"ათასცხრაასხუთ­წელში, კატა მოკვდა რუსეთში, ამოიღეს..."

ჩამოვხდი ქალაქ #-ში, რომლის სახელის გამხელასაც ახლა საჭიროდ არ ვთვლი და ვიქირავე ბინა – ორი თვალი.

ათასი თვალი და ათასი ყური გამოვიბი – ყველა ჭორი და მართალი დავიზეპირე, ყველა შემხვედრი ქალი (კაცი) შევათვალიერე და ზოგმაც შემათვალიერა. ,,დავლიე რამდენიმე კათხა ლუდი და დავასკვენი:

ჯერ არასდროს არ შობილა ე.წ.-სთანა წესიერი კაცი – როცა მოვკვდები, უსათუოდ მინახულებს, ცრემლს დაღვრის და შავ ტანსაცმელს იყიდის.
მინდოდა მეთქვა – სიკვდილს ვაპირებ.

ვინ დაგაცალა? (თქმა)

დილით, იქნებოდა საათის ცხრა, მეტი ხუთი წუთით ან ნაკლებით, სამიოდ ახალგაზრდა კაცი იმედისმომცემი მზერითა და ფურცელგამობერილი ჩანთით ჩემს კარს მოადგა და ფრთხილად დააკაკუნა.

ნაშუადღევს – იყო საათის ,,ცამეტი” და ,,ცამეტი” – კლუბ 666-ში ვისხედით და წითელ წვენს გეახლებოდით. მას სმენოდა ჩემი საქმის შესახებ  და მირჩევდა გამეცნო ერთი-ორი მასსავით ახალგაზრდა ყმაწვილი კაცი, რომლებიც დიდებულ პერფომანსებს დგამდნენ და სამყაროს არყევდნენ.
ფეხზე რომ წამოვდექი, მეც წავბანცალდი - ,,ჭარბად” დამელია.

ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, თანდათან მახსენდება: თანამეინახემ ცოტა ცერად შემომხედა და მაინც ცერი დამანახა – ყველაფერი კარგად იყო.
და გავიცანი.

მათ ტანსა შავი სამოსი ეცვათ, მაჯაზე ჰინდური ჯაჭვი და გამჭოლი სათვალე ეკეთათ. ერთმა წინ წადგა ბიჯი და ჩახლეჩილი ხმით მითხრა: ,,ჩვენ გარდაცვლილ კატასა ვგლოვობთ, მას მერე, რაც დედის ძუძუს მოგვწყვიტეს და ჩვენი ფიქრი და ჩვენი მრწამსი მხოლოდ მასზე დარდიაო და ჩვენი ფიქრი და ჩვენი მრწამსი გაიზიარესო ოთხმოცი წლის წინ ამა და ამ ფრანგმა და ინგლისელმა ჭირისუფლებმა.”
მერე მეორემ - ,,თავმდაბლობს პირველიო და სიგარეტი ხომ არ გაქვსო?”

მივეცი.

ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, მახსენდება, სახლში რომ მივდიოდი, წვიმდა და თოვდა და არ მიკითხავს: სამაისოდ მოშვებული წვერი დამისველა რამ?

ჩაი დავლიე და შენ დაგიძახე.

მინდოდა გვეთამაშა.

-წეროები!

-მიფრინავენ?

-შორს!

-რამდენი?

-ყველა!

-ყველა?

-ყველა.

კომენტარები