ტროპიკული ქარიშხალი

ამ დღეებში ერთ-ერთ ტელეარხზე ახალ ამბებს ვუყურებდი, სადაც ერთიმეორის მიყოლებით გავიდა სიუჟეტები დედამიწის სხვადასხვა რეგიონში მომხდარ ტროპიკულ ქარიშხალზე, მიწისძვრაზე, ტყის ხანძარზე, წყალდიდობასა და მეწყერზე, ნგრევითა და ადამიანური მსხვერპლით. სტიქიური უბედურებების ამ ჩამონათვალს ცუნამი, ვულკანური ამოფრქვევა და ტორნადო აკლდა.

სტიქიური უბედურებები ისეთი მასშტაბური ბუნებრივი მოვლენებია, რომლებიც ადამიანის ცხოვრებასა და საქმიანობაზე ძალზე სერიოზულ ზემოქმედებას ახდენენ, იწვევენ ნგრევასა და მსხვერპლს. განსხვავებული გეოგრაფიული ადგილისთვის სხვადასხვა ასეთი მოვლენა ან მათი ერთობლიობაა დამახასიათებელი. კატასტროფების ამ ჩამონათვალიდან საქართველოში ხდება ხოლმე მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი, ტყის ხანძარი, სამაგიეროდ არ გვემუქრება ვულკანი, ტროპიკული ქარიშხალი და ტორნადო (ყოველ შემთხვევაში, დიდი ზომის). არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც პერიოდულად რაიმე სახის ბუნებრივი კატასტროფა არ ატყდებოდეს თავს. ამ მხრივ განსაკუთრებით „გაუმართლა” იაპონიასა და წყნარი ოკეანის სხვა კუნძულებს: მათზე თითქმის ყველა სახის სტიქიური უბედურება ხდება.

აგვისტოს თვეში ყველაზე დიდი ყურადღება მიიქცია აშშ-ში მომხდარმა ქარიშხალმა აირინმა. 2005 წლის ქარიშხალ კატრინას შემდეგ, რომელიც ქალაქ ნიუ ორლეანს დაატყდა თავს და უზარმაზარი ზიანი მიაყენა, ამერიკელები განსაკუთრებული შიშით ელოდნენ, თუ რას „მოიმოქმედებდა” აირინი. მით უმეტეს, რომ ის მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს და უმჭიდროესად დასახლებულ ქალაქს – ნიუ იორკს – ემუქრებოდა. უნდა ითქვას, რომ ამ შემთხვევაში ქვეყნის შესაბამისი სტრუქტურები ბევრად უფრო მომზადებული აღმოჩნდნენ. მართალია, მსხვერპლის თავიდან აცილება ბოლომდე მაინც ვერ მოხერხდა, მაგრამ 55 დაღუპული ნიუ ორლეანის 1836-თან შედარებით მაინც ძალზე ცოტაა.

ქარიშხალი – იგივე ტროპიკული შტორმი, ტაიფუნი ან ციკლონი – წარმოიშობა ოკეანეების სანაპიროების გასწვრივ. ციკლონი მაღალ ტალღებს, ძლიერ ქარს, თავსხმა წვიმას, წყალდიდობას, ქარბორბალას იწვევს, რასაც დასახლებულ ადგილებში შეიძლება მოჰყვეს ძლიერი ნგრევა, ინფრასტრუქტურის – გზების, ხიდების, კომუნიკაციის და ა.შ. – მოშლა.

ასეთი რამ არასდროს მოხდება შიდა ზღვებში. ქარიშხალი წარმოიშობა ეკვატორთან ახლოს, ოკეანის ტროპიკული ზედაპირის თავზე: თბილი, ძალზე ნოტიო ჰაერი სწრაფად ადის მაღლა, ატმოსფეროს უფრო ცივ ნაწილში, სადაც წყლის ორთქლი კონდენსირდება. იწყება ჭექა-ქუხილების სერია. ეს ხდება უზარმაზარ ფართობზე – ზოგიერთი ციკლონის რადიუსი რამდენიმე ასეულ კილომეტრს აღწევს, და დედამიწის ბრუნვის გამო, სპირალურად ეხვევა, ხოლო მის ცენტრში იბადება ციკლონის თვალი – რამდენიმე კილომეტრის რადიუსის მყუდრო და უქარო ზონა, რომლის თავზე სრულიად მოწმენდილი ცაა. სპირალი სულ უფრო სწრაფად ეხვევა, წარმოიშობა ძალზე ძლიერი ქარები, რომელთა სიჩქარე 200-300 კმ/სთ აღწევს. ციკლონების სეზონი ატლანტის ოკეანეში ივნისიდან ნოემბრამდეა. ისინი, როგორც წესი, რამდენიმე დღე არსებობენ.

მეცნიერთა გათვლებით, ქარიშხლის დროს გამოიყოფა 50-200 X 1018 ჯოული ენერგია დღეში. ეს სიდიდე 70-ჯერ აღემატება ადამიანის მიერ მოხმარებულ ენერგიას, 200-ჯერ მეტია გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე და ეკვივალენტურია 10-მეგატონიანი ბირთვული იარაღის აფეთქებისა ყოველ 20 წუთში. ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში ტროპიკულმა ქარიშხლებმა ორ მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. უსახლკაროდ დარჩენილებში კი ხშირად ინფექციური ავადმყოფობები ვრცელდებოდა.

მართალია, ტაიფუნი სერიოზულ ზარალს აყენებს დასახლებულ ადგილებს, მაგრამ მის გარეშე ვერ მოხდებოდა ტემპერატურული ბალანსის დამყარება დედამიწაზე: სითბო გადააქვს ტროპიკებიდან პოლუსებისკენ. ამ ციკლონების გარეშე ზოგ ადგილას მუდმივი გვალვა იქნებოდა. საინტერესოა, რომ ასეთი შტორმების შემდეგ შეცვლილი გარემო ადამიანმა კვლავ შეიძლება გამოიყენოს თავის სასარგებლოდ, რადგან ქარიშხალგამოვლილ სანაპირო ადგილებში წარმოიშობა ხოლმე თევზებით მდიდარი წყალსაცავები.

1960-70-იან წლებში აშშ-ის მთავრობა ცდილობდა ხელოვნურად აეცილებინა თავიდან ქარიშხალი, ციკლონის თვალში წყლის გაციებით, რასაც უნდა გამოეწვია მისი შესუსტება. რამდენიმე ასეთმა მცდელობამ უშედეგოდ ჩაიარა. ცოტა ხნით მართლაც აღწევდნენ ქარიშხლის ინტენსივობის შემცირებას, მაგრამ ის მალევე იკრებდა ძალას. სრულმასშტაბიანი ეფექტის მიღწევა ვერ ხერხდებოდა ციკლონის უზარმაზარი ზომის გამო.
დღეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს რამდენიმე მეტეოროლოგიური ცენტრი, რომელიც ციკლონებს აკვირდება, აფასებს მათ სიძლიერეს, აკეთებს პროგნოზს და გამოსცემს შესაბამის რეკომენდაციებს. აგრეთვე ხდება მუდმივი დაკვირვება ხელოვნური თანამგზავრებიდან. მათი საქმიანობა მნიშვნელოვნად ამცირებს მსხვერპლის რაოდენობას.

ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ბოლო პერიოდში ტროპიკული ქარიშხლების რაოდენობამ იმატა. ზოგი თვლის, რომ რაოდენობის ზრდა არ შეინიშნება, მაგრამ გაიზარდა მათი სიძლიერე. ამ ზრდას ისინი ანთროპოგენურ გლობალურ დათბობას, ანუ ისეთ კლიმატურ ცვლილებას უკავშირებენ, რომელიც ადამიანის სამეურნეო საქმიანობითაა განპირობებული. ამ მოსაზრებას მოწინააღმდეგეები ჰყავს. ისინი მიიჩნევენ, რომ ადამიანის წვლილი თუკი არის, ის ძალზე უმნიშვნელოა, ხოლო ზოგიერთი მკვლევარი საერთოდ ეჭვქვეშ აყენებს ქარიშხლების რაოდენობისა და ინტენსივობის ზრდას. საქმე ისაა, რომ ადამიანი ამ მოვლენას სისტემატურად და გლობალური მასშტაბით მხოლოდ ბოლო ათწლეულების განმავლობაში აკვირდება და ამ პერიოდშიც შეინიშნება ციკლონების რაოდენობის ხან ზრდა, ხანაც შემცირება. ტაიფუნები ოკეანეების გასწვრივ სანაპირო ზოლებში ხდება, სადაც ადამიანის ინტენსიური დასახლება ბოლო ათწლეულების განმავლობაში მოხდა. უფრო ადრეული ქარიშხლების დიდი რაოდენობა შეიძლება შეუმჩნეველი დარჩენილიყო. გარდა ამისა, მათი სიძლიერის შეფასებაც არაზუსტია. ამიტომ, იმის თქმა, რომ ციკლონების რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა ბოლო წლების განმავლობაში, მით უმეტეს, რომ ის ადამიანის სამეურნეო საქმიანობის ბრალია, ძალზე საკამათოა.

ციკლონები მარტო დედამიწაზე როდი წარმოიშობა. მზის სისტემაში ცნობილი ყველაზე დიდი და ხანგრძლივი ციკლონი არის მის უდიდეს პლანეტა იუპიტერზე – ე.წ. დიდი წითელი ლაქა. ის უკვე 300 წელიწადზე მეტია, რაც არსებობს. ეს ლაქა ზომით იმხელაა, რომ მასში 2-3 დედამიწა დაეტევა. მისი ნახვა შესაძლებელია სამოყვარულო ტელესკოპითაც კი. სხვათა შორის, ეს თვე – სექტემბერი – საუკეთესო დროა იუპიტერისა და მისი ოთხი გალილეისეული თანამგზავრის სანახავად. არ გამოტოვოთ!

კომენტარები