ეს ბიჭები ომში არიან

31-ე ქვეითი ბატალიონის უფროსი ლეიტენანტი მუხრან შუკვანი ვაზიანის ბაზაზე
გასულ თვეში, ერთი კვირის განმავლობაში, აშშ-ის საზღვაო ძალების მე-2 საინჟინრო ბატალიონმა და 33-ე ქვეითი ბატალიონის ქართველმა ჯარისკაცებმა ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში ოპერაცია შავი ქვიშა ჩაატარეს. ჯარისკაცებმა, რომლებიც საბრძოლო პოსტ შუკვანზე არიან განთავსებულები, ლადარის ბაზარი გაწმინდეს იმპროვიზირებული ნაღმებისაგან. ეს ბაზარი მეამბოხეებმა დაიკავეს და ადგილობრივი მოსახლეობა ნამდვილი ბაზრის გარეშე დატოვეს, სადაც მათ ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების ყიდვა-გაყიდვა შეეძლოთ. ახლა, ამერიკელები და ქართველები ამ ხალხს ახალ ბაზარს უშენებენ. ოპერაცია შავი ქვიშა მხოლოდ ერთი მაგალითია იმისა, რომ ქართველი სამხედროები მზად არიან, აქვთ სურვილი და უნარი, მხარდამხარ იდგნენ აშშ-ის საზღვაო ძალებთან ავღანეთის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პროვინციაში.

საბრძოლო პოსტ შუკვანზე ავღანეთის, ამერიკისა და საქართველოს დროშები ფრიალებს. ეს მოშორებული, სპარტანული ბაზა საქართველოს 31-ე ქვეითი ბატალიონის უფროსი ლეიტენანტის, მუხრან შუკვანის, სახელობისაა, რომლის ამბავიც აშშ-ის საზღვაო ძალების პროფესიული ჟურნალის, Marine Corps Gazette-ის, სექტემბრის ნომერშია მოთხრობილი.

როგორც Marine Corps Gazette-ი მოგვითხრობს, 2010 წლის 5 სექტემბერს „სანგინის ცხელ, გამომშრალ მთებში, უფროსი ლეიტენანტი შუკვანი წინ მიუძღოდა ქართველი ჯარისკაცების მცირერიცხოვან ჯგუფს, რომელიც მთიდან ჩამოდიოდა მომავალი საპატრულო ბაზისთვის ადგილის შესარჩევად... ერთი მთის ქიმის გადავლის შემდეგ, კარგად შენიღბული პოზიციიდან ჯგუფს სროლა აუტეხეს... როდესაც ჯგუფის მეთაურმა წამოიწია, რომ ზუსტად დაედგინა, სად იყო მტერი ჩასაფრებული, დამიზნებით ნასროლი ტყვია მას ზუსტად დამცავი ჯავშნის ზემოთ მოხვდა”. საბრძოლო პოსტი შუკვანი პატარა ბაზაა, სადაც ამერიკელი საზღვაო ქვეითები და ქართველი სამხედროები იმ დღეს გამაგრდნენ.

Marine Corps Gazette-ი სვამს კითხვას: „როგორ მოხვდნენ უფროსი ლეიტენანტი შუკვანი და მისი ჯარისკაცები ჰელმანდის პროვინციის იმ მზაკვრულ მთებში?” შუკვანის დაღუპვამდე ერთი წლით ადრე, საქართველომ გამოთქვა სურვილი, მეტი წვლილი შეეტანა NATO-ს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების (ISAF) ოპერაციაში. ISAF-ში მონაწილეობისათვის „საქართველოს მთავრობას ბევრი ეროვნული პირობა არ დაუწესებია, რომლებიც NATO-ს სარდლობას უნდა დაეცვა”. ჩვეულებრივ, „ეროვნული პირობები” ის შეზღუდვებია, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყანა საკუთარი სამხედრო ძალების გამოყენებაზე აწესებს (მაგალითად, შეზღუდვა, დატოვონ განსაზღვრული გეოგრაფიული ტერიტორია, აწარმოონ შეტევითი ოპერაცია, შეასრულონ ოპერაცია ღამით), რაც მეთაურებს ოპერაციების ადგილზე წარმოებისას აფერხებს.

ამისგან განსხვავებით, წერს Marine Corps Gazette-ი, „ქართველებს საბრძოლო ოპერაციებისთვის გაწვრთნა და სრული სპექტრის ოპერაციებში მონაწილეობის მიღება უნდოდათ”. სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, საქართველო მოითხოვდა, რომ მის შენაერთებს აშშ-ის საზღვაო ქვეითი ჯარების მეთაურობით ემოქმედათ. მათ მსოფლიოს საუკეთესო სამხედრო ძალების გვერდიგვერდ მსახური სურდათ.

