გაგების მოდერნიზაცია

გიორგი კანდელაკი
facebook.com/gkandelaki

 ევროსტატის რომელიმე სამმართველოს სამშობლოს სადღეგრძელების რაოდენობის თვლა რომ შეეძლოს, საქართველოს გამარჯვება გარანტირებული ექნებოდა. „რაც სახელოვან წინაპართაგან შემოგვრჩა, ქართველობაა”, – ხშირად გაიგონებთ სხვადასხვა მასშტაბის სუფრებზე თუ ტელეეკრანიდან. მაგრამ რას ნიშნავს ეს ქართველობა, ანაც რას „უნდა ნიშნავდეს”, ძნელად თუ ვინმე გაგცემთ პასუხს.

ტრადიციულ რელიგიათა რეგისტრაციის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს, რომ ბევრ ადამიანს ჯერ კიდევ ცხადად არ აქვს წარმოდგენილი რა არის არათუ დემოკრატიული, არამედ საერთოდ სახელმწიფო. მოდერნული სახელმწიფოს არსის შეუცნობლობა – როგორც საზოგადოების, ასევე, რაც უფრო სამწუხაროა, პოლიტიკური ელიტის დიდი ნაწილის მიერ – თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

ამ ფაქტის მიზეზად ორი გარემოება შეიძლება დასახელდეს: ერთი ის, რომ ათწლეულების განმავლობაში, სკოლაში ისტორია ისწავლებოდა (და ნაწილობრივ დღესაც ისწავლება) როგორც წლებისა და ფაქტების გროვამდე დასული ზღაპარი. ამ ზღაპარში ფაქტობრივად არანაირი მეტ-ნაკლებად გასაგები ახსნა არ აქვს მე-19 საუკუნის მე-2 ნახევარსა და მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში თანამედროვე ქართველი ერის ფორმირებას და ნაციონალიზმის მოდერნიზებულ გაგებას. საუბარი აღარ არის ამ პროცესის პარალელურად ევროპაში მიმდინარე ერი-სახელმწიფოების ჩამოყალიბების და მოდერნული ნაციონალიზმის აღზევების კონტექსტში დანახვაზე. ბევრ თანამედროვე ორატორს ხშირად გაიტაცებს ხოლმე ილია ჭავჭავაძის სახელის ამ მითიურ „ეროვნულობასთან” გაიგივება და მისი პიროვნების უზომო საკრალიზაცია. არადა, საკრალიზაცია კაცისა, რომელმაც დესაკრალიზებული სივრცე შექმნა და საფუძველი დაუდო თანამედროვე ქართული იდენტობის ჩამოყალიბებას, კომიკურია. ილიას შესანიშნავად ესმოდა, რომ ეროვნული იდენტობა განსხვავდება რელიგიურისგან. ამ იდენტობის ფორმირებაში პროგრამულია მისი სტატია „ოსმალოს საქართველოში”, რომელშიც ის წერს: „სარწმუნოების სხვადასხვაობა ჩვენ არ გვაშინებს. ქართველმა თავისი სარწმუნოებისთვის ჯვარცმულმა იცის პატივი სხვის სარწმუნოებისაც... არ გვაშინებს მეთქი ჩვენ ის გარემოება, რომ ჩვენს ძმას, ოსმალოს საქართველოში მცხოვრებთა, დღეს მაჰმადიანის სარწმუნოება უჭირავთ, ოღონდ მოვიდეს კვლავ ის ბედნიერი დღე, რომ ჩვენ ერთმანეთს კიდევ შევუერთდეთ, ერთმანეთი ვიძმოთ, და ქართველი, ჩვენდა სასიქადულოდ, კვლავ დაუმტკიცებს ქვეყანასა, რომ იგი არ ერჩის ადამიანის სინდისსა”.

თანამედროვე სახელმწიფოს შეუცნობლობის მეორე მიზეზი კი, პირველი ქართული მოდერნული სახელმწიფოს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის, ხანმოკლე სიცოცხლეა. იმდროინდელ პოლიტიკურ ელიტას მრავალეთნიკურ და მრავალკონფესიურ საზოგადოებაში თანამედროვე დემოკრატიის ასაშენებლად მეტად ნოყიერი ნიადაგი დახვდა. ამ ნიადაგის ნოყიერებაზე 1918 წლის დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე არაქართული ხელმოწერების სიმრავლე მეტყველებს. თუმცა, ბალტიისპირეთის ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოს არ დასცალდა ინსტიტუტების საშუალებით საჯარო სივრცეში სოციალიზაცია – თანამედროვე პოლიტიკური ერის ფორმირების დასრულება. 1921 წელს ახალგაზრდა დემოკრატიის დაპყრობას ოკუპანტების მიერ ჩვენს ქვეყანაში დაყენებული სისხლის მდინარეებიც დაემატა. შედეგად, ქართული ეროვნული იდეის პრაქტიკულად ყველა მატარებელი ფიზიკურად განადგურდა. პარადოქსია, მაგრამ 1918 წელს დაწყებული პროცესის დასრულების ტექნიკური საშუალებები – ურბანიზაცია, სკოლებისა და კომუნიკაციის სრული შეღწევადობა – მხოლოდ საბჭოთა პერიოდში გახდა საყოველთაო. მაგრამ იდეის მატარებელთა გაქრობის გამო პროცესი დეგრადირებული ფორმით დასრულდა და გაჩნდა სრულიად ახალი აქცენტი ეთნიკურ წარმომავლობაზე, სისხლის სიწმინდეზე და ასე შემდეგ. ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ 1991 წლის დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე ვერც ერთ არაქართულ ხელმოწერას ვერ ვიპოვით.

