როგორ უყვარდათ მათ ერთმანეთი

„ფუნაგორიების” გამოცემა შესაძლებელი გახდა მხოლოდ იმ საქართველოში, სადაც ხელისუფლება უარს ამბობს მწერალთა მომსახურებაზე: არც მწერალთა კავშირს ინახავს, არც მწერლებს აყვირებს თავის სასარგებლოდ, არც პრივილეგიებს უნაწილებს უთანაბროდ და არც იდეოლოგიურ შეკვეთებს იძლევა.

ფუნაგორია ყველაზე ხშირად არის გალექსილი ინვექტივა, რომელსაც ავტორი უძღვნის რომელიმე მწერალს, მის ქცევას, ნაწარმოებს, მოვლენას ლიტერატურაში და მის გარეთ. ფუნაგორიას ამავე დროს ე.წ. ნეხვის ხოჭოსაც ეძახიან. ის ქართულ სიტყვიერებაში ვრცელდება XX საუკუნის 30-იანი წლებიდან. ესაა დრო, როცა ბოლშევიკებმა ლიტერატურისთვის მეტი დრო გამონახეს – არა წასაკითხად, ცხადია.
 
პოლიტიკის ჩარევამ ლიტერატურაში წარმოშვა და გაამძაფრა ბრძოლა ძალაუფლებისათვის. მნიშვნელობა შეიძინა, მაგალითად, ვინ გახდებოდა მწერალთა კავშირის მდივანი და ვინ – ამა თუ იმ გამომცემლობა/გამოცემის რედაქტორი. ფუნაგორია „ჟანრის” ენდემური სახელია, თორემ გესლიან ეპიგრამებს პოეტები ოდითგანვე თხზავდნენ.
 
ლიტერატორთა ცხოვრებაში გავლენისა და ძალაუფლების ადრეულ განაწილებას ერთი ლოკალური თავისებურება ახლავს: საქართველო სსრკ-ის პერიფერიაა, დიდი პრივილეგიების დრო ჯერ არ მოსულა, თბილისში მწერლებს არ დაესიზმრებათ ის პატივი, რაც მოსკოვში, ვთქვათ, მაქსიმ გორკის ერგო საეჭვო სიკვდილამდე. შეგრძნება, რომ გასანაწილებელი ბევრი არც არაფერია, ახლავს ფუნაგორიათა საგრძნობ ნაწილს. დისტანციური, დამცინავი, ქედმაღლური ზიზღი (ხანაც შეფარული შური) მოჩანს სტრიქონებში, ნომენკლატურულ ლიტერატორებს რომ ეხება. მათი დაცურების შემდეგ კი ირონიულ ნიშნისმოგებას შეიძლება ცოტა სითბოც  გამოერიოს. მოკლედ, ყველამ იცის, რომ ნეხვში არიან და თანაზიარობის ეს განცდა აიშვიათებს დაუნდობლობას ფუნაგორიის ადრესატის მიმართ.
 
„რაჟდენმა თქვა: გამგეობას მეცილები, დემეტრაძე?
გვიან მივხვდი, თორემ დღემდის ასჯერ უნდა დემეტრაწე”.
 
საბჭოთა საქართველოს ლიტერატურული ცხოვრება ძალიან მწირად არის შესწავლილი და ფუნაგორიათა ეს კრებული უნებლიეთ ასრულებს, სულ მცირე, საკვლევი მასალის როლს. ფუნაგორიებში ნახსენებია 30-50-იანი წლების 250-მდე მწერალი თუ მწერლობასთან დაკავშირებული პირი – მათი დიდი უმრავლესობა დღეს დავიწყებულია – ეგებ, სრულიად დამსახურებულადაც. ფუნაგორიებიდან იძერწება ლიტერატურული ფეოდალების, ლიტერატურული მილიციელების, ლიტერატურული მასხარების, თაღლითებისა თუ აუტსაიდერების შტრიხები. ფუნაგორიები უმოკლესი ალტერნატიული რეცენზიებიცაა – ვვარაუდობ, გაცილებით გულწრფელი, ვიდრე მაშინ დაბეჭდილი კრიტიკული წერილები იყო. კომუნისტების ნებიერა რომელიმე მწერალზე (დღეს მათ საფლავებს ბლომად ნახავთ დიდუბის პანთეონში) ოფიციალურად, შესაძლოა, ვერაფერი დაგებეჭდა, სამაგიეროდ, იტყოდი:
 
