ენტერპრენერი სახელმწიფო

 სიტყვა „ენტერპრენერის” ზუსტი შესატყვისი ქართულში სამწუხაროდ არ არსებობს. თარგმანში როგორც წესი იყენებენ ხოლმე „მეწარმეს” ან „ბიზნესმენს”, თუმცა არც ერთი მათგანი არ გადმოსცემს ადეკვატურად ორიგინალის არსსა თუ მნიშვნელობას.

 
ეს სიტყვა პირველად ახსენა შედარებით ნაკლებად ცნობილმა, თუმცა გარკვეულ წრეებში საკმაოდ ავტორიტეტულმა ფრანგმა ეკონომისტმა რიჩარდ კანტილიონმა. ის ენტერპრენერის ქვეშ მოიაზრებდა ადამიანს, რომელიც ასრულებს ერთგვარი შუამავალის როლს კაპიტალსა და მუშახელს შორის და ამ ორი ეკონომიკური ფაქტორის შეზავების გზით ქმნის პროდუქტს, რომელიც პასუხობს ბაზარზე არსებულ მოთხოვნას. იგულისხმება, რომ თავისუფალი კაპიტალის არსებობა აპრიორი არ განაპირობებს ამ კაპიტალის საწარმოო/შემოქმედებით პროცესში ჩართვას. ანალოგიურად, დაუსაქმებელი და თუნდაც კვალიფიციური მუშახელი არ წარმოადგენს ეკონომიკური აქტიურობის ცალსახა წინაპირობას. საჭიროა არსებობდეს მესამე მოთამაშე, ენტერპრენერი, რომელიც დაინახავს ბაზარზე არსებულ შესაძლებლობებს და მობილიზებას გაუკეთებს რესურსებს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქმნება დოვლათი და ადგილი აქვს ეკონომიკურ ზრდას.
 
ბევრი ეკონომისტი თუ ეკონომიკის მკვლევარი მიიჩნევს, რომ სწორედ ენტერპრენერები წარმოადგენენ ეკონომიკური სისტემის ფუნქციონირების ერთგვარ ძრავებს, რომლებიც ახდენენ რესურსების, იქნება ეს ადამიანური თუ ფულადი რესურსი, გადანაწილებას ნაკლებად პროდუქტიულიდან მეტად პროდუქტიულ სფეროებში. თუმცა მხოლოდ რესურსების გადაადგილება ან ეფექტიანი უტილიზაცია არ არის მნიშვნელოვანი. ენტერპრენერები, მოქმედებენ რა სარგებლის მიღების სურვილით, საკუთარი ქმედებით ახდენენ საზოგადოების ყველაზე პრიორიტეტული მოთხოვნების დაკმაყოფილებას. 
 
შესაბამისად, საზოგადოებები, რომლებიც საკუთარი სოციალურ-ეკონომიკური ორგანიზების წესით ხელს უწყობენ და წაახალისებენ ენტერპრენერების გაჩენასა და საქმიანობას, გამოირჩევიან ეკონომიკის სწრაფი ზრდით, ინოვაციებით, ხელმისაწვდომი პროდუქციისა და მომსახურების მრავალფეროვნებით და სხვა. ხოლო ის საზოგადოებები თუ სახელმწიფოები, სადაც ეგრეთ წოდებული ენტერპრენერული სული შეზღუდული ან ჩაკლულია, როგორც წესი, მრავალი სახის ეკონომიკური პრობლემის წინაშე დგანან და ხშირ შემთხვევაში კოლაფსით ამთავრებენ არსებობას.
 
ამ მხრივ ჩვენ მძიმე მემკვიდრეობა გვერგო საბჭოთა კავშირისგან. ცხადია, ნებისმიერი ტოტალიტარული სისტემა უპირველეს ყოვლისა ებრძვის კერძო ინიციატივას და ამ მხრივ სსრკ გამონაკლისი ვერ იქნებოდა. ქვეყანა, სადაც ყველაფერი ცენტრალიზებულად იგეგმებოდა, არ საჭიროებდა ენტერპრენერების არსებობას. მეტიც, ასეთი ადამიანები გარკვეულწილად საფრთხეს წარმოადგენდნენ არსებული სისტემისთვის, რადგან მათ შეეძლოთ თუნდაც მარტივი, ყოფითი პრობლემების გადაჭრის უფრო ეფექტიანი გზების მოძიება, ვიდრე ამას მოსკოვური გოსპლანი აკეთებდა. ეს კი კითხვებს გააჩენდა სოციალისტური სისტემის ავ-კარგიანობასთან მიმართებაში და ამის დაშვება წარმოუდგენელი იყო.
 
