ამერიკის ჩაის წვეულება

პრეზიდენტ ობამას მხარდამჭერები
პრეზიდენტ ობამას მხარდამჭერები
მომავალ კვირას ამერიკელები, ალბათ, აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას, პოპულარობის მნიშვნელოვანი ვარდნის მოწმენი გახდებიან. ობამა არ იყრის ამ არჩევნებში კენჭს, მაგრამ მისმა დემოკრატიულმა პარტიამ შეიძლება, კონგრესზე კონტროლი დაკარგოს. 2 ნოემბრის არჩევნებზე გამოვლენილი უკმაყოფილება კი პრეზიდენტს პოლიტიკისა და პერსონალის შეცვლისკენ უბიძგებს, რადგან მას წინ 2012 წლის არჩევნები ელის, სადაც ფსონად მისი თანამდებობა დაიდება. თუმცა, ობამას საგარეო პოლიტიკაში დიდ ცვლილებას ნუ ელით – ამ არჩევნებში ამერიკელი ამომრჩევლებისათვის მთავარი საკითხი არის დასაქმება, დასაქმება და დასაქმება. უმუშევრობა ამერიკაში თითქმის 10%-ს აღწევს.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრთა ვადა ორი წელია, ამიტომ აშშ-ში ეროვნული არჩევნები ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. ყოველ ჯერზე წარმომადგენელთა პალატის 435-ვე წევრის არჩევა ხდება. ამერიკელ სენატორებს 6 წლის ვადით ირჩევენ, ამიტომ ყოველ ორ წელიწადში 100-ადგილიანი სენატის ერთ მესამედს ირჩევენ. წელს, ერთი მოქმედი სენატორის გარდაცვალებისა და ორის გადადგომის გამო, სენატში 37 წევრია ასარჩევი.

ასევე, მომავალ კვირას, ამერიკა ცალკეულ შტატებში აირჩევს 24 გუბერნატორს, 56 კანონმდებელსა და ათობით ათას სახელმწიფო მოხელეს. თუმცა, შუალედური არჩევნები უფრო მოქმედი პრეზიდენტის საქმიანობაზე ერთგვარ ეროვნულ რეფერენდუმებად აღიქმება. წარმატებისა თუ წარუმატებლობის საზომი წარმომადგენელთა პალატასა და სენატში მოპოვებული თუ დათმობილი ადგილებია.

1942 წლიდან, ყოველ შუალედურ არჩევნებში, მოქმედი პრეზიდენტის პარტია, საშუალოდ, 28 ადგილს კარგავდა წარმომადგენელთა პალატაში და 4 ადგილს – სენატში – ნაკლებს, როდესაც მოქმედი პრეზიდენტი პოპულარული იყო და მეტს, როდესაც არაპოპულარული იყო.

ისტორიული გამოცდილებით თუ ვიმსჯელებთ, შემდეგ კვირას ობამას დემოკრატიული პარტია დიდ გასაჭირში აღმოჩნდება. ობამას საქმიანობის მხარდამჭერთა რიცხვი 48 პროცენტსა და 42 პროცენტს შორის მერყეობს, იმისდა მიხედვით, თუ რომელ გამოკითხვას დავეყრდნობით. მეტიც, ამომრჩევლები აშკარად ეწინააღმდეგებიან ობამას კონკრეტულ სტრატეგიებს: 46%-ს სურს, გაუქმდეს ობამას თავმოსაწონი ჯანდაცვის კანონი; 54%-ს სურს, შეწყდეს ეკონომიკის სტიმულირებაზე დანახარჯები; 76%-ს კი პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის დროინდელი შემცირებული გადასახადების შენარჩუნება უნდა.

აი ამ ფონზე იბრძვის დემოკრატიული პარტია კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლის შენარჩუნებისთვის. წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის მოსაპოვებლად, რესპუბლიკურ პარტიას 40 ადგილი სჭირდება, სენატზე კონტროლის დასამყარებლად კი – 10. არც ერთია შეუძლებელი და არც მეორე, თუმცა, არც ისეთი ადვილი, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

მართალია, წარმომადგენელთა პალატაში 435 წევრია ასარჩევი, ხოლო სენატში 37, მაგრამ რეალური შეჯიბრი ყველა ადგილისთვის არ მიმდინარეობს. New York Times-ი, მაგალითად, ვარაუდობს, რომ წარმომადგენელთა პალატის 435 ადგილიდან 323 გარანტირებული აქვს ერთსა თუ მეორე პარტიას. დარჩენილი 112-დან 48 საარჩევნო ოლქი დემოკრატებისაკენ იხრება, 27 რესპუბლიკელებისკენ, ხოლო 37-ს უჭირს გადაწყვეტილების მიღება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლის მოსაპოვებლად შეჯიბრი, რეალურად, 112 ოლქში მიმდინარეობს და არა 435-ში.

სენატთან დაკავშირებითაც მსგავსი გათვლებია. New York Times-ის ვარაუდით, სენატის 37 ადგილიდან 18 ადგილი აქვს ერთსა თუ მეორე პარტიას. დარჩენილი 19-დან კი, რომლებზეც ნამდვილად კონკურენცია მიმდინარეობს, 3 დემოკრატებისაკენ იხრება, 8 რესპუბლიკელებისაკენ და 8-ს კი ჯერ არ გადაუწყვეტია.

რამდენიმე თვის წინ, ბევრმა პოლიტიკურმა მკვლევარმა რესპუბლიკელებს ადვილი გამარჯვება უწინასწარმეტყველა – შემდეგ ასეთი რეალური სურათი შეიქმნა. შუალედური არჩევნებით ასეთი დიდი ცვლილებები, ჩვეულებრივ, მაშინ ხდებოდა ხოლმე, როდესაც მოქმედი პრეზიდენტი და მისი პარტია არაპოპულარულები იყვნენ, მეორე პარტია კი პოპულარული. წელს, ობამა და დემოკრატიული პარტია არაპოპულარულები არიან, მაგრამ არაპოპულარულია რესპუბლიკური პარტიაც. მთელ ქვეყანაში ვაშინგტონის, მოქმედი პრეზიდენტის საწინააღმდეგო განწყობა სუფევს. აშშ-ის კონგრესის საქმიანობას 72% არ იწონებს.

ამ ზოგადი უკმაყოფილების ყველაზე აშკარა გამოხატულება ჩაის წვეულების მოძრაობაა. ჩაის წვეულება პოლიტიკური პარტია არ არის. ის საპროტესტო მოძრაობაა, რომელიც თავის სახელს 1773 წლის ბოსტონის ჩაის წვეულებას დაესესხა, როდესაც ამერიკელმა კოლონისტებმა ბოსტონის ყურეში შესული ჩაით დატვირთული სამი გემიდან მთელ ჩაის ყურეში გადაუძახეს და ამით პროტესტი გამოხატეს ბრიტანეთის პარლამენტის მიერ ამ პროდუქტზე დაწესებული მაღალი გადასახადის წინააღმდეგ.

ჩაის წვეულება რესპუბლიკელებს ხელს აძლევს, ვინაიდან ეს ფართო საპროტესტო მოძრაობა მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ მმართველ პარტიას უფრო დააზარალებს, ვიდრე ოპოზიციურს. თუმცა, ჩაის წვეულების წევრთა უმრავლესობა რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერია და ამიტომ, ისინი რესპუბლიკური პარტიის კანდიდატების შერჩევის პროცესებში მონაწილეობდნენ. ჩაის წვეულების მოძრაობის გავლენით რამდენიმე შედარებით ცნობილმა – ზოგ შემთხვევაში, ექსცენტრიკულმა და დემოკრატ ოპონენტებთან წაგებისთვის განწირულმა – რესპუბლიკელმა კანდიდატმა, რომლებიც ნოემბრის არჩევნებისათვის ემზადებოდნენ, ადგილი ახალ კანდიდატებს დაუთმო.
გარდა ამისა, ობამა, მართალია გვიან, მაგრამ მაინც ჩაერთო პოლიტიკურ კამპანიაში. იგი მთელ ქვეყანაში მოგზაურობდა და აფრთხილებდა თავის ამომრჩევლებს, 2010 წლის შუალედური არჩევნები შეიძლება სავალალოდ დასრულდესო. 2 ნოემბრის არჩევნების შედეგები მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რომელი მხარე შეძლებს ამომრჩეველთა დარწმუნებას, გამოცხადდნენ არჩევნებზე და მისცენ მათ ხმა.

ამ სტატიის წერის მომენტისთვის ისე ჩანს, რომ დემოკრატები გაჭირვებით, მაგრამ მაინც შეინარჩუნებენ სენატზე კონტროლს, თუ არსებული პოლიტიკური უკმაყოფილება უფრო არ გაძლიერდა – რაც არ არის გამორიცხული. რესპუბლიკელები კი, ალბათ, მხოლოდ წარმომადგენელთა პალატაში შეძლებენ უმრავლესობის მოპოვებას. თუ ეს პროგნოზი გამართლდა, ისინი ობამას ბევრ კანონს დაბლოკავენ, რაც 2012 წლის არჩევნებისათვის ნამდვილი კონკურენციის დასაწყისი იქნება.

ასეა თუ ისე, ელოდეთ მნიშვნელოვან ცვლილებებს თეთრი სახლის პოლიტიკასა და პერსონალში. ნუ ელით რუსეთთან ობამას გადატვირთვის პოლიტიკის „გადატვირთვას” – მოქმედი პრეზიდენტის ხელახლა არჩევა დამოკიდებული იქნება იმაზე, შეძლებს თუ არა იგი, ისევ დაასაქმოს ამერიკა.

კომენტარები