ჯიპებში, მარხვაზე, წაგებულები

ამსტერდამში ერთხელ ასეთ პანორამას წავაწყდი: რედ ლაითში (წითელი ფარნების უბანში), კოფი შოპიდან სულ რამდენიმე მეტრის მოშორებით, ერთნაირ სასულიერო ფორმაში გამოწყობილი ადამიანები გალობდნენ. ისმოდა ზარების ხმა, იქვე, კაბინიდან კი კლიენტის მომლოდინე შიშველ გოგონას თავი ჰქონდა გამოყოფილი და კმაყოფილი უსმენდა საეკლესიო ჰანგებს.

ეს ჩვენთვის მენტალური ქაოსია.

მას შემდეგ, რაც ვიღაცამ გოგონას ტელეფონით ფოტო გადაუღო (აკრძალულია), ის თავისი სამუშაო ოთახიდან გამოვიდა და ფოტოგრაფს ჩხუბი დაუწყო. და როცა „ფოტოხელოვანი” არ გაჩერდა, გაჩერდნენ მგალობლები, რომელთაგან ერთ-ერთმა უნეტარესი ტონით მოუწოდა ტურისტს დისციპლინისკენ. პროსტიტუცია და რელიგია ერთად დადგნენ წესრიგის მხარეს.

ეს არის წესრიგი, რომელიც ჩვენ ქაოსი გვგონია. წესრიგი ამსტერდამულად. კიდევ ბევრნაირი წესრიგი არსებობს. მაგალითად გერმანული, ყველაზე სახელოვანი. იქ, პატარა ქალაქ მანჰაიმის სადგურში, დილის ხუთ საათზე, როცა მატარებლის ხაზები და დროები ამერია და პრობლემის მოსაგვარებლად სადგურის თანამშრომელს მივმართე (ძალიან ცოტა დრო მქონდა), მან რკინის ბოძზე მიმითითა, ამას ელაპარაკეო. გაოცებული მივადექი ბოძს, რომელსაც წითელი ღილაკი ჰქონდა. მივაჭირე და უცებ ხმა გაისმა: მოგესალმებათ დოიჩე ბანი. რა ენაზე გსურთ საუბარი და რა პრობლემა გაქვთ?

***

მას შემდეგ, რაც ქართული ფეხბურთი დამოუკიდებელი და, პარალელურად, წარუმატებელი, მეტიც, სამარცხვინო გახდა, მე, და არა მარტო მე, იმის ახსნას ვეძებ, თუ რა არის ამის მიზეზი. რა ვარიანტი არ განგვიხილავს: ფეხბურთელები არ ვარგიან, მწვრთნელია დამნაშავე, ფედერაცია უვარგისია, ინფრასტრუქტურა არ გვაქვს, პროგრამაა შესაქმნელი, გულშემატკივრები ჩუმად სხედან სტადიონზე, ჟურნალისტები არასწორ აქცენტებს აკეთებენ, ეროვნული ჩემპიონატი არ ვარგა და ასე შემდეგ. დისკუსია არ თავდება, ყველას საკუთარი ვერსია აქვს.

ამ დროს კი, ამ გაგანია კამათსა და აზრთა მიმოქცევაში, გასაკვირი რამ მოხდა: სომხეთის ნაკრები კინაღამ ფლეი-ოფში გავიდა, ესტონეთი კი სულაც გავიდა. და ყველაფერი თავდაყირა დადგა, ჩვენივე უსუსურობაზე ყველა ჩვენი ვარაუდი გაუფასურდა და თითქოს ჩიხში შევედით, რადგან სომხებს და ესტონელებს არც ჩვენზე კარგი ფეხბურთელები ჰყავთ, არც უკეთესი მწვრთნელები, არც ინფრასტრუქტურა, არც ფული და არც ჩემპიონატი.

რაშია საქმე? ობიექტური მიზეზები ამოწურულია და აქედან გამომდინარე, რჩება ერთი, ძალიან სუბიექტური მიზეზი – მენტალიტეტი.

ჯორჯიან მენტალიტეტ დებილ! იყვირა 1999 წელს საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა იოჰან ბოსკამპმა. ამბობენ, რომ იოჰან ბოსკამპმა ეს მაშინ იყვირა, როცა თამაშამდე ორი დღით ადრე შეკრებაზე მოახსენეს, რომ ზაზა ჯანაშია ეს წუთია დაიძრა მოსკოვიდან. ოღონდ მანქანით. ახალი, საკაიფო ჯიპით.

ნუთუ ეს სიმართლეა? იკითხა გაოგნებულმა კლაუს ტოპმიოლერმა, როცა ნაკრების სადილზე შესულმა გაიგო, რომ ნახევარი გუნდი მარხვაზეა და ხორც-თევზეულს პირსაც არ დააკარებს.

ბოსკამპი ჰოლანდიელია. ტოპმიოლერი – გერმანელი. ისინი არიან ქვეყნებიდან, სადაც ბოზებს რელიგია იცავს და ბოძები ხალხს ეხმარებიან. ისინი არიან ქვეყნებიდან, რომლებიც ნახევარი საუკუნეა მსოფლიო ფეხბურთის მოდას ქმნიან. ეს შემთხვევით არ ხდება – უმეტესად წესრიგი შობს წარმატებას და იმიტომ.

საქართველოში დავბრუნდეთ. იქ, სადაც სასულიერო პირები მარიხუანის არომატში გახვეული ბორდელის გვერდით კი არა, ფული თუ არ მიეცი, საერთოდ არ იგალობებენ და ადამიანებს ბოძები კი არა, ექიმები არ ეხმარებიან. ჩვენ მენტალურად სულ სხვაგან ვართ რელიგიაშიც, სექს-ინდუსტრიაშიც, მედიცინაშიც და ფეხბურთშიც. სხვაგან და ძალიან უკან.

სწორედ ამ მენტალიტეტში იშვა ისეთი დეფექტური და მუდმივი ალიბი, როგორიცაა „ღირსეული წაგება”. დედამიწის არც ერთ კუნჭულში, არც ერთ სფეროში არ არსებობს მსგავსი ფენომენი, რადგან ღირსეულად წაგება იგივეა, რაც უწყლო ზღვა, ცივი მზე ან ჭიანჭველაზე პატარა სპილო. მე მგონი, სიტყვათა თანაწყობა „ღირსეული წაგება” არც ერთ ენაზე არ ითარგმნება ისე, რომ სასაცილო არ იყოს. ეს არის ორსიტყვიანი ანეკდოტი და სანამ მასზე ჩვენც არ გაგვეცინება, ვიქნებით ასე – ჯიპებში, მარხვაზე, წაგებულები.

 

კომენტარები