ღარიბი ადამიანების გასაჭირი

0 კომენტარი

ჩვენ დიდი ხანია, ერთად არ გვიცხოვრია. არ ვიცით, თუ რა არის სახელმწიფო წყობა. არა, წიგნები კი წაგვიკითხავს, მაგრამ უშუალო განცდა არ გვაქვს. ერთი იყო და, ნოე რამიშვილსა და ნოე ჟორდანიას შორის ხელისუფლების გადაცემას დაესწრო ჩემი ბებიებისა და ბაბუების თაობა. ეგ არის ერთადერთი დემოკრატიული ხელისუფლების ცვლილება ჩვენს ისტორიაში. ასეთი მშვიდობიანი პოლიტიკური გამოცდილების გარეშე არ ჩამოყალიბდება სახელმწიფო. საზღვრების მქონე ტერიტორია შეიძლება ჩამოყალიბდეს, სახელმწიფო - არა. ერი-სახელმწიფო უფრო სხვა არის, ვიდრე შემოღობილი ტერიტორია.

კიდევ რა გვაკლია? არ ვარ დარწმუნებული, რომ ამომწურავ პასუხს გაგცემთ. მაგრამ ეკონომიკური თანაცხოვრების გამოცდილება რომ გვაკლია, ეგ ნამდვილად ვიცი.

სკოლის მოწაფე რომ ვიყავი, დედაჩემს დავყვებოდი ეთნოგრაფიულ ექსპედიციებში. რამდენჯერმე ვიყავი სვანეთში, სამეგრელოში, ზემო აჭარაში - ალბათ საქართველოს სილამაზის დიდი ნაწილი მაშინ ვნახე. დედაჩემი ჩანაწერებს აკეთებდა წეს-ჩვეულებებზე, ყოფაზე. მისი მთხრობელები მოხუცები იყვნენ, რომლებსაც ახსოვდათ მეცხრამეტე საუკუნის დასასრულის საქართველო. ბევრი საინტერესო რამ გავიგე. ერთს გეტყვით - ჩემდა გასაკვირად, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ხშირად სხვადასხვა თემში ან სოფელშიც კი, სხვადასხვა საწყაოს ხმარობდნენ: ერთგან ხორბლის რაოდენობას ერთნაირად ზომავდნენ, მეორეგან - მეორენაირად, მესამეგან - მესამენაირად. ადვილად მიხვდებით, რომ ეს ვაჭრობის ფაქტიური არარსებობის მაჩვენებელია.

ახლა ამ ნარკვევს ვწერ იაპონურ კომპიუტერზე, რომელიც ნაწილობრივ მალაიზიაშია გაკეთებული, მინიმუმ, ერთი ჩიპი ტაივანიდან აქვს, ერთი - სამხრეთ კორეიდან. ვწერ ამერიკაში შექმნილი პროგრამის მეშვეობით, ქართული ჟურნალისთვის, რომელიც ფინურ ქაღალდზე გერმანული დანადგარით დაიბეჭდება.

ამას ახლა გლობალიზაცია ეწოდება - კაცობრიობამ ისწავლა გლობალურად ვაჭრობა.
ჩვენ ამ გლობალიზებულ სამყაროში პატარა ქართული გლობალიზაცია გვინდა - რაც არ დაგვცალდა და ჯერ წინა გვაქვს - როცა ქართველები ერთმანეთთან ვაჭრობას ვისწავლით.

დე გოლმა თქვა ფრანგებზე - როგორ უნდა მართო ხალხი, რომელსაც 300 სახეობის ყველი აქვსო. ვერანაირად - დავეთანხმები მე. ასეთი ხალხი თავს თვითონ მოუვლის, ვინაიდან 300 მეყველეს 3 000 ყველის ვაჭარი, 6 000 რძის მწარმოებელი, 2 000 თივის გამყიდველი, 800 ყასაბი, 7 000 მზარეული და კიდევ სხვა ჰყავს ჩაბმული კაპიტალისტურ ფერხულში. ასჯერ იფიქრებს თითოეული, სანამ სხვას გაემიჯნება ან გადაემტერება - მაშინ გაუყიდავი რძე აეჭრება და თივა ჩაუწვება.

აი, ეს უნდა მოხდეს - ოთხი მილიონი ქართველი თავისი ბურჟუაზიული ინტერესებით დაუკავშირდება ერთმანეთს, დამოკიდებული გახდება ერთმანეთის წარმატებასა და მარცხზე. ასეთი ქართული საზოგადოება კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება შემოღობილი ტერიტორიიდან საქართველომდე. დიდი ნაბიჯი.

გაუმარჯოს ქართველ ვაჭრებს!!!

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები