კაცური კოცნები

0 კომენტარი

ერთგულ მკითხველებს ეცოდინებათ, ამ სვეტს საქართველოზე საწუწუნოდ ვიყენებ ხოლმე. ხშირად, ოდნავ მფარველობითი და მწარე ტონით ვქადაგებ ქართული ყოფის ამა თუ იმ ასპექტის ჩამორჩენილობის, უგუნურობისა თუ საერთოდაც ხიფათიანობის შესახებ. იმით, რომ საკუთარ თავს სულელ უცხოელს ვუწოდებ, ვცდილობ თავიდან ავირიდო შედარებები ისეთ გულგრილ, პროდასავლელ შოვინისტთან, რომლის შეხედულებები მე-19 საუკუნის კოლონიალისტსაც შეარცხვენდა. თუმცა ახლა, როცა ჩემს მშობლიურ ბრიტანეთს ვეწვიე, გამიჩნდა აზრი, რომ შესაძლოა, ქართველები თავიდანვე სწორ გზას ადგნენ, მე კი მართლაც სულელი უცხოელი ვყოფილვარ.  

მაგალითად, „კაცური გადაკოცნის” ჩვეულება ავიღოთ. მისალმებისას მეგობრის მარცხენა ლოყაზე კოცნა – ეს სიახლოვისა და გულწრფელობის გამომხატველი გამორჩეული ჟესტი საქართველოში ჩამოსული მამრობითი სქესის უცხოელების ყურადღების მიღმა იშვიათად რჩება. ვაღიარებ, როცა ამ წესს პირველად გადავეყარე, ოდნავ დავიბენი და შესაძლოა, ჩემი ღირსების დაცვაზეც დავფიქრდი, მაგრამ ახლა თამამად შემიძლია ვთქვა – გადაკოცნა უკვე ჩვევად მექცა. მეტიც, ეს ჩვევა (თავის მსუბუქად დაკვრასა და ხელის ძლიერ ჩამორთმევასთან ერთად) იმდენად გამიჯდა, რომ იგი ბრიტანეთშიც დავამკვიდრე, ჩემს ბევრ მეგობარში გამოწვეული აშკარა უხერხულობის მიუხედავად. ნებისმიერ შემთხვევაში, იგი ნამდვილად სჯობს ბრიტანულ მშრალ მისალმებას, რომელიც ან გულგრილი, მსუბუქი ხელის ჩამორთმევაა, როდესაც თვალებში ყურება შეიძლება მკაფიო აგრესიად და მუქარად აღიქვან; ან უფრო უარესი – ყალბი, „გულიანი ჩახუტება” თავისი პირფერული ზურგზე ხელის დარტყმებით. 
 განთქმულია ქართველების უზრუნველი დამოკიდებულება დროსთან. არის რაღაც დიდებული ქვეყანაში, სადაც შეხვედრები მხოლოდ მაშინ იწყება, როცა უკანასკნელი დამსწრე გამოჩნდება, ხოლო რესტორნები დასაკეტად ბოლო სტუმრის გასვლას ელიან. ხშირ შემთხვევაში, “ქმდ” (ქართველთა მიახლოებითი დრო) ბევრად უფრო სასარგებლოა, ვიდრე “გმდ” (გრინვიჩის მერიდიანის დრო) – აქ წინადადება: “გუშინ ბიძაჩემის დაბადების დღე იყო” სავსებით საკმარისი საბაბია მეორე დღეს სამსახურის გაცდენისათვის – რაც, თავის მხრივ, ეროვნული სიამაყის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.
სტუმართმოყვარეობა კიდევ ერთი სფეროა, რომელშიც ქართველები მსოფლიო ჩემპიონები არიან. გასაჭირში მყოფი, უცნობი ქართველის კარს თუ მიადექი, დიდი შანსია, იქიდან კარგად დანაყრებული, ნასვამი და დასვენებული გამოხვიდე. სხვაგან, ევროპელები გამასპინძლებაზე უარს გეტყვიან, ხოლო ამერიკაში გამორიცხული არაა, გესროლონ კიდეც. მართალია, ჩემ მსგავსად, ბევრ ქართველს აქვს მობეზრებული დაუსრულებელი სუფრები, სადღეგრძელოები და კიდევ მეტი სუფრები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ისინი მშივრები მაინც არ რჩებიან. აი, თუ ბრიტანეთში გადაწყვეტთ წვეულებაზე წასვლას, გირჩევთ, იქ უკვე ნაჭამი მიხვიდეთ. და ჰო, თან რამე სასმელიც უნდა წაიყოლოთ, თორემ გამოვა, რომ ძუნწობთ და მეგობრების ხარჯზე მუქთად გამოდიხართ.  
ცხადია, სხვის ეზოში ბალახი ყოველთვის უფრო მწვანეა, და ალბათ საქართველოში დაბრუნებისთანავე ისე დავიწყებ წუწუნს, როგორც არასდროს. თუმცა მანამდე, კაცურად გკოცნით ყველას. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები