია ცხოვრებაში, მაგრამ ეს პირველი პოლიტიკური შეცდომა იყო.

ჩემი მშობლები ეკლესიის წევრები იყვნენ. ეს ძალიან ცუდი იყო საბჭურ რეალობაში. დედაჩემი ევქარისტიითვის სეფისკვერეებს აცხობდა ყოველთვე. მამაჩემი ევანგელურ ბაპტისტური ეკლესიის ხელდასხმული მსახური იყო და მსახურობდა თბილისში - ეს კიდევ უარესი. ჩემი მშობლებისგან გაგონილი მქონდა, რომ მე რომ დავიბადე სახელმწიფოს უნდოდა რომ მათთვის შვილები ჩამოერთვა, რადგან კომუნისტური სულისკვეთებით ვერ გაუზრდიდნენ შვილებს საზოგადოებას. მითხრეს, მაშინ მამაჩემს ბევრი უწვალია და ბოლოს გადავურჩენივართ გასხვისებას. (ზოგჯერ მიფიქრია, ნეტა ვინ და რა ვიქნებოდო მართლა რომ გავესხვისებინეთ-მეთქი).

ხო, მეტსაც გეტყვით. ჩემმა მეზობელმა, რომელიც აკრძალული ჟურნალებით იწონებდა თავს, უზარმაზარი მსხვერპლი გაიღო, (ალბათ, მამამისს რომ გაეგო ამის გამო მაგრად მოხვდებოდა): მან ჟურნალიდან ამოხია სტალინის ერთ-ერთი პორტრეტი, გენერალისიმუსის ფორმაში, და მოწიწებით მისაჩუქრა. ამ სურათს დიდხანს ვინახავდი საიდუმლოდ, ვიდრე დედაჩემმა არ მიპოვა და მოგიზგიზე ქვანახშირის ღუმელში არ შეუკეთა. ძალიან მეწყინა. თანაც ვერაფრით ვერ მივხვდი, რატომ არ იყო ჩვენი ოჯახისთვის სტალინი მისაღები. რატომ არ იყო ჩვენი მტრის მტერი ჩვენი მეგობარი.

ერთი ქართული მასწავლებელი მყავდა დიღმის სკოლაში. გულით უყვარდა თავისი საგანი და ცდილობდა ქართული ლიტერატურის სიყვარული ჩვენთვისაც ჩაენერგა. ცოტა უცნაური კაცი იყო. გორის რაიონიდან. ერთხელ მე და რამოდენიმე ჩვენ კლასელ ბიჭს გვითხრა ჩემთან უნდა წაგიყვანოთ გორში ვაშლის საკრეფადო. ცას ვეწიეთ ყველანი სიხარულით - გაკვეთილების გაცდენის აზრი საპატიო მიზეზით ყველას მოგვეწონა. სამი დღე ვკრეფდით ვაშლს და საგანგებოდ გამართულ ხის ყუთებში ვალაგებდით რუსეთში გასაგზავნად.

საღამოთი ჩვენი მასწავლებლის მოხუცი დედა კარგ ვახშამს გვიმზადებდა, რომელზეც მასწავლებელი ხალისანად შეექცეოდა დირბულას ღვინოს. ჩვენ კი ნახევარ-ნახევარი ჭიქის დალევის უფლებას გვაძლევდა. ერთ საღამოს ჩვენი მასწავლებელი ცოტა რომ შეაჭიკჭიკა დირბულამ, ადგა და საოცარი რიტორიკული ოსტატობით წარმოთქვა “დიდი სტალინის” სადღეგრძელო. მე და ჩემი ამხანაგები გაკვირვებულები ვუყურებდით ერთმანეთს. ეს კაცი მთელი დღე იმაზე გველაპარაკა, რამდენი ახლობელი და მეზობელი დაუხვრიტა სტალინმა და საღამოთი კი ამისთანა დათირამები მიუძღვნა იმავე კაცს, რომელმაც უამრავი ახლობელი ამოუწყვიტა.

ეს პარადოქსი ძალიან დიდხანს გაუგებარი იყო ჩემთვის, ამის ახსნას მოვაგენი ინგლისში 2005 წელს ნორვიჯის კათედრალური ტაძრის ეკუმენტურ კანონიკოსად ამირჩიეს, რაც იმას მავალებს, რომ გარდა სხვა სულიერი მოვალეობისა მე ვალდებული ვარ ამ ტაძარში სულ ცოტა წელიწადში ერთხელ ვიქადაგო. ქდაგებას ანგლიკანურ ეკლესიაში ძალიან სერიოზულად უდგებიან, ამიტომ მეც ბეჯითად შევუდექი ჩემი, როგორც ეკუმენური კანონიკოსის, პირველი ქადაგების მომზადებას. ამ სამზადისში წავაწყდი იმ ფენომენის განსაზღვრებას, რომელიც სტოკჰოლმის სინდრომის სახელით არის ცნობილი და ჩავთვალე, რომ ეს იყო პასუხი იმ კითხვაზე, რომელიც ამდენი ხანი მაწუხებდა.

1973 წელს შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში ბანკის მძარცველებმა მძევლად აიყვანეს ბანკის თანამშრომლები და 6 დღე ყავდათ დატყვევებული. მოხდა ძალიან უცნაური რამ, ამ 6 დღის განმავლობაში დატყვევებული მძევლები ემოციურად იმათ მხარეზე დადგნენ, ვინც ისინი დაატყვევა: მათ ერთ ეტაპზე უარი თქვეს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მიეღოთ დახმარება და როცა გაათავისუფლეს ტყვეობიდან, მათ ბანდიტების დაცვა დაიწყეს.

მას შემდეგ მოკიდებული ფსიქოლოგები, კრიმინოლოგები და სოციოლოგები გულდასმით სწავლობენ ამ ფენომენს. ამჟამინდელი განსაზღვრებით, სტოკჰოლმის სინდრომი არის ფსიქოლოგიური ფენომენი, რომელშიც მძევლები გამოხატავენ პოზიტიურ გრძნობებს - ემფათიას და სიმპათიას, მათი დამტყვევებლების მიმართ იმ დონემდე, რომ მზად არიან დაიცვან თავიანთი დამტყვევებლები. ეს გრძნობები ითვლება ირაციონალურად.

მეცნიერების განმარტებით, სტოკჰოლმის სინდრომი არის ტრავმატული კავშირი, რომლის დასამყარებლადაც სულაც არ არის აუცილებელი მძევლად აყვანის გარემოება. მისი გამოვლინება შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც, როცა “ძლიერი ემოციური კავშირი მყარდება ორ ადამიანს შორის, სადაც ერთი ადამიანი მეორეს შეურაცხყოფს, სცემს, ემუქრება, ამცირებს სისტემატურად.” (გ.დუტონი და ს. პეინტერი, ‘ტრავმატული კავშირი,’ 1980).

მეცნიერების ერთი ნაწილი თვლის, რომ სტოკჰოლმის სინდრომს აქვს თავისი დადებითი მხარეც: იგი მსხვერპლს ხელს უწყობს, რომ გადარჩეს კრიზისის დროს. მართლაც გადარჩენის ინსტიქტი ხომ ყველაზე ძლიერი ინსტიქტია, რომელიც ჩვენშია ჩადებული!

სტოკჰოლმის სინდრომის ფენომენი კარგადა ხსნის არა მარტო ჩემი მასწავლებლის სიმპათიებს სტალინის მიმართ, არამედ ბევრი ჩვენთაგანისასაც.  საბჭოთა საზოგადოება ხომ, სტოქჰოლმის მძევლებისგან განსხვავებით, არა  6, არამედ არამედ 10500 დღეზე მეტი იყო სტალინიზმის ტყვეობაში(1924 წლიდან 1953 წლამდე). ეს დღეები უკვალოდ ხომ არ ჩაივლიდა? რა თქმა უნდა სტალინიზმი სათავეს ლენინის სიკვდილის შემდგომ პერიოდში არ იღებს და სტალინის სიკვდილით არ მთავრდება.

რა თქმა უნდა არსებობდა მითი იმის შესახებ, რომ ლენინი უფრო ლმობიეი იყო, ანდა სტალინის მაგივრად  ტროცკის რომ  აეღო ძალაუფლება ხელში საბჭოეთი ნაკლებად სასტიკი ქვეყანა იქნებოდა.

სხვათა შორის სტალინის დროს ასეთი ანეგდოტი იყო გავრცელებული: ლენინის სასიკვდილო სარეცელზეა მიჯაჭვული და სადაცაა სული უნდა ამოხდეს. სტალინი გამოჩნდება სულთბრძოლავის სასთუმალთან. ლენინი დაინახავს სტალინს და ამბობს:

“მე ვშიშობ, ამხანაგო სტალინ, რომ ჩემი სიკვდილის შემდეგ ხალხი შენ არ გამოგყვება!”  სასოწარკვეთილი ხმით ამბობს “ბელადი.”

“ნუ ღელავთ, ამხანაგო ლენინ,” აუღელვებლად პასუხობს სტალინი, “ვინც მე არ გამოყვებიან, ისინი თქვენ გამოგყვებიან.” ლენინი იმ ღამეს გარდაიცვალა.

მე მიჭირს დავიჯერო ლენინისა და ტროცკის ლმობიერების მითი, მაგრამ ერთი რამ ცხადია, ვერც ერთი ვერ მივიდა ახლოს სტალინთან თავიანთი მუხანათობითა და სივერაგით. სტალინის სისასტიკის მიზეზები ღრმად უნდა იყოს ჩამალული მის ტრამვირებულ ბავშვობაში.

ქართულ მწერლობაში სტოკჰოლმის სინდრომი ყველაზე გრაფიკულად გამოჩნდა ჭაბუა ამირეჯიბთან, სადაც სეთურის მიმართ უზარმაზარი პიეტეტი აქვს მის მიერვე გაბეჩავებულსა და გაუბედურებულ ხალხს. ისინი მზად არიან კბილებით დაღრღნან ყველა ვინც მათ დამაქცეველს შეურაცყოფას მიაყენებს.

შეიძლება, ადამიანის გადარჩენისათის მართლაც დადებითი როლი შეასრულა სტალინისადმი სიმპატიამ საბჭოეთში. მაგრამ ახლა მისდამი სიმპატიები მხოლოდ იმ მეტასტაზების ფუნქციას ასროლებს, რომელსაც შეუძლია არა მარტო ჩვენს აწმყოს, არამედ ჩვენს მომავასაც მოედოს. როგორცა სჩანს, ამ ოხერმა სტალინმა ცოცხალმა ხომ გაგვაუბედურა და ახლა მკვდარს უნდა სულ დედა გვიტიროს.

ვისაც სტოკჰოლმის სინდრომი აქვს შეყრილი, იგი თვალს არ დაახამხამებს ისე ჩამოარაკრაკებს სტალინის საგმირო საქმეებს. ხოლო გაბედავ და იმას ეტყვი, კი მაგრამ მილიონების მსხვერპლს რითი ამართლებო, ამაზე დაახლოებით ასეთ პასუხს მიიღებთ: ასე იყო საქმისთვის საჭიროო. ნეტა რა საქმეა იმისთანა, რომელიც მილიონობით უდანაშაულო ადამიანის მსხვერპლს კი არა თუნდაც ერთი ადამიანის მსხვერპლს ითხოვდეს, თუნდაც ერთი ბავშვის დაობლებას და გაუბედურებას ამართლებდეს!? ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივიდიეთ იმ დასკვნამდე, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხე საკრალურია.  ეს მონოთეისტურმა რელიგიებმა, რომლის პროდუქტსაც ქართული კულტურა წარმოადგენს, კარგა ხნის წინათ დაინახეს და დაადასტურეს:

"გინდა ერთი ადამიანი გაგინადგურებია და ...გინდა მთელი მსოფლიო; გინდა ერთი ადამიანი გადაგირჩენია და...გინდა მთელი მსოფლიო" (თალმუდი, სანჰედრინი 37ა).  ზუსტად ამავე აზრს იმეორებს ყურანიც: “ვინც მოკლას ადამიანი... თითქოსდა მთელი ხალხი ამოეწყვიტოს და ვინც ადამიანს სიცოცხლეს შეუნარჩუნებს, თითქოსდა მთელი ხალხისთვის შეენარჩუნებინოს” (სურა 5:32).

მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი  ირანელი რელიგიის სოციოლოგი და ინტელექტუალი ალი შარიათი (1933-1977) გვიამბობს, როგორ დაინახა მან რა არის უფრო ფასეული მისთვის, პირამიდების დამატყვევებელი სიდიადე თუ მისი მაშენებელი უსახელო ადამიანები.

ეგვიპტეში მოგზაურობისას, გიდმა მას დაათვალიერებინა პირამიდები და აუხსნა იმ კოლოსალური შრომის ამბავი რომელიც ექვსი დიდი და სამი პატარ პირამიდის ასაგებად იყო გაწეული: მონებს ასუანიდან ქაირომდე რვაასი მილიონი ქვის ლოდი ქონდათ მოტანლი 1577 კილომეტრის სიშორიდან იმისათვის, რომ გარდაცვლილი ფარაონების მუმიფიცირებული გვამები შეენახათ.

სოციოლოგი გაოგნებული იყო ამ ენითაუწერელი სიდიადის ნახვით მანამ, სანამ ერთ სამასიოდე მეტრაში უწესრიგოდ მიყრილი-მოყრილი ქვები არ შენიშნა.

“იქ რა არის?” -კითხა მან თავის გიდს.

“საინტერესო არაფერი,” მიუგო მას გიდმა, “მარტო ლოდები ყრია.”

თურმე პირამიდების მშენებლობაზე ყოველდღე ასობით მონა იჭყლიყლიტებოდა ლოდების სიმძიმის ქვეშ. დახოცილ მონებს საერთო საფლავში ყრიდნენ და მიწას აყრიდნენ. ასე რომ თითოეულ ორმოში ასობით ადამიანი იყო ჩაყრილი. ის ლოდები რომელიც მან შენიშნა შორიდან  თურმე იმ მონების სასაფლაოზე ეყარა, რომლებიც ასიათასობით ეწირებოდნენ პირამიდების მშენებლობას.

როგორც კი შარიათი მიხვდა ის ლოდები რას წარმოადგენდენენ, მან თავის გიდს უთხრა, რომ იმ მონების საფლავებთან უნდოდა მისვლა, სადაც ლოდებქვეშ დალეწილი მონები იყვნენ დამარხული.

“რათ გინდა იქ მისვლა, სანახავი იქ არაფერია!” უთხრა მას გიდმა. მანამ ცოცხლები იყვნენ ისინი თავიანთი სხეულით ემსახურებოდნენ მონებად ფარაონს, სიკვდილის შემდეგ კი მათი სულებს უნდა გაეგძელებინათ მონის სამსახური ფარაონისთვის. ამიტომ არიანო ისინი პირამიდებთან ახლოს დამარხული.

“გიდს ვთხოვე, მარტო დავეტოვებინე,” - წერს ალი შარიათი. - “მერე წავედი და იმ საფლავებთან ჩამოვჯექი. რაღაცნაირი სიახლოვე ვიგრძენი იმ ადამიანებთან, რომელებიც იქ ემარხა. თავი მათი რასის წარმომადგენლად ვიგრძენი...იქ დამარხული ადამიანების მინართ გულში თბილი გრძნობები დამეუფლა. მერე გავხედე პირამიდებს და მივხვდი, რომ მიუხედავად მათი სიდიადისა, მე მათთან საერთო არაფერი მქონდა! სხვანაირად რომ ვთქვა, დიდი სიძულვლი ვიგრძენი ჩვენი ცივილიზაციის იმ ძეგლების მიმართ, რომელიც ჩემი წინაპრების ძვლებზე და ხორცზეა აგებული.”

იმ დღეს ალი შარიათი მთელი კაცობრიობის ნაწილი გახდა, ხუთიათასი წლის წინათ დახოცილი მონებში თავისი წინაპრები დაინახა არა რასობრივი, არამედ ადამიანური თვალსაზრისით და ამით გათავსუფლდა კერპების მიმართ მონობისაგან.

იქნებ ჩვენც არ გვაწყინოს ჩვენს წარმოსახვაში იმ მილიონობით უსამართლოდ გაწყვეტილი ადამიანების საფლავთან ჩამოჯდომა, რომელთა სიკვდილში ხელი აქვს გასვრილი “თვალსაჩინო ქართველს.”  იქნებ ამის შემდეგ შევძლოთ სხვა თვალით შევხედოთ “დიდ ბელადს”.  იქნებ მილიობით რუსში, უკრაინელში, ებრაელში, სომხებში, აზერბაიჯანელში და სხვაში ჩვენც ჩვენი წინაპრები დავინახოთ არა სხვა რასობრივ-ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები. ჩვენ ხომ ყველანი ადამიანები ვართ! იქნებ დავინახოთ, რომ ამ მშვენიერ პლანეტაზე ყველანი ერთმანეთს ვეკუთვნით და თითოეული ადამიანი განუმეორებელი მოვლენაა.

სტალინი უკვე 60 წელია, რაც აღარ არის, თუმცა ვიცით, მისი გავლენა დიდხანს იბოგინებს ჩვენში და მთელ მსოფლიოში სწორედაც რომ იმ სტოკჰოლმის სინდრომის გამო, რომელიც ხელს გვიშლის მონობისგან გათავისუფლებაში. სტალინის გავლენა თავის გამოვლინებას პოულობს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და მისი ამოძირკვის ერთადერთი გზა განათლება და კრიტიკული აზროვნებაა.

მაგალითისთვის, ავიღოთ მაოხარი მკვდრის გავლენა რელიგიის სფეროში. საკმარისია, განათლებისა და კრიტუკული აზროვნების ლამპარი შევაშუქოთ ამ სფეროში, რომ მაშინვე დავინახავთ თუ რამხელა სიბნელესთან გვაქვს საქმე.

გულსატკენია, რომ ამ სფეროში, რომელიც წესით ადამიანის საკეთილდღეოდ უნდა იყოს მიმართული, უფრო მნიშვნელოვანია “პირამიდები” და არა ადამიანები.  ვიღაცას აქვს ნათქვამი, ეს მსოფლიო პასუხებმა კი არა კითხვებმა შეცვალესო. სწორედ ამიტომ არის საჭირო კრიტიკული კითხვების დასმა:

ნუთუ რელიგია მართლა იმას ითხოვს, რომ ერთმა ადამინმა მეორე დევნოს განსხვავებულობის გამო? ნუთუ რელიგია ითხოვს, რომ ადამიანი მონურად დაემორჩილო მოძღვარს (მოლა იქნება ეს, პასტორი, მღვდელი თუ რაბინი)? ნუთუ ადამიანს არა აქვს უფლება, რომ იყოს თავისუფალი და თვითონ მივიღო გადაწყვეტილება თავისი სულერი ცხოვრების შესახებ? ნუთუ რწმენა ადამიანისგან ბრმა მორჩილებას ითხოვს? ვინ დაავალა ერთ ადამიანს მეორის მსჯულობა და დევნა აღმსარებლობისა და ორიენტაციის ადამიანების გამო?

ჩვენ კითხვები გვაქვს დასასმელი არა მარტო რელიგიის არამედ რელიგიური პოლიტიკის სფეროშიც: რამდენად არის გამართლებული, რომ სახელმწიფო ერევა რელიგიის საკითხებში? რატომ დააყენა წინა ხელისუფლებამ საქართველოს შეიხი ან რატომ მოხსნა იგი ამჟამინდელმა ხელისუფლებამ? რატომ ვდუმვართ ყველანი ამის შესახებ, თითქოს ეს ნორმალური მოვლენა იყოს?! დღეს შეიხს აირჩევს და დასვამს ხელისუფლება, ხვალ რაბინს, ზეგ მუფთს და მაზეგ კათალიკოსს. რელიგიის ცხოვრებაში სახელმწიფოს მიერ ხელის ფათურის სტალინური პრაქტიკა უნდა დამთავრდეს.  არჩევანი მორწმუნე ადამიანმა უნდა გააკეთოს და მან  უნდა აირჩიოს თავისი თემის წინამძღოლი. კონსტიტუციით რელიგია და სახელმწიფო თუ გამიჯნულია, ცხოვრებაშიც გამიჯნული უნდა იყოს. ესეც მაოხარი მკვდრის მემკვიდრეობის ნაწილია: ერთს ვამბობთ, მეორეს ვწერთ და მესამეს ვაკეთებთ.

