შეზღუდული პასუხისმგებლობის ტვინი

„მე ძალიან პატარა ტვინი მაქვს და გრძელი სიტყვები მაწუხებს”. 
 ვინი პუჰი

ტვინი რთული მექანიზმია. იმდენად რთული, რომ ადამიანს ჯერ ტვინი არ ჰყოფნის მის ბოლომდე გასაშიფრად. თუმცა, რაც დრო გადის, ის ნელა, მაგრამ მაინც ვითარდება კაცობრიობის პარალელურად. რაც უფრო განვითარებულია ადამიანების ჯამური ტვინი, მით უფრო წინ მიდის ცივილიზაცია. და პირიქით. 

ტვინი ერთგვარი კუნთია, რომელიც ფიქრით უნდა ავარჯიშო. ხალხურად რომ ვთქვათ, უნდა გაანძრიო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის გლუვდება, რაც მისი პატრონის არაადეკვატურობას იწვევს. 

ტვინი ინფორმაციის გადამამუშავებელი ქარხანაც გახლავთ. აუდიო-ვიდეო ინფორმაცია თვალის და ყურის გავლით მიდის ტვინამდე, გადის რამდენიმე ფილტრს და ან იქვე რჩება სამომავლო გამოყენებისთვის, ან სხვადასხვა გზებით უკან ბრუნდება საზოგადოებაში. 
და როგორია დღევანდელი ქართული, ჯიგრული ტვინი? ტვინი, რომელიც თითქმის მთელი ისტორიის განმავლობაში გაჩერებული იყო (რაც ქართველებს, როგორც დღემდე ირკვევა, ძალიან მოსწონდათ)?  

ის ძლივს ფეთქავს. ალბათ იმიტომ, რომ ქართული ტვინის ორივე კარი, შესასვლელიც და გასასვლელიც, მუდმივად ღიაა და იქ ინფორმაციული ორპირია. გარდა ამისა, იქ ფილტრები ან დეფორმირებულია, ან საერთოდ არაა, ან ცოტაა, ანაც ნორმაზე, ოღონდ დაბინძურებული და შესაბამისად, უფუნქციო. ამ ფილტრთაგან მთავარი, ინტელექტი კი გადაშენების პირასაა მისული.

ინტელექტის გარდა, რომელიც ბევრს განათლება ჰგონია, გონებაში ვხვდებით შემდეგ ბლოკ-პოსტებს: ანალიზის, პასუხისმგებლობის, სინდისის, მეხსიერების, პროფესიონალიზმის, პატიოსნების, წინდახედულობის, ადეკვატურობის და ასე შემდეგ. რაც მეტი და სუფთა ფილტრი დახვდება ინფორმაციას ტვინში, მით უკეთესი გონებისთვის, მისი პატრონისთვის, ოჯახისთვის, ქვეყნისთვის და ადამიანთა მოდგმისთვის. სამწუხაროდ, ქართულ ტვინთა უმრავლესობა საკუთარ ოჯახს, პირად კეთილდღეობას ვერ სცდება, რაც კომუნისტური გამყინვარების ბრალია: ჩვენ არ გვქონდა სამშობლო და არაფერი ვიცოდით მსოფლიოს შესახებ. შესაბამისად, მათზე საერთოდ არ ვფიქრობდით და ამიტომ რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ფილტრი ქართული ტვინიდან, უბრალოდ, გაქრა.

და იშვა სადღეგრძელო, უდარდელი ფარისევლობის, სიყალბის უმაღლესი ზომა. სადღეგრძელო სუფრაზე, სადღეგრძელო მიტინგზე, სადღეგრძელო საარჩევნო პროგრამებში, სადღეგრძელო მედიაში, სადღეგრძელო ყველგან და ყველაფერში. სრული ფარსი. ქართული ტვინი სადღეგრძელოების ფაბრიკად იქცა და ამას უმარტივესი მიზეზი აქვს – ამ ფორმას ფიქრი, ანუ ენერგიის ხარჯვა არ სჭირდება. რაც გინდა თქვი, სადღეგრძელო ყველაფერს იტანს. უმეტეს შემთხვევაში ეს ფინტია – ფიქრობ ერთს, ამბობ მეორეს და აკეთებ მესამეს. მაგალითად სუფრაზე, თამადა ჯერ გვერდზე მჯდომთან არკვევს, რა ჰქვია იუბილარის, ვთქვათ, ბიძაშვილს, შემდეგ ამ ბიძაშვილს უხსნის სიყვარულს და ბოლოს მას... ჭრის.

დღეს ქართული ტვინი სწორედ ამ სამგანზომილებიანი, ამაზრზენი ფორმატით მუშაობს. ის რეალობას ვერ ან არ გრძნობს იმიტომ, რომ ასე სჭირდება და ამ საჭიროების ლეგიტიმურობა, როგორც უკვე ვთქვით, მისი ოჯახის კარის ზღურბლთან თავდება. 

ინდოელი ფილოსოფოსი, პროფესორი ოშო რაჯნიში, რომელსაც ამერიკაში იმდენი მიმდევარი გაუჩნდა, რომ ქვეყანა დაატოვებინეს, თავისი სახელმძღვანელოებით და მედიტაციებით ამტკიცებდა, რომ მთავარი გულია (გრძნობა) და არა ტვინი (ლოგიკური აზროვნება). ოშო გვარწმუნებს – ადამიანი მხოლოდ მაშინ იქნება გასხივოსნებული, ანუ იდეალურად ბედნიერი, როცა გონებას გათიშავს და მთლიანად გულს, სიყვარულს, სიკეთეს, ურთიერთპატივისცემას მიენდობა. ეს ძალიან ძნელია და ეს მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ.

მარად გაბრწყინება-გასხივოსნების მომლოდინე და ამისთვის ხელ-გულ-ტვინის არგამნძრევ საქართველოში, როგორც ჩანს, ოშოს უამრავი მიმდევარი ჰყავს. ოღონდ სანახევროდ და სახიფათოდ – ისინი თიშავენ ტვინს და რთავენ ზიზღს, შურს, ბოღმას, შიშს და სიძულვილს. სახეზეა ასეთი ფენა – ზიზღიანი უტვინოები.

ამის შედეგია ის, რაც აქ ხდებოდა, ხდება და თუ ტვინი არ გაინძრა, კიდევ მოხდება. კონკრეტულად კი, ზემოხსენებული ამბავი – ვფიქრობთ ერთს, ვამბობთ მეორეს და ვაკეთებთ მესამეს. თანამედროვე საქართველოში სანთლითაა საძებარი ხალხი, ვისი ფიქრიც, ლაპარაკიც და საქმეც ერთმანეთს ემთხვევა, საბოლოოდ კი ქრება ის, რაც ყველაზე მაღლა დგას და ძალიან ჯიუტია – ფაქტი. 

ყველაზე მეტად ტვინი სწორედ იმისთვისაა საჭირო, რომ ფაქტები შექმნას, დააკონსერვოს და შეინახოს. ფაქტია, რომ ორჯერ ორი ოთხია. რომ დედამიწას მიზიდულობის ძალა აქვს. რომ ნათურა ანათებს. რომ სამშობლოს ღალატი ყველაზე მდაბიო საქციელია... მათი (ფაქტების) ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ფაქტები შენახულია და მათზე კამათისთვის ენერგიას აღარავინ ხარჯავს. ეს ენერგია ახალი ფაქტების შექმნისთვისაა საჭირო. ასე ვითარდება მსოფლიო.

ჩვენ კი, სადღეგრძელოებს და უპასუხისმგებლობას მიჩვეულნი, ფაქტებს არ ვაღიარებთ. ვფიქრობთ და ვიცით, რომ ორჯერ ორი ოთხია, ვამბობთ (ასე გვაწყობს), რომ ხუთია და ისე ვაკეთებთ (სარგებელი გვექნება), რომ შვიდი გამოვიდეს. არ გამოდის. ასე არაფერი გამოვა.

კომენტარები