მოქალაქეობაზე მაღლა ეთნიკური წარმომავლობის დაყენებით, ჩვენივე სურვილით დავსხედით დენთის კასრზე დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე. რუსეთმა კი, რომელსაც ეს დამოუკიდებლობა არც მაშინ ეპიტნავებოდა და არც ახლა, ამ კასრს უბრალოდ ასანთი მიუშვირა.

ყოველგვარი მდგომარეობა, სადაც საქართველოს მოქალაქეების ჯგუფი თავს არ აიგივებს საქართველოს სახელმწიფოსთან და იწყებს ფიქრს, რომ მას რაიმე ნიშნით ჩაგრავენ, შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს. ამის საპირისპიროდ, რაც უფრო მეტად უკავშირებს საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა სახის უმცირესობა საკუთარ წარმატებას ამ ქვეყნის წარმატებას, მით უფრო მეტი შანსი გვექნება გამარჯვების მისაღწევად.
ეთნიკური წარმომავლობა პატრიოტიზმის საწინდარი რომ სულაც არ არის, საქართველოს ოკუპაციის ისტორია ნათლად ცხადჰყოფს. მაგალითად, პოლონეთის სამხედრო ისტორიაში საპატიო ადგილი უჭირავს საქართველოს არმიის ოფიცერ მელიქ სომხიანცს, რომელიც ოკუპანტების წინააღმდეგ კოჯორთან გამართული ბრძოლების შემდეგ, სხვა ქართველ ოფიცრებთან ერთად პოლონეთის არმიაში მსახურობდა. თბილისელი გერმანელი იუნკერი გაბრიელ გეხტმანი კი (მისი შთამომავლები ჯერაც მოდიან პარლამენტთან ყოველ 25 თებერვალს), მარო მაყაშვილთან ერთად ერთ სანგარში დაიღუპა 1921 წელს საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში. მაშ, ვინ უფრო მეტი პატრიოტი და მამულიშვილია – გეხტმანი თუ ამ თავისუფლების დასამარების ინიციატორი იოსებ ჯუღაშვილი? ვინ უფრო იმსახურებს ჩვენს პატივისცემას – საქართველოს დაუმარცხებელი გენერალი, წარმოშობით ყუბანელი კაზაკი გიორგი მაზნიაშვილი თუ ლავრენტი ბერია?

ბოლო ერთი საუკუნის მანძილზე საქართველო უკვე მეორედ ცდილობს მოდერნული დემოკრატიული სახელმწიფოს აშენებას. დღეს საქართველო ერთდროულად სამი მიზნის მიღწევას ცდილობს:

• სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა

• დემოკრატიული კონსოლიდაციის მიღწევა

• „პოლიტიკური ერის” ჩამოყალიბება

სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის წარმატებულობას დღევანდელი ხელისუფლების ოპონენტებიც აღიარებენ. თუმცა სხვადასხვა, მეტ, ანაც ნაკლებად თანაზომად, ქვეყნებში დემოკრატიზაციის მდიდარი გამოცდილება აჩვენებს, რომ ამ ინსტიტუტების, ისევე როგორც დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის, წარმატებულობა ვერ იქნება გრძელვადიანი და სტაბილური დემოკრატიული კონსოლიდაციის მიღწევის გარეშე. დემოკრატიული კონსოლიდაცია კი ისეთი მდგომარეობაა, როცა პოლიტიკური ცხოვრების მთავარი, არამარგინალური მოთამაშეები საბოლოოდ თანხმდებიან თამაშის წესებზე და იმაზე, რომ აღარასდროს შეეცდებიან ამ ფუნდამენტური წესების მოშლას და შეცვლას.

საქართველოს რეალობაში, დემოკრატიული კონსოლიდაცია შეუძლებელია, თუ არ მოხდა ფუნდამენტური შეთანხმება ორ საკითხზე:

პირველი: პოლიტიკური კონკურენციის ერთადერთი ასპარეზია პოლიტიკური ინსტიტუტები – პარლამენტი და არჩევნები.

მეორე: საქართველოს ყველა მოქალაქე პირველ რიგში თავს უნდა აიგივებდეს, აიდენტიფიცირებდეს სახელმწიფოსთან, როგორც მთავარ ფასეულობასთან საზოგადოებრივ ცხოვრებაში (ცხადია, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებების ფასეულობაზე დაყრდნობილ სახელმწიფოსთან). ამ ორი პირობიდან ერთ-ერთის დარღვევაც კი ჩვენი სახელმწიფოს გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის.

საქართველოში დემოკრატიული კონსოლიდაციისკენ სწრაფვის უნიკალურობა იმაშიცაა, რომ შიდა ანტისისტემურ აქტორებთან ერთად ამ პროცესს საფრთხეს უქმნის და, საკუთრივ მას, საფრთხედ განიხილავს გარეშე ძალა, რომელსაც საქართველოს სახელმწიფოებრიობა, როგორც ასეთი, ანომალიად მიაჩნია. ხშირად ეს აქტორები ტანდემში მოქმედებენ. ასეთი მოთამაშეები რაც უფრო გამოიკვეთებიან, მით უკეთესი.

კომენტარები