მსგავსი კითხვები ბევრზე ბევრია და ცხოვრების ყველა სფეროშია. რაც უფრო გვიან დავსვამთ ასეთ კითხვებს, მით უფრო გვიან გავთავისუფლდებით სტოკჰოლმის ირაციონალური სინდრომისგან.

კითხვის დასმასთან ერთად საჭიროა სიმბოლური ქმედება, რაც ნათელს გახდის იმას, რასაც ვამბობთ და რაც გვაწუხებს. სიმბოლურ ქმედებებს დიდი მნიშვნელობა აქვს სტოკჰოლმის სინდრომისგან გასათავისუფლებლად. ამ საქმეში თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ.

ამ ახალი წლების წინ შემომთავაზეს თელავში სტალინის ძეგლის მოხსნაზე ჩასვლა. დილაუთენია გავუდექით მე, ჩემი მეუღლე და ჩემი მეგობრები თელავის გზას. დილის 9.45 წუთზე ზუზუმბოს მთაზე დავერჭეთ. ტუსავდა, ისე ციოდა. ადგილზე რომ მივედით, ძეგლის დემონტაჟის ინიციატორი ქალბატონი, სიცივისგან აკანკალებული ინტერვიუს აძლევდა ტელეჟურნალისტებს და დაჟინებით ამბობდა “ილია ჭავჭავაძისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქვეყანაში სირცხვილიაო ამ ძეგლის არსებობა.”   მერე ისიც გავიგე, რომ ძეგლი სულ რამოდენიმე თვის წინ აღუმართავთ ამ ადგილას იმ პატივცემულ ადამიანებს (ამას ირონიისგარეშე ვამბობ), რომლებიც არმალავენ, რომ სტოკჰოლმის სინდრომი აქვთ შეყრილი.

ძეგლის დემონტაჟის პროცესი რომ დაიწყო, ერთი სპორტულებში ჩაცმული ხნიერი კაცი მომიახლოვდა, ეტყობოდა ადგილობრივი იყო და სეირის საყურებლად იყო გამოსული. სკოლის მოწაფესავით სიგარეტი ზურგს უკან დამალა და მოკრძალებულად მკითხა:

“ბოდიშით, ამაზე რას ფიქრობთ?” თქვა კაცმა და თვალით მანიშნა ძეგლზე რომელსაც მუშები იყვნენ შესეული და სანგრევი ავტომატებით სტალინის ძეგლს ძირს უთხრიდნენ.

“რაზე?” გულუბრყვილოდ ვიკითხე, თითქოს ვერ მივხვდი, რას მეკითხებოდა.

“აი, ამაზე, ამას რომ ხსნიან... ბევრი სასულიერო პირი დახოცაო, არა?” მოკრძალებულად იკითხა მოხუცმა. ეტყობა, ჩემზე იფიქრა სასულერო პირები რომ ყავს “ამას” დახვრეტილი შურის საძიებლად იმიტომ არისო მოსული.

“სასულიერო პირები ხომ არ იყო მარტო,” შევუღრინე ისედაც ოდნავ ატუზულ მოხუცს, “ყველა ადამიანის სიცოცხლე ძვირფასია. “ამას” (ამ დროს დავაკვირდი რომ ორივენი ისე ვლაპარაკობდით სტალინზე, როგორც ჰარი პოტერის ვოლდემორტზე და მის სახელს არ ვახსენებდით), ხომ ვიცით, რამდენი უდანაშაულო ადამიანი ყავს განადგურებული. სიცოცხლე სიცოცხლეა გინდა მღვდლისა იყოს და გინდა უიღურელი ბუდისტი ბავშვისა...” ამაზე მოხუცმა არაფერი მითხრა, ისე გამშორდა. მე ვიფრიქრე, ალბათ, ამასაც სტოკჰოლმის სინდრომი აქვს-მეთქი. მაგრამ ერთი 15 წუთის შემდეგ ისევ მომიახლოვდა და იდუმალი ხმით ყურში მითხრა:

“იცით, მამაჩემი ‘პლენად’ ჩავარდა და იქიდან რომ დაბრუნდა ‘ამან’ 25 წელი მიუსაჯა, რო არ მამკვდარიყო ციხეში ამოალპობდა.”

ესა თქვა მოხუცმა და იქიდან ისე წავიდა, გეგონებოდათ მთელი პლანეტის საიდუმლო ამოთქვა და მოისვენაო. ზუზუმბოს მთის პედესტალიდან გადმოყირავებული ძეგლი კი ყველამა ვნახეთ, ალბათ, ტელევიზიით, მაგრამ ჩვენი აზროვნებიდან “მისი” მოშორება უფრო საძნელო და მტკივნეული იქბნება.

ზაალ ანდრონიკაშვილმა, ამწინებზე, რადიო თავისუფლების ელექტრონულ გვერდზე სტალინიზმთან ბრძოლის რეცეპტი ინგლისელი მწერლის, ჯოან როულინგის ჰარი პოტერში აღმოაჩინა.  ამ ნაწარმოებს დღეს მთელი მსოფლიო იცნობს. სხვათა შორის, რამოდენიმე კვირის წინ ირანში ყოფნისას აღმოვაჩინე, რომ იქაური ბავშვებიც გატაცებით კითხულობენ უკვე სპარსულად ნათარგმნ ჰარი პოტერს.

როგორც ვიცით, ეს ნაწარმოები ეძღვნება ჰარი პოტერს ორთაბრძოლას ბოროტი ჯადოქართან  ლორდ ვოლდემორტთან. ორიდან ერთი უნდა მოკვდეს. ვოლდემორტის მოკვლა ძნელია, რადგან მას თავისი სული შვიდ სხვადასხვა უსულო და სულიერ საგნებში ანუ  "ჰორკრუქსებში", აქვს დამალული.  მე მგონი გენიალური მიგნებაა: ქართველი ვოლდემორტის სულისკვეთებაც სულიერსა და უსულო საგნებშია დამალული. უსულო საგნებში მათი მიგნება ძნელია, მარგამ სულიერში - ძალიან ძნელი.

“ჩვენებური” ვოლდემრტის “სული” გაცილებით მეტ სულიერსა და უსულო საგანშია ჩამალული, ვიდრე ვოლდემორტისა. არ დაგვავიწყდეს “იმისი”   ჰორკრუქსები გაბნეულია მილონობით ადამიანის ტვინში და გულში, საზოგოადოების ცხოვრების უამრავ სფეროში: რელიგიაში, ესთეტიკაში, პოლიტიკაში, ზნეობაში, ფსიქოლოგიაში....ვინ მოსთვლის, სად არა!

ჰარი პოტერისგან განსხვავებით, ჩემი აზრით, ჩვენ გვჭირდება არა განადგურება ამ ჰორკრუქსებისა,  არამედ მათი ტრანსფორმაცია. ეს იმიტომ, რომ უკთეურების განადგურება მოითხოვს უკეთურების საპირწონე ენერგიას, რომელიც უკეთურებისგან დიდად არ განსხვავდება.

ყველასა გვაქვს ნანახი თავზარდამცემი კადრები, როგორ უმოწყალოდ არაადამიანურად მოექცნენ ტირანებს ჩვენს თაობაში: სადამ ჰუსეინის ჩამოხრჩობა დამამცირებელ და ამაზრზენ გარემოშო, ანდა მუამარ კადაფის მოკვლა და მისი გვამის აბაუჩად აგდება.  თუ ტირანზე უკეთესი ხარ და ადამიანური, მას ადამიანურად უნდა მოექცე. თუ ადამიანურად არ მოიქცევი, რითა ხარ ტირანზე უკეთესი. მხოლოდ იმით, რომ ტირანის მსგავსი შესაძლებლობა არ მოგვარდნია ხელთ?! გარდა ამისა ჩვენ ვნახეთ, რომ ათეისტური იდეოლოგიის განადგურების აგრესიულმა ხერხებმა დაბადეს აგრესიული რელიგიური იდეოლოგია, რომელიც თავის წინამორბედზე არაფრით უკეთესი არ არის.  ჩვენ ისიცა ვნახეთ, რომ საბჭოეთის დროს ძალით თავსმოხვეული ხალხთა მეგობრობის კომნცეპციის გასანადგურებლად გამოყენებული იქნა ნაციონალიზმი, რამაც  ჩვენთანაც და სხვაგანაც დაბადა მის წინამორბედზე უარესი ნაციონალისტური და ექსლუსზივისტური კონცეპციები.

