პროფკავშირები ბოროტებაა!

"პროფკავშირების ფუნქციონერის სამსახურზე გარანტირებული დასაქმება არ არსებობს. მისი დათხოვნა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ ლოთობს. და ისიც, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისე სვამს, რომ ფეხზე ვერ დგას."

ჯორჯ ბერნარდ შოუ 

 
ნებისმიერი მაფია პირამიდის მსგავსი იერარქიული სტრუქტურაა, რომელშიც ფული ქვემოდან ზემოთ მოძრაობს და თითქმის არასდროს საპირისპირო მიმართულებით. ასეთია, მაგალითად, სოპრანოს ოჯახი (ცნობილი ამერიკული სერიალიდან) ან კახა თარგამაძის მილიცია (ედუარდ შევარდნაძის დროინდელი საქართველოდან).
 
მაფიაში ქვედა დონეზე შეგროვებულსა და ზემოთ გაგზავნილ ფულს “ბოსის პატივისცემა” ჰქვია, ქურდულ სამყაროში – “სალარო” („общак”), პროფკავშირებში კი – საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ბიუჯეტი, რომელიც წელიწადში დაახლოებით 5 მილიონია.
როგორც მაფიის შემთხვევაში, ეს ფული რას ხმარდება, ცოტა ვინმემ თუ იცის. ყოველ შემთხვევაში, პროფკავშირების გაერთიანების ვებსაიტზე ამ ინფორმაციას ვერ მივაგენი.
 
მაფიასაც და პროფკავშირსაც ფულს დაცვაში უხდიან. ამას ინგლისურად protection racket ჰქვია, რუსულად – крыша, ქართულად კი ავტომატური წესით საწევროს გადახდა. მაფია თავის წევრებს იცავს მეზობელი მაფიებისგან, პროფკავშირები კი თავისას – დამსაქმებლებისა და უმუშევრებისგან.
სტანდარტულ მაფიასა და პროფკავშირებს შორის იმდენი მსგავსებაა, გასაკვირი არ არის, რომ ისტორიულად (მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში) ისინი მჭიდროდ თანამშრომლობენ და ერთობლივად ატერორებენ ბიზნესებს, პატარასა თუ დიდს.
მიუხედავად ყველაფერი ზემოთქმულისა, პროფკავშირები კლასიკური მაფია არ არის: მაფიას სახელმწიფო დევნის და ებრძვის, პროფკავშირებს კი პრივილეგიებს აძლევს.
 
აი რამდენიმე მაგალითი: საწარმოში არსებული პროფკავშირების ლიდერი სარგებლობს (უფასოდ!) ამ საწარმოს ქონებით (კაბინეტი ხომ უნდა!); პროფკავშირების დელეგაციების საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობას სახელმწიფო ბიუჯეტი (მე და თქვენ!) აფინანსებს; პროფკავშირები (უფასოდ!) სარგებლობენ დამსაქმებლის ბუღალტერიით, როცა საწარმოში საწევროებს აგროვებს და ერთიანად (ზევით!) დარგობრივი პროფკავშირის ანგარიშზე რიცხავს; თუ პროფკავშირმა მოინდომა დამსაქმებელთან კოლექტიური მოლაპარაკებების დაწყება, დამსაქმებელს უარის თქმის უფლება არა აქვს.
 
ფოტო: REUTERS
სხვა სიტყვებით, პროფკავშირებს, რომელიც, პრინციპში, ერთი რიგითი არასამეწარმეო იურიდიული პირია, აქვს შესაძლებლობა, უფასოდ ისარგებლოს კერძო ბიზნესის რესურსებით, ჩაერიოს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის საკონტრაქტო ურთიერთობაში და გამოიყენოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები კონფერენციებზე სამოგზაუროდ.
 
ეს პრივილეგიები “ოფიციალური” პროფკავშირებისადმი მინიჭებულია საქართველოს პროფკავშირების შესახებ კანონითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებით, რომელთაც საქართველო შეუერთდა. მაგრამ კონკრეტულად პროფკავშირებზე არაფერი წერია საქართველოს შრომის კოდექსში, რომელიც დამსაქმებლებთან მისი ურთიერთობების ექსკლუზიურ უფლებას არ ცნობს. ჰოდა, ამ ექსკლუზიური უფლების მოსაპოვებლად ჩვენი პროფკავშირები მზად არიან ძალიან ბევრი გააკეთონ, თუნდაც საქართველოს ეკონომიკისადმი ზიანის მიყენების ფასად.
 
ცოტა ხნის წინ ბრიუსელში სპეციალურად საქართველოს საკითხის განსახილველად გაიმართა კონფერენცია, სადაც ჩვენი პროფკავშირების წარმომადგენლები ითხოვდნენ საქართველოსთვის  ევროკავშირთან ვაჭრობაში შეღავათების გაუქმებას, თუ მათი პრივილეგიები არ გაფართოვდება და არ ჩაიწერება საქართველოს შრომის კოდექსში.
 
მაგრამ მაფიასთან ანალოგიებსა და საქართველოს  ეკონომიკასთან ევროპიდან ბრძოლას თავი რომც დავანებოთ, იმ საბჭოთა გადმონაშთის სახით, როგორც დღეს პროფკავშირები არსებობენ, ისინი ეკონომიკისთვის თავისთავად ბოროტებაა რამდენიმე მიზეზის გამო.
 
პირველ რიგში იმიტომ, რომ თავისუფალ ბაზარზე მოქმედი აგენტების გარკვეულ ჯგუფს სახელმწიფოს მიერ ხელოვნურად ენიჭება უპირატესობა, რაც თავისუფალ ბაზარს თავისთავად უკვე არათავისუფლად და არაეფექტიანად ხდის. ეს იგივეა, რომ, მაგალითად, კანონით იყოს დადგენილი, რომ გურიაში დაბადებული ადამიანების ხელფასი იყოს უფრო მაღალი, ვიდრე იმათი, ვინც დანარჩენ საქართველოში დაიბადა, მიუხედავად გურულების პროფესიონალიზმისა (გურულებს არაფერს ვერჩი, პრივილეგირებულობის კრიტერიუმი შეიძლება ნებისმიერი იყოს).
 
პირველი მიზეზიდან გამომდინარეობს მეორე: პროფკავშირების პრივილეგიები ხელს უწყობს უმუშევრობის დონის ზრდას თუ არა, ყოველ შემთხვევაში მის შენარჩუნებას, რადგან ხისტი კოლექტიური ხელშეკრულება საშუალებას არ აძლევს დამსაქმებელს ადვილად დაითხოვოს პროფკავშირის წევრი თუნდაც უვარგისი თანამშრომელი და აიყვანოს სხვა, უკეთესი, ან აიყვანოს დამატებით ვინმე, ოღონდ უფრო დაბალი ხელფასით. ამიტომ მგონია, რომ პროფკავშირები ებრძვიან არა უმუშევრობას, არამედ დამსაქმებლებსა და უმუშევრებს.
 
მესამე: პროფკავშირების საქმიანობა მუდმივი და მზარდი ინფლაციის მიზეზია, რადგან დასაქმების ბაზარზე მათი მონოპოლია იწვევს ხელფასების გაუმართლებელ ზრდას.
 
სანამ მეოთხეს დავწერდი, ამ ტექსტის შინაარსი საბჭოთა კავშირში გაზრდილ ჩემს მეგობარს მოვუყევი. “პროფკავშირები მაფია კი არა, კომუნიზმის სკოლააო”. ამაზე უკეთესად ვერ იტყვი. 
 

კომენტარები