MADE IN GEORGIA

0 კომენტარი

მინდა თავიდანვე ვთქვა, რომ მე არ მესმის, რას ნიშნავს „ქართული ლიტერატურა”. მხოლოდ ვიცი ტექსტები, რომლებიც, მიაქციეთ ყურადღება, ქართულად დაიწერა და იწერება, და არა – ეთნიკურად ქართველის მიერ უცხო ენაზე. იმაში გასარკვევად კი, შეიძლება თუ არა თანამედროვე ქართული ტექსტების ევროპული ლიტერატურის ნაწილად მოაზრება, საჭიროა მოკლე ექსკურსი წარსულში.

ქართულად დაწერილი ტექსტებიდან მთავარი ლიტერატურული მწვერვალი „ვეფხისტყაოსანია” – შოთა რუსთაველის მიერ XII საუკუნეში დაწერილი პოემა. ამის შემდეგ მეთვრამეტე საუკუნემდე მხატვრული ლიტერატურა (fiction) ქართულად თითქმის არ იწერება. ხალხური პოეზია, ალეგორიული მოთხრობები, ანდაზები, იგავები და ა.შ. არ ითვლება; იმის მიუხედავად, რომ იოანე ბატონიშვილის (XVIII ს.) მთავარი – ენციკლოპედიური ხასიათის თხზულების „კალმასობის” ერთი ნაწილი X-XVIII საუკუნეების ქართველ მწერალთა ლექსიკონს წარმოადგენს. მხატვრული ლიტერატურის ადგილი თითქმის მთლიანად ჰაგიოგრაფიას უკავია. რაც ზუსტად იმდენადაა საინტერესო სხვადასხვა მკვლევართათვის, რამდენადაც უინტერესო რიგითი მკითხველისთვის. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ჰაგიოგრაფიული მწერლობის პირველი ჟანრის – მარტვილობითის მშვენიერი ტექსტია „შუშანიკის წამება”. თავისი დახვეწილი ენით, სტილითა და მაღალი ესთეტიკური ღირებულებით V საუკუნეში იაკობ ცურტაველის მიერ დაწერილი ეს ტექსტი დღემდე დიდებული საკითხავია. ასე რომ, რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან” დავით გურამიშვილის (XVII ს.) „დავითიანამდე”– პოემიდან პოემამდე – ძალიან დიდი და თითქმის უიმედო პაუზაა. თუმცა ეს ორი ავტორი ერთმანეთს ვერ ეწყვილება დაახლოებით ისევე, როგორც დანტე ალიგიერი და ჯაკომო ლეოპარდი. ანუ ამ დროს ქართულად იწერება მეტწილად ლოკალური მნიშვნელობის, საექსპორტოდ თითქმის უვარგისი ტექსტები. ამ ხანგრძლივი დროის განმავლობაში საქართველო არ აღმოჩნდა ერთგვარი „აგრეგატი”, რომელიც რამდენადმე საინტერესო ავტორს შექმნიდა.
 
და აი, XIX საუკუნეში საქართველოში უცბად ორი გენია ჩნდება. პირველ ნახევარში პოეტ ნიკოლოზ ბარათაშვილის, მეორე ნახევარში – პოეტ და პროზაიკოს ვაჟა-ფშაველას სახით. ორივე ამ ავტორს ნებისმიერი ერი ფარზე დაისვენებდა. აქედან მოყოლებული მეტ-ნაკლებად უკვე შეიძლება იმ ტექსტების მხატვრულ ღირებულებაზე ლაპარაკი, რომლებიც ქართულ ენაზე დაიწერა.
 
XX საუკუნის პირველ ნახევარში საქართველოში თითქმის ერთდროულად ქმნის ტექსტებს ორი, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, მსოფლიო დონის შემოქმედი – პოეტი გალაკტიონ ტაბიძე (სავსებით უთარგმნელი პოეზიით) და პროზაიკოსი მიხეილ ჯავახიშვილი (სავსებით თარგმნადი პროზით). პირველი დიდი ქართველი რომანისტი სწორედ ჯავახიშვილია, რომელიც ქმნის ნამდვილ პროზაულ ნარატივს და, რაც მთავარია, ჟანრულ პროზას. სამწუხაროდ, ეს ის შემთხვევა არაა, როდესაც გამონაკლისი ამტკიცებს წესს.
 
წინა საუკუნის მეორე ნახევრიდან მე ორ პროზაიკოსს გამოვყოფდი – ოთარ ჭილაძეს და გურამ დოჩანაშვილს. ჩემთვის პირველის რომანები უფრო საინტერესოა, მეორის – მცირე პროზა. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ორივე კარგი, თუმცა თვითკმარი (სამწუხაროდ, ამ სიტყვის ცუდი მნიშვნელობით) ავტორია. მათი ლიტერატურული გამოცდილება თითქმის სრულიად უსარგებლოა დღევანდელი ავტორებისთვის. თუმცა არც უარყოფითი გამოცდილების საჭიროება უნდა დაგვავიწყდეს.
 
თანამედროვე ქართველი ავტორებიდან ვინმეს გამორჩევა აქ იმდენად მნიშვნელოვანი არაა, რამდენადაც თვითონ ლიტერატურული პროცესი. ჩემი მოკლე ჭკუით, ქართული პროზა ისეთი მრავალფეროვანი, როგორიც დღესაა, ჯერ არ ყოფილა. მიაქციეთ ყურადღება, აქ საუბარია მრავალფეროვნებაზე და არა – ხარისხზე. ბოლოს და ბოლოს დღეს ქართულ პროზაში გამოჩნდა ჟანრული ლიტერატურის ნიშნები. თანამედროვე ქართველ ავტორთა უმეტესობა ცდილობს, დაწეროს არა განყენებული და ზედროული, არამედ აქტუალური ტექსტი, და თვითონაც, როგორც მწერალი, იყოს დრო-სივრცის ადეკვატური. შორს რომ არ წავიდეთ, ამის ყველაზე მკაფიო ნიმუშია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი. ომი, რომელიც თითქმის ყველა რამდენადმე ღირებულ ქართულ ტექსტში რაღაც ფორმით აისახა. პროზის ენაც მაქსიმალურად ცდილობს ყოფით, სამეტყველო ენას დაუზავდეს. არადა ეს ენები აქამდე თითქმის სრულიად სხვადასხვა ქრონოტოპოსში არსებობდნენ.
 
თავისთავად ძნელია, თანამედროვე ქართული ტექსტების ევროპული ლიტერატურის ნაწილად მოაზრება. რამდენადაც ეს პროცესი თუ აქტი ორ მხარეს გულისხმობს: მწერალი-მკითხველი. ისეთი სტატუსი კი, როგორიცაა „საყვარელი ქართული წიგნი”, პირადად მე, ბევრს არაფერს მეუბნება. იმისათვის, რომ გავიგოთ, რა იწერება დღეს საქართველოში, სულ მცირე, საჭიროა ძალიან ბევრი ასეთი „საყვარელი წიგნის” დესაკრალიზაცია. რაც დაახლოებით ისეთივე აუცილებელია ბევრი რამის განვითარებისთვის, როგორც დესტალინიზაცია იყო აუცილებელი. როგორ შეიძლება, მკითხველის გემოვნება სტატიკური იყოს? გემოვნება ხომ მარად მოძრავი, ცვალებადი და განვითარებადი რამეა.
 
დაბოლოს, რაღა დაგიმალოთ და, მე ქართულ პროზაში მიმდინარე პროცესი უფრო მაინტერესებს, ვიდრე გაქვავებული მონუმენტებით ტკბობა. რაც დაახლოებით იმას გავს, ყოველ წელს რომ ვზეიმობთ თბილისის „დინამოს” ოდინდელ წარმატებას. რაც, ჩემი აზრით, ისეთივე მარაზმია, როგორიც ანსამბლ „მზიურის” სიმღერებით დღეს მოგვრილი ჟრუანტელი. მე კი მჯერა, რომ დღეს ქართულ ენაზე იწერება საექსპორტოდ ვარგისი ტექსტები, რომლებიც შეიძლება მოვიაზროთ ევროპული ლიტერატურული სივრცის კონტექსტში, მაგრამ იმის სათქმელად, რომ ეს ნამდვილად ასეა, საჭიროა უცხო, არაქართველი მკითხველი.
არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ქრისტინე ბაგრატიონ-მუხრანელი

კომენტარები