ესაია და მიქა წინასწარმეტყველები (ძვ. წ. აღ. 8-7  საუკუნეები) გვთავაზობენ რადიკალურად განსხვავებულ პარადიგმას,რომელიც მესიანური ექსპექტაციის კონტექსტშია ჩასმული. ამ პარადიგმის მიხედვით უნდა დადგეს დრო, როცა “მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისაგან - ნამგლებს,”(ესაია 2, 3-4; მიქა), ანუ ის რაც უკეთურების იარაღი კი არ უნდა განადგურდეს, არამედ გარდაისახოს.

იქნებ საჭიროა, რომ ასევე მოხდეს  ყველა სულიერი და უსულო “ჰორკრუქსის” ტრანსფორმაცია. იქნებ საჭიროა, რომ ის უზარმაზარი ნეგატივისკენ მომართული ენერგია, რომელიც ჩვენშია დაგროვილი - ერში და ბერში, კი არ განადგურდეს არამედ გარდაისახოს  პოზიტივში.

მე მესმის, რომ უსულო “ჰორკრუქსების” ტრანსფორმაცია ბევრად უფრო იოლია, ვიდრე სულიერისა, მაგრამ უსულო “ჰორკრუქსების” ტრანსფორმაციას შეიძლება სერიოზული სიმბოლური მნიშვნელობა ქონდეს სულიერი “ჰორკრუქსების” ტრანსფორმაციის საქმეში.

მაგალითად, ყველამ ვიცით, რომ სტალინის 2 მილიონი ლარის ღირებულების ბრინჯაოს ქანდაკება, სადღაც სგანგებოდ არის გადამალული.  ის ვისაც სტოკჰოლმის სინდრომი სერიოზულ ფორმებში ჭირს, ითხოვს, რომ ძეგლი დაუბრუნონ თავის ადგილს, ქალაქის მოედანზე,  ხოლო, ვისაც - შედარებით ნაკლებად, ისინი ითხოვენ ძეგლი მუზეუმის ეზოში აღმართონ. ახლა ამაზეა დავა კვარცხლბეკი, რომელზედაც “ვოლდემორტის” ძეგლი უნდა შეომოასკუპონ რამსიმაღლე უნდა იყოს. ზოგი ამბობს, ძირს მაღალი უნდა იყოსო, ზოგი ამბობს დაბალიო.

სინამდვილეში ამას არანაირი მინიშვნელობა არა აქვს. საქმე ის არის, რომ თუ სტალინის ძეგლი აღიმართა გორში, გინდაც წელამდე იჯდეს მიწაში და გინდა ყელამდე, ეს მაინც ძეგლის აღმართვა იქნება. ეს კი ჩვენს საზოგადოებაში არსებულ სტოკჰოლმის სინდრომს კიდევ უფრო გააძლიერებს. თუ ჩვენ მართლა გვინდა ჩვენი საზოგადოების გარდასახვა და განვითარება ხომ არ აჯობებდა რომ სხვა გზას მივმართოთ? ძეგლი კი არ გადავმალოთ ან დავასახიჩროთ, არამედ გადავადნოთ და იმ ბრინჯაოსაგან სტალინიზმის მსხვერპლთა მემოარიალი აღვმართოთ გნებავთ გორში, გნებავთ მუზეუმის ბაღში? იქნებ აზრი აქვს, გამოვაცხადოთ კონკურსი ამ მემორიალის შექმნაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ იმ ქვეყნის შვილები, რომლებიც ყველაზე მეტად დააზარალა სტალინიზმმა. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, მე ამ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დავუძახებდი პოლონელებს, უკრაინელებს, ბალტიისპირელებს, ებრაელებს და სხვებს, ვისი კულტურული და საზოგადოებრივი ცხოვრება დღესაც დაღდასმულია სტალინიძმის შედეგებით.           

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

Georgia Illustrated Through its Alphabet

Comments

Log in or Register