„ნონეშვილი იოსება
წვერულვაშით იმოსება,
პაგონებით დარდიმანდობს,
აუხდა, რაც იოცნება.
მაგრამ ლექსებს რისთვისა სწერს,
ტყვილა რატომ იოსება?
პაგონებით, გაგონებით,
არც ნიჭით და არც გონებით!”
 
ადრე აკაკი ბაქრაძემ შენიშნა პოეტ კარლო კალაძეზე: ყოფაში იუმორის გრძნობა ჰქონდა, მაგრამ შემოქმედებაში საერთოდ ვერ ავლენდაო. ფუნაგორიები სწორედ იუმორის დასაბანდებელი ასპარეზია ბევრი მწერლისათვის. ქართული საბჭოთა ლიტერატურა ნოდარ დუმბაძის მოსვლამდე არ „იცინის” (გამონაკლისი: უიშვიათესი ირონიული სტრიქონები, ვთქვათ, გალაკტიონთან). მაგრამ ოფიციალური, ლეგალური ლიტერატურა პირქუშია.
 
ფუნაგორიების კითხვისას ხვდები, რომ სიცილს, ისევე როგორც გულწრფელობას, კომუნიზმის სიყმაწვილე არ იწყნარებდა. წამახულ და შხამიან ეპიგრამებს, უკეთეს შემთხვევაში, უბის წიგნაკები იმახსოვრებდნენ. ლაშა ბაქრაძემაც ერთი ასეთი ხელნაწერი წიგნაკი დაბეჭდა.
 
ფუნაგორიები, გარკვეული აზრით, ლიტერატურული კარნავალია, ყეენობაა: ის კილავს ყველას და ყველაფერს. აქ თანაბრად დასცინიან დიდკაცებს და უჩინოებს. დასცინიან ჯილდოებს, გარეგნობას, საქმიანობას, უნიჭობას, გაფხორვას, ზნეს, წარმოშობას, მარიფათს, სექსუალურ ქცევას... ფუნაგორიებში ჩანს გამომთქმელის ნიჭი და უუნარობაც. წიგნში, სადაც კი შეიძლებოდა, ყველგან იდენტიფიცირებულია ავტორი და ადრესატი.
არსებობს კიდევ ერთი მიზეზი ფუნაგორიის საწერად: პოეტს არ ასვენებს რითმები, სიტყვათა თამაში, მის ტვინში უნიკალური „ვერბალურ-ქიმიური” რეაქციები ხდება, მათ შედეგს კი სერიოზულ პოეზიაში ვერ გამოიყენებ. და სწორედ ამ დროს იწერება
 
მატილდამ ტრაკით გალახა შვილი.
ატირდა ჟაკი ბალახაშვილი.
 
და ბოლოს: ფუნაგორიათა კითხვა სასარგებლოა გამოსაფხიზლებლად და მითების დასამიწებლად. აქ იგებ, როგორ უყურებდა ზოგი თანამედროვე დღეს ძეგლებად ქცეულ კლასიკოსებს – გინდა, მათ შემოქმედებას, გინდა – პიროვნებას, გინდა – „სტრატეგიებს”. გიორგი ლეონიძე, კონსტანტინე გამსახურდია, იოსებ გრიშაშვილი, სიმონ ჩიქოვანი, გერონტი ქიქოძე, ირაკლი აბაშიძე... სხვების, უფრო წვრილთა ღვაწლის ჩამოთვლაც შეიძლება. მაგრამ ორიგინალში გაცნობა სჯობს. 
 

კომენტარები