მეფე მოკვდა, გაუმარჯოს მეფეს!

0 კომენტარი

 წლევანდელი კოპა ამერიკას შემხედვარემ, ლამისაა უკან წავიღო საქართველოს ეროვნული ნაკრების მისამართით გამოთქმული ყველა შენიშვნა და ვირწმუნო, რომ ევრო2012-ზე (მთლად მუნდიალს ჩემი თავხედობა ჯერ ვერ ქაჩავს) ჩვენც საფეხბურთო მოდის მკარნახებელთა შორის აღმოვჩნდებით!

ლათინოამერიკულ ფორუმებს ჯერ კიდევ ადრეული სტუდენტური პერიოდიდან ვადევნებ თვალს – ჯერ საგაზეთო პუბლიკაციებით, 1993 წლიდან კი უკვე ტელევიზიითაც. იმასაც გეტყვით, რომ პირველად საქართველოში („მოპარული”) კოპა ამერიკას მატჩების პირდაპირი რეპორტაჟი სწორედ ჩვენმა სტუდია 8½-მა აჩვენა იბერვიზიის ეთერში. ამას იმიტომ გიყვებით, რომ დაგარწმუნოთ – სამხრეთამერიკული ნაკრებების საერთმანეთო ურთიერთობაც კარგად ვიცი და იქაური ფეხბურთის თავისებურებანიც.

მაგრამ ის, რასაც წელს ვუყურე, არანაირ ლოგიკას აღარ ექვემდებარება. მეოთხედფინალის მერე მსოფლიოს წამყვან ტოტალიზატორებს მშვიდად შეეძლოთ დაეხურათ საბუკმეკერო ოფისები და ყველა თანამშრომელი ანაზღაურებული შვებულებით გაეგზავნათ პლანეტის ყველაზე ფეშენებელურ კურორტებზე. ამ ეტაპზე არგენტინის, ბრაზილიის, კოლუმბიისა და ჩილეს წყვილად გავარდნას დელფოს ორაკული და ვანგაც კი ვერ წარმოიდგენდნენ.

მთლიანად ტურნირის პერიპეტიების, ტაქტიკური ნოვაციების, ახალი სახეებისა თუ იმედგაცრუებების ანალიზი მომავლის საქმეა – ყველაფერ ამას კარგად “გადახარშვა” და შესწავლა უნდა. მე კი ცხელ გულზე შევეცდები ჩემი ორიოდე მოკრძალებული აზრი მოგახსენოთ მთავარი ფავორიტების, არგენტინისა და ბრაზილიის გაბითურებული ნაკრებების შესახებ.

დავიწყოთ იმით, რაც ორივე გრანდს საერთო ჰქონდა (უფრო სწორად, უნდა ჰქონოდა) და რაზეც ამყარებდნენ იმედებს ორივეს ქომაგთა მრავალრიცხოვანი ეროვნული თუ ინტერნაციონალური არმიები.

ახალმა მწვრთნელებმა – სერხიო ბატისტამ და მანო მენეზეშმა – თანამდებობაზე მოსვლისთანავე გამოაცხადეს, რომ უპირველეს ამოცანად თავიანთი გუნდებისათვის ტრადიციული არგენტინულ-ბრაზილიური სათამაშო სტილის დაბრუნება მიაჩნდათ.

გულშემატკივარსაც მეტი რა უნდოდა! ყველამ უმალ წარმოიდგინა, როგორ დაიწყებდა არგენტინა ტრადიციული მოკლე პასებით მრავალსვლიანი კომბინაციების ხლართვას (რასაც ახლა ბარსელონური სტილი ჰქვია), უკანმოუხედავ შეტევაზე ორიენტირებული ბრაზილია კი მინდვრის ნებისმიერ მონაკვეთზე მოაწყობდა ელეგანტური ტექნიკის ფეიერვერკებს...

სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ კონტინენტური პირველობის დაწყებამდე რაღაც მსგავსი ორივე ნაკრების თამაშში შეინიშნებოდა. არგენტინამ ძალიან ეფექტურად ითამაშა ესპანეთის (4:1), პორტუგალიისა (2:1) და იმავე ბრაზილიის (1:0) წინააღმდეგ, ბრაზილია კი ისევ 3 ფორვარდზე გადაეწყო და ახალი ტალანტების მთელი წყება გამოაჩინა.

მაგრამ დაიწყო კოპა და ყველაფერი თავდაყირა დადგა! რად ღირს თუნდაც ის ფაქტი, რომ გუნდებმა ოთხიდან 3-3 თამაში ფრედ დაასრულეს და მხოლოდ თითოჯერ მოიგეს – კოსტარიკელ იუნიორებთან და სრულიად უმოტივაციო ეკვადორთან.

ვფიქრობ, რომ ძირითადი პრობლემა სწორედ მწვრთნელთა პიროვნულ თვისებებში უნდა ვეძიოთ. ბატისტას მთავარი მინუსი ისაა, რომ მას ეშინია ავტორიტეტების! რად ღირს თუნდაც კარლოს ტევესის ამბავი?! ჯერ იყო და, ხულიო გრონდონას კარნახით ამბობდა – ეს კაცი ნაკრებში არ მჭირდებაო, მერე, როდესაც ტევესი უკვე შეეგუა ბედს და საზაფხულო არდადეგების დაგეგმვაზე გადავიდა, შინ დაიბარა, “კაცურად” გაურჩია საქმე და ძირითადშიც დააყენა! ანდა გაბი მილიტო რა წასაყვანი იყო ტურნირზე?! კაცს კლუბში მაშინაც კი არ ათამაშებენ, როცა მისი პოზიციის ყველა მოთამაშე ტრავმირებულია. აქ კი უცვლელად იდგა ტიტულარად და ბავშვური შეცდომების ფონზეც კი არ შერყევია მდგომარეობა... აღარაფერს ვამბობ მესიზე, რომელიც მართლაც არაა მარადონა, მაგრამ დღეს უალტერნატივოა და სწორი მიდგომა სჭირდება...

მენეზეშს კი არ ასვენებს მისი წინამორბედი კარლოს დუნგას აჩრდილი! მართალია, მან ბრაზილია ლამის გერმანულ ყაიდაზე გადააწყო და ტორსიდა გადაიკიდა, მაგრამ შედეგი მაინც ჰქონდა – მუნდიალამდე ყველა ტურნირი მოიგო (მათ შორის, კოპაც), ახლა კი მანო ცდილობს არაფერში არ ჰგავდეს დუნგას და იმ დადებითსაც კარგავს, რაც პენტაკამპეონებმა ბოლო წლებში მოიპოვეს...

არადა, წასვლას არც ერთი არ აპირებს – მთავარი ამოცანა 2014 წლის მუნდიალის მოგებააო, ამბობენ...

მოკლედ, როცა არგენტინა სახლში ვარდება ამ სტადიაზე, ბრაზილია 4 პენალტს ტრიბუნაზე ურტყამს, ხოლო ჩემპიონობის პრეტენდენტებად ვენესუელა და პერუ რჩებიან, გინდა არ გინდა, გახსენდება გამოთქმა: (სამხრეთ ამერიკაში) მეფე მოკვდა, გაუმარჯოს მეფეს!

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები