სოფელი გადაგვარჩენს?

პოლიტიკური პროპაგანდა ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ სოფელი გადაგვარჩენს, საქართველო აგრარული ქვეყანაა და საჭიროა მთავრობის მეტი ძალისხმევა, რათა პროდუქციის რაოდენობის ზრდას მივაღწიოთ. ამ პროპაგანდაში უკვე მედიაც, პოლიტიკური მოთამაშეებიც, უცხოური ორგანიზაციებიცაა ჩართული.

ამ წერილის მიზანია დაგარწმუნოთ, რომ აგრარული პროპაგანდა წმინდა პოლიტიკურ ხასიათს ატარებს და, სამწუხაროდ, ძალიან ჰგავს საბჭოთა დევიზს – რაც მეტი პროდუქცია გვაქვს, მით უკეთესია. თუ საბჭოთა კავშირის გამოცდილებას გადავხედავთ, მისი ხელმძღვანელობის მიზანი – მეტი პროდუქციის მიღება – ეკონომიკური სისტემის კარჩაკეტილი ხასიათით იყო გამოწვეული. ამ პირობებში საბჭოთა ლიდერებს ესმოდათ, რომ მიწის რესურსები შეზღუდულია და საჭირო იყო წარმოების „ინტენსიურ მეთოდებზე გადასვლა” – ეს ფრაზა კომუნისტური პარტიის ბოლო ყრილობების ტექსტებში ხშირად ჩნდებოდა. უბრალო ენაზე, ეს ნიშნავს ერთ ჰექტარზე მეტი პროდუქციის მიღებას, რაც დღევანდელი პროპაგანდის ნაწილია.

მოდი, ახლა კარგად გადავხედოთ აგრარული სექტორის მდგომარეობას საქართველოში და მის მომავალს. როგორ პოლიტიკურად ანგაჟირებულებიც უნდა ვიყოთ, უნდა ვაღიაროთ ორი რამ: 1. აგრარული სექტორი გრძელვადიანი სისტემაა. მოკლე ვადაში მისი რეორგანიზაცია შეუძლებელია. 2. ამ სფეროში საქმიანობა დაკავშირებულია იმასთან, როგორი მდგომარეობაა დღეს მსოფლიო ბაზრებზე, მაგრამ, ასევე, რა მოხდება ამ ბაზრებზე მომავალში, 5-10 წლის შემდეგ. 

დღევანდელ მსოფლიოში საკვები პროდუქტების წარმოებასთან დაკავშირებულია მრავალი ეროვნული და გლობალური პოლიტიკა, სპეციალური პროგრამები, პროექტები, დახმარების პროგრამები, სავაჭრო შეღავათების შეთანხმებები, სავაჭრო ბარიერები და საერთაშორისო ინსტიტუტები, რომლებიც ამ ბარიერებს ებრძვიან. შესაბამისად, ცხადია, აგრარული სექტორი თუ ყველაზე რთული არა, ერთ-ერთი ურთულესი სფეროა ეკონომიკაში. ზემოთ ჩამოთვლილი საკითხები ნებისმიერ ქვეყანას და მის აგრარულ სექტორში ჩაბმულ მეწარმეებს ეხება. ეს ადასტურებს, რომ აგრარული სექტორი არა ადგილობრივი პოლიტიკის საკითხი, არამედ საერთაშორისო პოლიტიკის ერთ-ერთი რთული სფეროა, რომელშიც დიდ და მძლავრ ქვეყნებსაც კი სერიოზული ბრძოლები უხდებათ.

საქართველოს მდგომარეობა გაცილებით უფრო რთულია, რადგან მას საერთაშორისო პოლიტიკის ზეწოლის საკომპენსაციო რესურსები არ აქვს. ღარიბ ქვეყანას არ აქვს საშუალება სუბსიდიები იხადოს და, მით უმეტეს, იმ ზომის, როგორც მდიდარ ქვეყნებს შეუძლიათ. სხვა მხრივ, ღარიბი სახელმწიფოსთვის რთულია საერთაშორისო ბაზრების მოსაპოვებლად ისეთი სავაჭრო პოლიტიკის შექმნა, რომელიც რაიმე უპირატესობას მიანიჭებდა – ჯერ ერთი, ეს საკუთარი ეკონომიკის სხვა სექტორების ხარჯზე უნდა გააკეთოს, მეორეც – დაშვებული შეცდომების გამოსწორებაც შემდგომში საკუთარი ხარჯებით მოხდება, ეკონომიკის შემცირებისას. ეს შესაძლებელია შედარებით ადვილი ტვირთი იყოს განვითარებული ქვეყნისთვის (რაც ნიშნავს მდიდარ მოქალაქეებს), ხოლო საქართველოს, რომლის მოსახლეობა საშუალოდ ათჯერ ღარიბია, ეს ხარჯი მძიმე ტვირთად დააწვება.

