სამეფო და ქართული ამბები

მაისში სპორტულ წრეებში ორ თემაზე საუბრობენ – “გაუთავებელ” ესპანურ კლასიკოზე და ქართულ ფეხბურთში დატრიალებულ სკანდალზე. ორივეზე უკვე იმდენი ითქვა, რაიმე ახლის მოგონება ურთულესი საქმეა. ალბათ არცაა საჭირო ორიგინალობა და საკმარისი იქნება, უბრალოდ ორივე მოვლენისადმი ჩემი დამოკიდებულების დაფიქსირება.

 
დავიწყოთ კლასიკოთი. ჩემდა სამარცხვინოდ, უნდა ვაღიარო, რომ კვლავ შევცდი და მეორედ მომიწევს პოზიციის შეცვლა, უფრო სწორად, სასტარტო განწყობაზე დაბრუნება – ვფიქრობ, საბოლოოდ! აკი ალფრედო დი სტეფანომაც აღიარა, ბარსა ლომს ჰგავდა, რეალი კი ვირთხასო!
 
მოკლედ, არ არის ეს პორტუგალიელი რეალის შესაფერისი მწვრთნელი. არ ვდავობ – უმაღლესი კვალიფიკაცია აქვს, მართლაც შესაშური შედეგები პორტუგალიის, ინგლისისა და იტალიის ჩემპიონატებში, ჩემპიონთა ლიგაც ორჯერ მოიგო სხვადასხვა გუნდებით და უთუოდ კიდევ არაერთხელ მოიგებს, მაგრამ მან ვერაფერი გაუგო სამეფო კლუბის საფეხბურთო ფილოსოფიას და ვერც ვერასოდეს გაუგებს! უბრალოდ, რეალი მისი გუნდი არაა.
ამას რეალის იმ გულშემატკივართათვის ვწერ, ვისაც ესმის რას ვგულისხმობ, თორემ დღეს ისეთიც ბევრია, ვინც მადრიდს რუკაზე ვერ პოულობს, რეალის ლეგენდებზე არაფერი სმენია, მათი თამაში არ უნახავს და მადრიდელებს მხოლოდ იმიტომ უჭერს მხარს, რომ ბარსელონა არ უყვარს.
 
ჰოდა იმათ მოგმართავთ, ვისაც ოთხმოციანებში თეთრწყაროსა და პანტიანში მანქანაში ღამეები გითენებიათ ანდერლეხტის, ბორუსიას თუ ინტერის ისტორიული რევანშების მოლოდინში, მერე პიპინით დაბრუნებულხართ შინ და მთელი თვე სხვა გუნდების ქომაგებთან “ომში” გაგიტარებიათ მომდევნო სასწაულში დარწმუნებულებს. ნუთუ ვერ ხვდებით, რომ ეს კაცი აბსოლუტურად არ შეეფერება თქვენს გემოვნებას?! განა შეიძლება რეალს წვრთნიდეს ადამიანი, რომელსაც საშინაო შეხვედრაში აზრად მოუვა მოედანზე 7 მცველის გამოყვანა, ბურთის კონტროლს ყურადღებას არ აქცევს და 45 წუთის მანძილზე ფეხბურთელებს მეტოქის კარის მიმართულებით ერთხელაც არ დაარტყმევინებს?! ან რა ჯანდაბად გინდათ ეს შემთხვევით მოპოვებული თასი, თუკი მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში მხოლოდ იკერ კასილასის ხსენებაში იქნებით და მეორე კარს ტელერეპორტაჟისას მხოლოდ სტადიონის ზედხედში დაინახავთ?!
 
ახლა ვიღაცა დაიწყებს დავას – თანამედროვე ფეხბურთში მთავარი შედეგია და მის მისაღწევად ნებისმიერი ხერხი მისაღებიაო. კი მაგრამ, ეს ბარსელონა რა, შუასაუკუნოვან ფეხბურთს თამაშობს თუ შედეგი არ აქვს?!
 
ასე რომ, ბრავო ბარსა!.. მაგრამ ჩვენ კიდევ დავბრუნდებით!
 
ახლა ჩვენსაზეც ვთქვათ. ის, რაც მაისის თვეში ქართულ ფეხბურთში გახმაურდა, მართლაც დიდი სირცხვილია. გახმაურდა-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ ამაში ახალი არაფერია.
 
რა იყო, ისე გაუკვირდა ყველას თამაშების ჩაწყობა და ტოტალიზატორზე თამაში, გეგონება აქამდე მსგავსი არაფერი გაგვიგონია ან თვითონ იმ გაკვირვებულთა დიდი ნაწილი არ ყიდდა ეროვნული (იქამდე კი საკავშირო) პირველობის მატჩებს! ახლა ყველა ერთმანეთს ასწრებს სიტყვის აღებას და კამერების წინ პოზიორობს – არიქა, ვინ არიან ეს გამყიდვლები, ისინი ხომ თავიანთ კლუბს, სოფელს, რეგიონს, ქალაქს, სამშობლოს, კონტინენტს, პლანეტას, გალაქტიკას ღალატობენო!
 
ჯერ ერთი, ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ქართველებს სხვებმა დაგვასწრეს უკადრებელის კადრება. აგერ იტალიაში მსგავსი სკანდალი უკვე მერამდენედ აგორდა. დაგავიწყდათ 80-იან წლებში ჯუზეპე ვილსონისა და პაოლო როსის დისკვალიფიკაცია, ან ბოლოდროინდელი კალჩოპოლი და იუვენტუსის სერია B-ში დაქვეითება? ბრაზილიაში ფედერაციის პრეზიდენტი ტეიშეირა რომ კინაღამ გადააყოლეს მსგავს სკანდალს? აღარაფერს ვამბობ მთელს აღმოსავლეთ ევროპაში მომხდარ ათობით ფაქტზე...
 
უფრო მაღალი დონე გნებავთ? კი ბატონო. დღემდე ჭორაობენ – 1954 წლის ფინალში უნგრეთი გერმანიას დაუწვაო; 1966 წლის მუნდიალზე კი სტენლი როუზმა სამხრეთამერიკელები ერთიანად “გააფუჭებინაო”; 1978 წელს არგენტინამ პერუ იყიდა, 4 წლის მერე კი იტალიამ – კამერუნიო! ესპანეთი-მალტას 12:1 გახსოვთ?!
 
ამით იმის თქმა კი არ მსურს – ეს რა კარგად მოქცეულან ბიჭები, ადრე უნდა დაგვეწყო ფულის კეთება-მეთქი. უბრალოდ, ჯობს ყველაფერს სისტემურად მივუდგეთ და შედეგს კი არა, მიზეზს ვებრძოლოთ. ამ დღეებში ხშირად გაიგონებ – რას ერჩიან სამტრედიას, ფეხბურთელებს საჭმლის ფული არა აქვთ და სუპერმარკეტი ინახავსო. თუ მართლა ასეა, მსგავსი კლუბი უმაღლეს ლიგაში არ უნდა თამაშობდეს, ფულის არქონა კი ქურდობის და გულშემატკივრის გაბითურების გამართლება არაა! 
 

კომენტარები