საზღვაო ქვეითების ტრენერთა ჯგუფი ქართველთა 31-ე ბატალიონის გასაწვრთნელად საქართველოში ჩამოვიდა. წვრთნები თბილისის მახლობლად, კრწანისის სასწავლო ცენტრსა და ვაზიანის ბაზაზე მიმდინარეობდა. ტრენერთა ამოცანა ქართველ ქვეითთა შენაერთების რთულ ოპერაციებში მონაწილეობისათვის მომზადება, მათი საბრძოლო შესაძლებლობების სრულად განვითარება და ქართველი სერჟანტების პროფესიონალიზმის ამაღლება იყო. გარდა ამისა, საზღვაო ქვეითების მიზანი ქართველი ტრენერების მომზადებაც იყო, რომლებიც წვრთნებს მომავალში ამერიკელების ნაცვლად ჩაატარებდნენ. როგორც Marine Corps Gazette-ი წერს, დღეს „წვრთნებს, პრაქტიკულად, ქართველები ატარებენ, ხოლო აშშ-ის საზღვაო ქვეითების მრჩევლები მხოლოდ ხარისხს აკონტროლებენ ანდა ავღანეთიდან მათ უახლესი ტაქტიკის, ტექნიკისა და პროცედურების შესახებ ინფორმაციას უზიარებენ ”.

საქართველოში წვრთნების გავლის შემდეგ, ავღანეთში გასაგზავნი ყოველი ქართული ბატალიონი, მომზადების ციკლს გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსში, იმიტირებული საბრძოლო დავალების შესრულებით, ასრულებს. იმ გარემოში, სადაც ნებისმიერი პოლიტიკა გვერდით უნდა გადაიდოს, აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალები პასუხისმგებელია, ქართული შენაერთის ავღანეთის მისიაში გასაგზავნად მზადყოფნა დაადასტუროს. დარწმუნებული ვარ, აშშ-ის საზღვაო ქვეითები ამ პასუხისმგებლობას ძალზე სერიოზულად ეკიდებიან – თუ შეცდნენ, ქვეითები შეიძლება დაიღუპონ.

წვრთნებისა და ავღანეთში რეალური ომის დროს, ქართველმა მოკავშირეებმა საზღვაო ქვეითების პატივისცემა დაიმსახურეს – საზღვაო ქვეითები კი ის ხალხი არ არის, ვინმე რომ ტყუილად შეაქოს.

„ეს ბიჭები ომში არიან, მათ ბრძოლა უნდათ და უნდათ, რომ ბრძოლა ვასწავლოთ”, თქვა მაიორმა ენდრიუ დელ გაუდიომ, რომელიც იმ დროს საზღვაო ქვეითების უფროსი ტრენერი იყო საქართველოში, კიდევ ერთი გამოცემის, Marine Corps Times-ის 6 აპრილის ნომერში.

„ისინი მართლაც კარგი სამხედროები არიან”, ავღანეთში საზღვაო ქვეითთა ყოფილმა სარდალმა, გენერალ-მაიორმა რიჩარდ მილსმა უთხრა Marine Corps Times-ს. „მათი ოფიცრები ფრონტის წინა ხაზს არ უშინდებიან და საფრთხეს არ ერიდებიან. მათ დანაკარგები ჰქონდათ და მიუხედავად ამისა, დავალება არ მიატოვეს, ფოკუსირებული დარჩნენ დავალებაზე და სწრაფად, ძალიან სწრაფად შეძლეს პოზიციის აღდგენა”.
გენერალი მილსი, ალბათ, უფროს ლეიტენანტ შუკვანს გულისხმობდა.

„მათ ბრძოლისა არ ეშინიათ და თავიანთი ტაქტიკა იციან”, აღნიშნა საზღვაო ქვეითთა ძალების უფროსმა სერჟანტმა კარლტონ კენტმა. „ისინი გვერდში გვიდგანან და საზღვაო ქვეითები, რომლებიც იქ მათთან ერთად არიან, ქართველ სამხედროებს დადებითად ახასიათებენ. ისინი თავს სხვებივით სწირავენ, თავიანთ ტვირთს ეზიდებიან”.

საზღვაო ქვეითთა უფროსი სერჟანტისგან ასეთი შეფასება ნამდვილად დიდი ამბავია!

რასაკვირველია, პრობლემებიც არის. მილსი კომუნიკაციასა და ლოგისტიკაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს. თუმცა, როგორც Marine Corps Gazette-ი წერს, „ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, ქართული ბატალიონების სრული სპექტრის ანტიტერორისტულ ოპერაციებში მათი ტაქტიკური ამოცანების შესაბამისად აღჭურვა იყო.

ეს ის პრობლემაა, რომელიც უნდა მოგვარდეს იმ სამხედრო ძალებისთვის, რომელიც არის მზად, აქვს სურვილი და შეუძლია, რომ იბრძოლოს – ყოველ შემთხვევაში, ამას აშშ-ის საზღვაო ქვეითები ამბობენ!

ღმერთმა აცხონოს მუხრან შუკვანი!

(სხვათა შორის, ჩაწერეთ Google-ში “Shukvani Afghanistan” და ნახეთ YouTube-ის ვიდეოკლიპები, როგორ მსახურობენ გვერდიგვერდ ქართველი სამხედროები და ამერიკელი საზღვაო ქვეითები საბრძოლო პოსტ შუკვანზე).

კომენტარები