მაინც რითი განსხვავდება აგრარული სექტორი/ბიზნესი ჩვეულებრივი წარმოებისაგან? ამ კითხვაზე ყველაზე მარტივი პასუხი ასეთია – რისკი აგრარულ სექტორში უფრო მაღალია – ამ რისკის დიდი ნაწილი პროდუქციის მიღების ციკლია, რომელიც აგრარულ სექტორში უფრო გრძელია, ვიდრე სხვა სფეროში, განსაკუთრებით კი უკეთესი ხარისხის მიღებისა და ერთეულ პროდუქციაზე დანახარჯის შემცირების თვალსაზრისით. გარკვეული რისკი ისიცაა, რომ სექტორი ბუნებრივ მოვლენებზეა დამოკიდებული. ეს უკანასკნელი პირდაპირ კავშირშია საკითხთან – რამდენად დიდია ბიზნესი – მეურნეობა. მაგალითად, ცხადია, რაც უფრო დიდია მიწის ნაკვეთის ზომა, მით ნაკლებია ალბათობა, რომ მთლიანად დაისეტყვება ეს ფართი. თუმცა მიწის ნაკვეთის ფართობის პრობლემა არა მხოლოდ ესაა. 

ვისაც აგრარულ სექტორში ბიზნესი უცდია და, ზოგადად, ალბათ ყველამ იცის, რომ მცირე მიწის ნაკვეთზე უფრო ნაკლები წარმოება შეიძლება, ვიდრე დიდ ფართობზე. თუ შემოსავალი არ შეესაბამება ბიზნესში ინვესტირებულ რესურსებს, მაშინ ასეთი საქმის კეთება არ ღირს. ინვესტირება შეუძლებელია ისეთ სფეროში, სადაც რისკები აპრიორი მაღალია და შემოსავლები ბუნდოვანი. ინვესტორი არის პრაგმატული ადამიანი და არა გმირი, რომელსაც ესმის დიდი რისკი, მაგრამ მაინც მოქმედებს. ამიტომ მცირე ზომის მიწის ნაკვეთზე ფულის დახარჯვა ნაკლები ალბათობითაა შესაძლებელი. 

მარტივად ასე შეიძლება წარმოვიდგინოთ: 2 ჰექტარ მიწაზე წელიწადში შესაძლებელია 10 000 ლარის ღირებულების პროდუქტი მიიღო, საიდანაც ხარჯების გამოკლების შემდეგ შესაძლებელია 5 000 ლარი დაგრჩეს, რაც არ შეიძლება ბიზნეს-წარმატებად განიხილო, თუმცა გლეხის ოჯახის რჩენის შანსია. ეს გლეხი ფერმერად – ბიზნესმენად მაშინ იქცევა, როდესაც 20 ჰექტარი მიწა აქვს და წარმოება წელიწადში 50 000 ლარს აძლევს, რაც  ოჯახსაც ინახავს და წარმოების გაფართოების შესაძლებლობასაც იძლევა.

აგრარულ წარმოებასთან დაკავშირებული ერთ-ერთი მითი ისიცაა, რომ რაც მეტ ტექნიკას გამოიყენებ, უფრო კარგია. ეს იმას ჰგავს, ენერგეტიკოსები რომ გვარწმუნებდნენ, თითქოს ენერგეტიკული პრობლემა ტექნიკურ საკითხში იყო და სინამდვილეში, როგორც კი ეკონომიკურად გამართული მოდელი ამუშავდა: იხდი – გაქვს, მაშინვე ელექტროენერგიის ექსპორტიორები გავხდით. აგრარული სექტორის საკითხიც ასეა, მთავარი პრობლემაა ეკონომიკური საკითხი და არა ტექნიკა. 

ჯერ კიდევ 22 წლის წინ ვამტკიცებდი, რომ აგრარული სექტორის მთავარი ეკონომიკური ამოცანა გლეხს უფრო კარგად ესმოდა, ვიდრე სწავლულ ეკონომისტებს. ის, რაც ჩვენი ბევრი პოლიტიკოსისათვის დღემდე გაუგებარია: სანამ საქმეს/წარმოებას დაიწყებ, უნდა იცოდე სად აპირებ მისი პროდუქციის გაყიდვას. გლეხი საკმაოდ კარგად ერკვევა თავისი პროდუქციის მოსალოდნელ ხარისხსა და შესაძლო დანახარჯებში, რომელიც წარმოებას მოჰყვება. და თუ ეს დანახარჯი აღემატება გაყიდვიდან შემოსულ მოსალოდნელ შემოსავალს, ასეთი პროდუქციის გაყიდვა გაუჭირდება და მისი დამზადება არ უღირს.

პოლიტიკური პროპაგანდის შემსუბუქების პირობებში, ამ საკითხებში გარკვევა არავის გაუჭირდება. მაგრამ საქმე ისაა, რომ აგრარული სექტორი სწორედ პროპაგანდის კარგი ნადავლია და ადამიანებს სხვა რაიმეს დანახვა ხშირად უჭირთ. მაგალითად, ადვილი დასანახია, რომ მოსახლეობის ამ რაოდენობით შენარჩუნება სოფლად არ იძლევა საშუალებას მიწის ნაკვეთების გაერთიანებისათვის. ეს ხელს უშლის გლეხური მეურნეობიდან ფერმერობაზე გადასვლას, შესაბამისად, პროდუქტიულობის ზრდას და დანახარჯების შემცირებას. განვითარებული აგრარული სექტორის ქვეყნებს თუ გადავხედავთ, აგრარულ სექტორში დასაქმებულთა პროპორცია მოსახლეობაში 1-დან 3 პროცენტამდე მერყეობს – ფულად ერთეულში გადაყვანილი მათი წარმადობა ქართველი გლეხისას მრავალჯერ აღემატება. საქართველოში სოფლად დასაქმებულია სამუშაო ძალის 45%, რომელიც მთლიანი შიგა პროდუქტის 8%-ს ქმნის  და მათს დაბალ მწარმოებლურობას მიანიშნებს.

ვთქვათ, მივაღწიეთ კიდეც მწარმოებლურობის ზრდას იმ დონეებამდე, როგორც ეს ყველაზე განვითარებული აგრარული სექტორის ქვეყნებს აქვთ. შემდგომი ამოცანა ამ პროდუქციის გაყიდვა იქნება, და თუ მისი მიღებისათვის გაწეული დანახარჯი გაცილებით მაღალია, მომგებიანად მისი გაყიდვა რთული იქნება. შესაბამისად, ავტომატურად დადგება სუბსიდირების საკითხი, რადგან მის გარეშე პროდუქცია არ გაიყიდება და შესაძლოა, პოლიტიკურად პრობლემური გახდეს. ხოლო სუბსიდია თვითონ იქცევა მუდმივ პოლიტიკურ პრობლემად.

აგრარული სექტორის განვითარების მიმართულება მისი ოპტიმალურ ეკონომიკურ კონდიციებამდე მიყვანა უნდა გახდეს, რაც უახლოეს მომავალში რთული გასაკეთებელი იქნება. სოფლად გამოთავისუფლებულ სამუშაო ძალას ქალაქშიც არ ელოდებიან, სამუშაო ადგილების შექმნა იქაც შეფერხებულია ბევრი ობიექტური პროცესის გამო. ამიტომაც, ამ პერიოდისათვის არსებული პოლიტიკური ამოცანა ჯერჯერობით ვერ ასცდება მთავრობის მცდელობას, უბრალოდ გადაარჩინოს სოფლის მოსახლეობა.

ეკონომიკური ამოცანების გადაჭრა აგრარულ სექტორში არსებულ ვითარებაში ძნელია – წარმოების დანახარჯები მაღალია, ხოლო მწარმოებლურობა დაბალი. საექსპორტო დანიშნულების მასობრივი წარმოება ხარისხის პრობლემასაც ეჯახება. ნებისმიერი მცდელობა, რომ ღვინის თუ ფქვილის დამამზადებელ საწარმოებს ხელოვნურად მოვახვიოთ თავს უხარისხო ყურძნის თუ ხორბლის მიღება (ჩაბარება), ეჯახება კონკრეტულ პრობლემას: ამ მასალით ხარისხიანი პროდუქციის დამზადება, და თანაც დაბალი საწარმოო დანახარჯით, შეუძლებელია და რისკზე წასული საწარმო გაკოტრდება. სწორედ ამიტომ, ეს საწარმოები დაბალი ხარისხის მასალის მიღებას უფრთხიან და ნებისმიერი მცდელობა – დაბალი ხარისხის ყურძენი ძალით შევასყიდოთ, დიდი საფრთხის ქვეშ აყენებს მათს არსებობას.

დაბოლოს, მკითხველს ტრადიციულად ვკითხავდი: 

შენ, პირადად, აგრარულ ბიზნესში საკუთარ ფულს ჩადებდი? 

კომენტარები