ღარიბი ადამიანების გასაჭირი 2

0 კომენტარი

ალბათ ხშირად გაგიგონიათ: ამ ქვეყანას მაინც არაფერი ეშველება; ჩვენგან მაინც არაფერი გამოვა; ამ ხალხს რა უნდა ელაპარაკო; ეს სიზარმაცე სისხლში გვაქვს... მსურველებს შეუძლიათ გააგრძელონ, ხოლო რედაქციამ კონკურსი გამოაცხადოს, ვინ მეტ ასეთ სისულელეს შეაგროვებს. რაფერ სისულელესო?! ეს ჩვენი ჯიშისა და ჯილაგის ამბავში არ არის განა, ტკბილად, მაგრამ ღარიბად ვიცხოვროთ?!

ინტელექტუალები ბატონყმობასაც გაიხსენებენ, ცარიზმის მიერ ქართველების ჩაგვრას და ჩვენს უნიათობას თავიანთი სასოწარკვეთით ახსნიან. როცა რამეს ეტყვი - კი მაგრამ, ესა თუ ის ქვეყანა? მაგათ ამერიკელებმა აუშენეს, ბატონო, თვითონ ვერ შეძლებდნენ!

ახლა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ვარ რამდენიმე დღით და კიდევ ერთხელ ვიხსენებ აქაური ეკონომიკური სასწაულების ისტორიას. მათ შორის ჩემს საყვარელ ისტორიას - ვინ აქცია ტაივანი თანამედროვე ქვეყნად.

ჩინეთში სოციალისტები ებრძოდნენ კომუნისტებს. კომუნისტების ლიდერი მაო ძედუნი იყო, სოციალისტების (გომინდანის) - ჩან კაიში. ჩან კაიში საქართველოში ცნობილი იყო იმით, რომ სტალინივით საკუთარ თავს გენერალისიმუსი უწოდა. მახსოვს ერთი მეზობლის აღტაცებული ჩურჩული: სულ სამი გენერალისიმუსია მსოფლიოში - სტალინი, ჩან კაიში და ბროზ ტიტოო (სტალინი უკვე მკვდარი იყო). ანუ, ქართველები რა მაგარი ხალხი ვართო. ისე, ტიტომაც თვითონ დაინიშნა თავი გენერალისიმუსად.

ჩან კაიში ოციან წლებში ბოლშევიკებს ეძმაკაცებოდა და თავისი შვილი სასწავლებლად გაგზავნა მოსკოვში, სადაც ეს ახალგაზრდა (რომელსაც რუსულად ნიკოლაი ელიზაროვი დაარქვეს) ტროცკისტი გახდა. ტროცკიზმისთვის გადაასახლეს სვერდლოვსკში. იქ ბელორუსი ქალი შეირთო ცოლად და მერე რის ვაი-ვაგლახით ჩინეთში დაბრუნდა.

სტალინისგან განსხვავებით, რომელმაც ბევრი ხალხი გაწყვიტა და ომი მოიგო, ჩან კაიშიმ, ხალხის გაწყვეტის მიუხედავად, ომი წააგო. 1949 წელს მისი არმია საბოლოოდ გაიქცა ჩინეთიდან კუნძულ ტაივანზე - 2 მილიონი ოფიცერი და ჯარისკაცი, პარტიის ხელმძღვანელი მუშაკები.

ანუ მოცემული გვაქვს -
• 2 მილიონი სრულიად დემორალიზებული დამარცხებული სამხედრო ( ბოლო 14 წელი ყველა ბრძოლა წააგეს);
• სოციალისტური პარტიის ლიდერები, რომლებიც ინფლაციას დახვრეტებით ებრძოდნენ;
• 15 მილიონი ადგილობრივი გლეხი. ისინი 1945 წლამდე იაპონიის იმპერატორის ქვეშევრდომები იყვნენ და მათი ნაწილი იაპონიის არმიაში იბრძოდა, მათ შორის, ჩან კაიშის წინააღმდეგ;
• ადგილობრივი ახალგაზრდები - სწავლობენ იაპონურ სკოლებში და მერე სწავლის გასაგრძელებლად იაპონიაში მიდიან;
• გენერალისიმუსი ჩან კაიში - სოციალიზმის მშენებლობის დაჟინებული იდეით (დაახლოებით 5 წელი აშენა კიდეც);
• მისი ვაჟი ჩან ცინგო, ყოფილი ტროცკისტი, თავის კომკავშირელი ცოლით, ოთხი კანონიერი და ორი უკანონო შვილით; გაზეთ За Tяжелое Mашиностроение-ს რედაქტორის მოადგილე, შემდეგ - ტაივანის საიდუმლო პოლიციის უფროსი, შემდეგ - ცეკას პირველი მდივანი;
• ჩინეთიდან მუდმივი თავდასხმის საშიშროება.
კითხვა - რა ელის ამ ქვეყანას?
მოდი, ახლა ვინმემ მითხრას: ეს ხომ ცხადია, დაფიქრდით და მიხვდებით, ასეთი ქვეყანა უნდა აყვავდესო!
ტაივანის მშპ/სულზე 1950 წელს იყო ოდნავ მცირე, ვიდრე კენიის, და ოდნავ დიდი, ვიდრე ინდონეზიის.
მაინც ჯიუტად ამბობთ, აყვავდებაო?
აყვავდა.
გამდიდრდა ხალხი.
გახდა მდიდარი დემოკრატიული სახელმწიფო.
ჩან ცინგო პარტიის თავმჯდომარე გახდა, 1978 წელს - პრეზიდენტი. 1984 წელს კიდევ ერთხელ გახდა პრეზიდენტი.
ჩან კაიში გარდაიცვალა 1975 წელს.
ჩან ცინგო გარდაიცვალა 1988 წელს.
მისი მეუღლე ფაინა ვახრევა გარდაიცვალა 2004 წელს.
ტაივანის ეკონომიკა იზრდებოდა ისე, როგორც არც ერთი სხვა ეკონომიკა.

2010 წელს ტაივანის მთლიანმა შიდა პროდუქტმა შეადგინა ერთ სულზე 32 000 დოლარი.

იგივე, რაც აქვს იაპონიას ან იტალიას. უსწრებს ისრაელს, პორტუგალიას და საუდის არაბეთს. ინდონეზიას გაუსწრო რვაჯერ, კენიას - ოცჯერ.

თითოეული დამარცხებული ტაივანელი 5-ჯერ უფრო მდიდარია თითოეულ გამარჯვებულ ჩინელზე.

ახლა საქართველო - 2010 წელი - მთლიანი შიდა პროდუქტი 4500 დოლარი

4 მილიონი მცხოვრები............

სასოწარკვეთა ცუდია!

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თურქეთიდან საქართველოში 508 აბი სუბუტექსის შემოტანისთვის თბილისის აეროპორტში 1 პირი დააკავეს

კომენტარები