Don’t Greek Us, Please!

ეს ზმნა რომ გამოვიგონე, ცოტა ხანს ვიცინოდი. ამ ფრაზაში მთელი ჩვენი ყოფა-ცხოვრებაა გამოხატული და კაცობრიობის ყველა ის შეცდომა, რომელიც ბოლო საუკუნეებში დაუშვა.
 
მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან უამრავი პოლიტიკოსი და მათი მხარდამჭერი მოაზროვნე დარწმუნდა, რომ ახლა სწორედ ის დროა, როცა ადამიანის ინტელექტი საკმაოდ მაღალია და საჭიროა, სახელმწიფოს საშუალებით აღმოვფხვრათ ყველა ადამიანური სისუსტე. მაგალითად, თუ ვინმეს სურვილი აქვს ზედმეტად გამდიდრდეს და, თანაც, სხვათა შრომის გამოყენებით, მას უნდა ვუთხრათ, რომ არ აქვს ამის უფლება და დავუკანონოთ მინიმალური ხელფასის ზომა ან სამუშაო საათების მაქსიმალური ოდენობა; განათლება სახელმწიფოს პირდაპირი პრეროგატივაა, რადგან (იმავდროულად) ადამიანი ვერ ხვდება განათლების მნიშვნელობას (ისევე როგორც საკუთარი ჯანმრთელობის), ხოლო თუ მეტ თავისუფლებას მისცემ, ხალხი ტყეებს სრულიად გაჩეხავს... მოკლედ, თავისუფალი ადამიანი არასრულყოფილია და ამიტომ, ცხადია, სახელმწიფოს უფლება აქვს მისი არასრულყოფილება გამოასწოროს და მისი არასწორი მოქმედება შეზღუდოს.

სახელმწიფოს კულტმა განსაკუთრებით ევროპაში მოიკიდა ფეხი და რადგანაც მისი გამოცდილება მთელს მსოფლიოზე დიდ გავლენას ახდენდა, ეს სენი ნელ-ნელა სხვა კონტინენტებსაც გადაედო. მიუხედავად იმისა, რომ მისი სახელით განხორციელებულმა რევოლუციებმა ათობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და უამრავის ცხოვრება დაღუპა, დღემდე გაძლო და ამ ეტაპზე აღმასვლასაც კი განიცდის. მაგალითად – ობამას ამერიკაში. ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევამ ევროპაში უზარმაზარი კრიზისი შექმნა – საბერძნეთი და სხვა ქვეყნები სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ, რომლის მთავარი მოქმედი პირები მათი მთავრობებია, ევროკავშირის ცენტრალურ ბანკთან და სხვა ცენტრალურ სახელმწიფო ორგანოებთან ერთად.

საინტერესოა საბერძნეთის პრობლემებსა და საქართველოს საბჭოთა პერიოდს შორის პარალელების გავლება. ჩემი პირველი რეაქცია, წინა საუკუნის ბოლოს დაწყებულ დისკუსიაზე ევროს შემოღებასთან დაკავშირებით, ასეთი იყო: ეს ხომ მალე გადაიქცევა „დაბრალების თამაშად”, ვინ კვებავს ვის და რამდენ ხანს შეუძლიათ ძლიერებს ათრიონ სუსტები? ეს კითხვები ქართული გამოცდილებით იყო ნაკარნახევი: სსრკ-ს ბოლო წლებში საქართველო დადანაშაულებული იყო სიზარმაცეში, ხეპრეობაში, გაუნათლებლობაში და სხვის ხარჯზე ცხოვრებაში. სინამდვილეში, ფასების საბაზრო სისტემაში, არავინ იცის დასჭირდებოდა თუ არა საქართველოს რუსეთის სუბსიდია. მთავარი პრობლემა საბჭოთა კავშირის აშკარად პოლიტიკური ხასიათი იყო, სადაც ეკონომიკა პოლიტიკის მონა-მორჩილი გახლდათ. საბიუჯეტო სუბსიდირებით და მონეტარული სისტემის საშუალებით გათანაბრების ყველა მცდელობა, რესურსების ფლანგვის საშუალებით მიღწეული სტაბილურობა – პოლიტიკური მიზნებით აიხსნებოდა.

როდესაც ევროპის კავშირის დღევანდელ მდგომარეობას ვაკვირდები, სამწუხაროდ, ისევ ჩვენივე გამოცდილება მახსენდება – მაგალითად, სტატისტიკური მონაცემების გაყალბება, რომელიც საბჭოთა პროპაგანდის მეთოდის ნაწილი იყო. საბერძნეთის დღევანდელი კრიზისი, 2 წლის წინ, სწორედ სტატისტიკის გაყალბების სკანდალური ინფორმაციით დაიწყო – აღმოჩნდა, რომ საბერძნეთის სახელმწიფო ვალმა ორჯერ გადააჭარბა მაასტრიხტის კრიტერიუმს. ეს ინფორმაცია პირველი ქვა იყო წყლის ასამღვრევად, რის შემდეგაც მრავალი ასეთი ფაქტი გამოჩნდა პორტუგალიაში, ირლანდიაში, ესპანეთში... ამ ქვეყნების მთავრობები ევროკავშირის იმედზე იყვნენ და იღებდნენ ვალებს, საკუთარ სიმდიდრეს ილუზიებით ზრდიდნენ, რადგანაც იცოდნენ, რომ მათს ნაცვლად ვალებს მომავალში სხვები გადაიხდიდნენ.

დღეს ევროპის ამოცანა ორმაგია: როგორმე მოხერხდეს კავშირის შენარჩუნება და, თანაც, უარი ითქვას ერთი ქვეყნის მთავრობის მიერ ჩადენილი სისულელეების სხვების მიერ ანაზღაურებაზე. გერმანიაში, საკონსტიტუციო სასამართლოში იხილება პროფესორ მარქუს ქერბერის სარჩელი, რომელიც არაკონსტიტუციურად თვლის გერმანელი გადასახადის გადამხდელთა მიერ საბერძნეთის დახმარების იდეას; ფინეთის მთავრობამ უკვე გადაწყვიტა, რომ აღარ მიიღებს მონაწილეობას შემდგომ ბეილაუთებში, ხოლო სლოვაკებმა თავიდანვე გააპროტესტეს ნაკლებად შეძლებული სლოვაკეთის მიერ უფრო შეძლებული საბერძნეთის დახმარება. საგულისხმოა ასევე ისიც, რომ ბრიტანეთმა მიაღწია ამ ბეილაუთის სქემიდან იმ ქვეყნების გამოთიშვას, რომლებიც ევროს არ გამოიყენებენ. კრიზისი სახეზეა, მაგრამ გადაწყვეტის მეთოდი იგივეა – ევროპის კავშირის პოლიტიკური ელემენტი ისეთივე მძიმე აღმოჩნდა, როგორც საბჭოთა კავშირის და მის შესანარჩუნებლად ზარალი გამართლებულია.

მკითხველისათვის ალბათ უფრო მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ რა ფორმით ეხება ეს საქართველოს. თუ პრობლემის ანალიზში ღრმად ჩავეფლობით, აღმოვაჩენთ, რომ საბერძნეთის კრიზისი არა მხოლოდ მისი პოლიტიკოსების არასწორი ქცევის საკითხია, არამედ ევროკავშირის საერთო ეკონომიკური პოლიტიკისაც, რისი შედეგიც საბერძნეთის შემდეგი მახასიათებლებია:

1. Doing Business 2011, საბერძნეთი: 109-ე ადგილი მსოფლიოში, ბიზნესის დაწყების რეიტინგი 149-ე ადგილი, ინვესტორების დაცულობის – 153-ე.

2. Heritage Foundation, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი 2011: 88-ე ადგილი, 60% თავისუფლება, სახელმწიფოს ხარჯები – 34% თავისუფლება.

3. Fraser Institute, ეკონომიკური თავისუფლება მსოფლიოში 2010: მე-60 ადგილი, რეგულირება – 5.97 ათიდან.

ბიზნესის მძიმე რეგულირება ბერძნების მიერაც სერიოზულ პრობლემად სახელდება. საქმე ისაა, რომ საბერძნეთის მთავრობას არანაირი მოტივაცია არ გააჩნია, გააუმჯობესოს პირობები ბიზნესისათვის – ამის ნაცვლად მათ სუბსიდიის და ვალის აღების შესაძლებლობა აქვთ. შესაბამისად, სწორედ ისეთივე პარაზიტული გზა აირჩიეს, როგორიც საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას ჰქონდა 1970-80-იან წლებში – მთავარია „ჭკვიანად” მოვიქცეთ და ცენტრალური ხელისუფლება დაგვეხმარება. ამ პირობებში ქართველების ერთი ნაწილი მთლიანად მოსკოვის იმედზე იყო, ფიქრობდნენ, რომ ქვეყანა მოსკოვის გარეშე დაიღუპებოდა. მოსკოვსაც მოსწონდა ეს, რადგან მისი ძალაუფლების შენარჩუნების შესაძლებლობა იყო. არ მინდა დავიჯერო, რომ ევროკავშირის პოლიტიკოსებს, გერმანიისა და საფრანგეთის ხელმძღვანელობას, იგივე რჯიდეთ, მაგრამ უფრო ძნელია სხვა მიზეზის მოძებნა, რატომ უნდა იხადონ მათმა მოქალაქეებმა ბერძნების ვალები.

როდესაც საბერძნეთის პრობლემაზე დისკუსიაში ვერთვები, პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რომ ყველაფერი მის მოსახლეობას არ დაბრალდეს. საქართველოს ბოლო საუკუნის ისტორია გვაუწყებს, რომ ხალხი ნამდვილად არაფერ შუაშია. უკანასკნელი 7-8 წლის გამოცდილებამ დაგვანახა – როგორც კი პრობლემების საკუთარი პასუხისმგებლობით გადაჭრა დავიწყეთ, ყველა მითი გაიფანტა და ძალიან სწრაფად დავიწყეთ გამოსავლის მოძებნა. ის, რაც მოხდა, არა მხოლოდ უბრალოდ ეკონომიკური ზრდა და უფრო მყარი ფისკალური მდგომარეობა, არამედ მენტალური ცვლილებაა – ჩვენ შეგვიძლია სხვათა დახმარების გარეშეც ვიცხოვროთ, თუ ადამიანებს მეტ ეკონომიკურ თავისუფლებას მივცემთ. ამის ერთი ნაწილია დერეგულირების გზა, რომელიც ავირჩიეთ და ახლა მთელი მსოფლიოს ბიუროკრატიის შეტევის საბაბი გახდა. რა უნდათ ამ ბიუროკრატებს? საკუთარი ეკონომიკის დაცვა? რეგულირების დანერგვა, რომ ჯერ სუბსიდიები მოგვცენ, მერე ვალები ავიღოთ, ისევ გავპარაზიტდეთ და ბოლოს საწყალობლად მოგვიგდონ ბეილაუთი და „გადაგვარჩინონ”?

მე მიმაჩნია, რომ არ გვინდა და ამიტომ ვითხოვ: Please, don’t Greek us!

კომენტარები