შედეგად, 70 წლის განმავლობაში საბჭოთა საზოგადოება მიზანმიმართულად „იწმინდებოდა” ენტერპრენერული სულისკვეთების ნებისმიერი გამოვლინებისგან. წითელი იმპერიის დაშლის შემდეგ კი დაგვრჩა კერძო ინიციატივებს მოკლებული ადამიანების მასა და ე.წ. საქმოსნები, რომლებსაც მხოლოდ კორუფციული გზებით, სახელმწიფო რესურსების გამოყენებით შეეძლოთ „საქმის კეთება”.
უკანასკნელ წლებში, საქართველოში, კორუფციის დონე საგრძნობლად შევამცირეთ. ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ათასგვარი რეგულაციისა და ლიცენზიის გაუქმება. დღეს მოქალაქეებს გაცილებით ნაკლები შეხება აქვთ სახელმწიფო ბიუროკრატიასთან და ამიტომ კორუფციული გარიგებების შანსიც ბევრად ნაკლებია. საბჭოთა მემკვიდრეობის ეს ნაწილი შედარებით ჩამოვიშორეთ. მაგრამ, იგივე წარმატებით, რამდენიმე წელიწადში შეუძლებელია „გააჩინო” ენტერპრენერები. ამას დრო სჭირდება, წლები.
ჩვენ კი გვეჩქარება. ვერ დაველოდებით. და არარსებული თუ მცირედ წარმოდგენილი ენტერპრენერების როლი სახელმწიფომ აიღო საკუთარ თავზე.
 
სახელმწიფო აშენებს სასტუმროებს, ავითარებს ტურიზმს, გვერდში უდგება სოფლის მეურნეობას, აყვავებს ქალაქებს, იგონებს, აფინანსებს და ასრულებს ათასგვარ პროგრამასა თუ პროექტს სხვადასხვა სფეროებში. ერთი შეხედვით მარტივი სურათია – სახელმწიფო უფრო ეფექტიანი მოთამაშეა ბაზარზე, ვიდრე კერძო სექტორი არარსებული ენტერპრენერებით.
 
მაგრამ სინამდვილეში ვხედავთ სურათის მხოლოდ ერთ მხარეს. ყველაფერი, რასაც სახელმწიფო აკეთებს, ფინანსდება ჩვენი გადახდილი
გადასახადებით. ეს ფული რომ ჩვენ დაგვრჩენოდა, გაცილებით უფრო ეფექტიანად გამოვიყენებდით. თუმცა ეს არ არის ერთადერთი პრობლემა, რომელიც ასოცირებულია სახელმწიფოს მიერ კერძო სექტორის ფუნქციების მითვისებასთან. ამ შემთხვევაში არც ბიუჯეტის დეფიციტზე და ინფლაციაზე შევჩერდები, რომლებიც ასევე პირდაპირ კავშირშია საბიუჯეტო ხარჯების ოდენობასთან.
 
როდესაც სახელმწიფო არის ქვეყნის ეკონომიკაში მთავარი მხარჯველი (2010 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 36% ანუ მესამედზე მეტი
მოდიოდა სახელმწიფო ხარჯებზე), ის ბუნებრივად იქცევა ცენტრალურ მარეგულირებელ ორგანოდ. ის, თუ რა მიმართულებით გადაისვრის სახელმწიფო ასეთი მასშტაბის რესურსს, მეტწილად განაპირობებს იმას, თუ ეკონომიკის რა სექტორები განვითარდება (დროებით, მაგრამ მაინც), ვინ „იშოვის” ფულს და ვინ არა, და ზოგადად როგორი იქნება ეკონომიკის ზრდის ტემპი.
 
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც თან ახლავს სახელმწიფოს მხრიდან ენტერპრენერის ფუნქციის შესრულებას, მდგომარეობს კერძო სექტორში იგივე ენტერპრენერების გაჩენის ალბათობის შემცირებაში. იმის გამო, რომ კერძო სექტორში რჩება ნაკლები რესურსი, ადამიანების მცირე რაოდენობას ეძლევა საშუალება, სცადოს ამ რესურსების გამოყენებით რაიმეს შექმნა. ცდის გარეშე შეუძლებელია შეცდომის დაშვება. შეცდომის გარეშე კი რთულია გამოცდილებისა და ცოდნის შეძენა.
 
უკეთესი იქნება, თუ დავუშვებთ შეცდომებს და საშუალებას მივცემთ ბაზარს, გააჩინოს ენტერპრენერები, რადგან გრძელვადიან პერსპექტივაში სწორედ ისინი გახდებიან ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა. არა კაპიტალის მფლობელები, მანქანა-დანადგარები ან მუშახელი – არამედ ადამიანები, რომლებიც ხედავენ შესაძლებლობებს და ოპტიმალურად აზავებენ ამ რესურსებს მოთხოვნადი პროდუქციის შექმნის მიზნით. მხოლოდ ეს არის გრძელი, მაგრამ მართებული გზა. სახელმწიფოს რომ უკეთ შეეძლოს ამ საქმის კეთება, დღეს სსრკ მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკა იქნებოდა. 

კომენტარები