ვირტუალური კორუფცია

0 კომენტარი

ოდესმე თუ კიევის ბორისპოლის ან მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტიდან თბილისში ჩამოფრენილხართ (განსაკუთრებით ღამით), ჩემი ვარაუდით, აუცილებლად უნდა გაგჩენოდათ გრძნობა, რომ საბჭოთა კავშირიდან ევროპაში მოხვდით. მე პირადად, ეს გრძნობა ყოველთვის მიჩნდებოდა, როცა რომელიმე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკიდან მოვფრინავდი. ცხადია, ბალტიის ქვეყნების გარდა – ისინი საბჭოთა კავშირში 80-იანების ბოლოსაც კი ევროპად აღიქმებოდა.

და საქმე ის კი არ არის, რომ, თუ თვითმფრინავში მარცხენა მხარეს, ილუმინატორთან ზიხართ და ამჩნევთ, რომ თბილისი ულამაზესად განათებულია, თავისი უზარმაზარი სამების ტაძრითა და შედარებით მომცრო პრეზიდენტის რეზიდენციით (ინტერნეტში ხუმრობენ, ეს საქართველოში ძალაუფლების გადანაწილების ილუსტრაცია არისო). საქმე ისაა, რომ სასაზღვრო კონტროლის გავლისვე გრძნობ, რომ ამ ქვეყანაში მთავრობა – მოქალაქეებისთვის (შვედეთი), და არა პირიქით (რუსეთი) – არსებობს. ეს განსხვავება ამას წინათ ვიზიტით ჩამოსულმა, კრემლის მთავარმა ლიბერალურმა პროპაგანდისტმა, ეხო მოსკვის მთავარმავე რედაქტორმა ალექსეი ვენედიქტოვმაც კი შეამჩნია. ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ საქართველოს ევროპელობას თვით ევროპელებიც კი ხედავენ. თუ არ გჯერათ, აეროპორტის ტაქსის მძღოლს ჰკითხეთ!

ცნობილი ამბავია, რომ საქართველო კორუფციასთან ბრძოლის ნებისმიერ მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილებზეა. სწორედ ეს არის მისი ევროპელობის მთავარი მიზეზი: „სახელმწიფო – როგორც სერვისი” კონცეფციის ყოველდღიურ ცხოვრებაში დანერგვა კორუფციის პირობებში შეუძლებელია. საერთოდ, ნებისმიერი რეფორმაა შეუძლებელი, რადგან, კორუფციის პირობებში, სახელმწიფო სუსტია და მთავრობა – არაეფექტიანი. გაიხსენეთ შევარდნაძის ეპოქა – იმ დროს მთავრობა რასაც ხელს მოჰკიდებდა, არაფერი გამოსდიოდა: გინდა დენის მიწოდება, გინდა დანაშაულთან ბრძოლა და გინდაც ბიუჯეტში ფულის შეგროვება. კორუფციის არარსებობა არის სწორედ ის, რამაც საქართველო არასაბჭოთა ქვეყნად გახადა.

კორუფციასთან ბრძოლას (და საბოლოოდ მის აღმოფხვრას) სამი ასპექტი აქვს: 1) მოქალაქეების სახელმწიფოსთან ურთიერთშეხების წერტილების რაოდენობის შემცირება („ერთი ფანჯრის პრინციპი”), 2) კორუფციონერების მკაცრი დასჯა (ხანგრძლივი სასჯელი საპატიმროში, თუნდაც 50-ლარიანი ქრთამისთვის) და 3) დერეგულაცია (დაჭერილთა უმრავლესობას ყოველთვის რაიმე ლიცენზიის ან ნებართვის გაცემასთან ჰქონდა საქმე). ჩვენთან სამივე ასპექტი მოქმედებს. თან ისე წარმატებულად, რომ ორგანიზაცია Transparency International-მა ლამის საქმე დაკარგა.

ეს ორგანიზაცია საქართველოში 90-იანი წლებიდან მოქმედებს და, გარდა იმისა, რომ კორუფციის დონეს აკვირდება, მასთან ბრძოლასაც კი ცდილობს. ორივე საქმეში ფულს იღებს. ის წლების მანძილზე აკეთებდა ამას შევარდნაძის საქართველოში. შემდეგ ვარდების რევოლუცია მოხდა და, უმოკლეს დროში, კორუფციას ბოლო მოეღო. თან ისე, რომ ამ ორგანიზაციას რჩევაც კი არ ჰკითხა ვინმემ!

ჰოდა, იმ დღეს აღმოვაჩინე, რომ ის პოპულარული ტერმინი, სწორედ ამ ორგანიზაციას დაუმკვიდრებია თანამედროვე ქართულ ენაში. „ელიტარული კორუფცია” გაგიგიათ, ალბათ. ეს ის არის, რაზეც ყველა ლაპარაკობს, მაგრამ არავის უნახავს, ვინაიდან, ისე დამალულა მმართველი ელიტის სიმაღლეებში, რომ ე.წ. სამოქალაქო საზოგადოება (ვერ ვიტან ამ სიტყვათშეთანხმებას – ჩვენ ყველანი მოქალაქეები ვართ!) მას ვერც კი ხედავს.

საქმე ისაა, რომ ელიტარული კორუფცია სრული ნონსენსია. წარმოიდგინეთ, რომ რომელიმე (ელიტარული!) მინისტრი კორუმპირებულია. მაშინ, რაღაცა დროის შემდეგ, მისი მოადგილეები უნდა გახდნენ კორუმპირებულები (აბა, უფროსთან ფული მიაქვთ და მათთან – არა? ლოიალობას როგორ შეინარჩუნებს?). შემდეგ კორუმპირებულები ხდებიან დეპარტამენტის უფროსები (იგივე მიზეზით). შემდეგ – განყოფილების უფროსები. ასე გაგრძელდება მანამ, სანამ კორუფცია იერარქიის ყველაზე დაბალ საფეხურამდე მიაღწევს. რამდენიმე თვეში ცნობის ასაღებად რომ მიხვალთ, ხუთ ლარს მოგთხოვენ.

მეტსაც გეტყვით, რამდენჯერაც არ ჩავეძიე იმათ, ვინც „ელიტარულ კორუფციაზე” დარწმუნებულად ლაპარაკობს, ვერავინ შეძლო ამ ყბადაღებული კორუფციის ერთი მაგალითი მაინც დაესახელებინა. იცით რატომ? არ არსებობს და იმიტომ. „ელიტარული კორუფცია” ვირტუალური კორუფციაა!
ჰოდა, ჩემი აზრით, კორუფციის ეს სახეობა ყველაზე მოსახერხებელი და ნებისმიერ სხვა კორუფციასთან ბრძოლაზე უკეთესი და სტაბილურად მომგებიანი საქმიანობაა: რაც არ არსებობს, იმას მაინც ვერ მოერევი. ბრძოლის პროცესი კი გრძელდება, ფულიც მოდის – Transparency International-ს საქმე აქვს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები