ჰეგემონური დემოკრატიზაცია საქართველოში

საქართველოში ბევრ ადამიანს აწუხებს, რომ ჩვენი ქვეყანა არ არის საკმარისად დემოკრატიული და გულწრფელად უნდა, რომ ეს ვითარება გამოსწორდეს. მეც ერთ-ერთი ასეთი ადამიანი ვარ. 

სინამდვილეში, ჩვენნაირთა რიცხვი არც ისე დიდია: როგორც ყველა გამოკითხვა ცხადყოფს, თანამოქალაქეთა უდიდეს უმრავლესობას უმუშევრობა და ფასების ზრდა აწუხებს და არა დემოკრატიის დეფიციტი. მაგრამ არანაკლები პრობლემაა ის, რომ დემოკრატიის ბედზე გულწრფელად მოფიქრალი ბევრი ადამიანი მითების ტყვეობაშია და სასურველი პოლიტიკური სისტემის ბუნებაზე ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს. 

ერთ-ერთ ასეთ წარმოდგენას ვუწოდებდი „ჰეგემონურ დემოკრატიზაციას”, ან „კეთილი დემოკრატი მეფის” მითს. მის თანახმად, იმისათვის, რომ ქვეყანაში დემოკრატია დამყარდეს, საკმარისია ერთი რამ: ხელისუფლებაში მოვიდეს კარგი, ჭკვიანი, უმწიკვლო ადამიანი (ან – ასე უფრო დახვეწილი ინტელექტუალები ფიქრობენ – ასეთი ადამიანების ჯგუფი). ისინი დასხდებიან, კონსტიტუციაში კარგ რაღაცებს ჩაგვიწერენ და, საერთოდ, კარგად მოიქცევიან. გარდამავალ ეტაპს დასჭირდება 1-2 წელიწადი, შემდეგ კი ვიცხოვრებთ ტკბილად, ბედნიერად და დემოკრატიულად. 

მაგალითად: იმისათვის, რომ გვქონდეს დამოუკიდებელი სასამართლო და, მასთან ერთად, კანონის უზენაესობა, სულ თავში მყოფმა ხალხმა მთავრობის დანარჩენ წევრებს მაგიდაზე მუშტი უნდა დაუბრახუნოს და უთხრას: არ დავინახო, რომელიმე თქვენგანმა მოსამართლეს დაურეკოს, თორემ მოგხსნითო. ამის შემდეგ ვიცხოვრებთ ტკბილად, ბედნიერად და სამართლებრივად. 

მოკლედ, დემოკრატიას სჭირდება კარგი ადამიანების ჰეგემონია. სწორედ ამ მითს ემყარება ჩვენი ახალი იმედის – ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური „პროგრამა”, რომლის ძირითადი (ჯერჯერობით ერთადერთი) ნაწილი ხელისუფლებაში კვალიფიციური უმრავლესობით მოსვლაა. რამდენი წელია გვესმის, იმიტომაა ჩვენში დიქტატურა, რომ მმართველ პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს პარლამენტში, ახლა კი – ჩვენც იგივე გვინდაო. ეს როგორ? ახალი ლიდერის გარშემო გაერთიანებული სტაჟიანი დემოკრატები გვიხსნიან: ეს საჭიროა იმისთვის, რომ სწრაფად, ერთ-ორ წელიწადში გავანადგუროთ არსებული დიქტატურა, მერე კი ბატონი ბიძინა საკუთარი თავის ოპოზიციაში გადავა და ამით მიიღწევა ჭეშმარიტი პლურალიზმი და ძალთა ბალანსი. დემოკრატიული თეორიის ჟარგონი რომ გამოვიყენო, ჰეგემონური დემოკრატიზაცია შიზოფრენიული კონსოლიდაციით დასრულდება. 

ეს ლოგიკა ერთ კარგად ცნობილ იდეოლოგიურ სქემას მაგონებს. ამოსავალი ისაა, რომ სახელმწიფო საერთოდ არ უნდა არსებობდეს, რადგან ის, განსაზღვრების თანახმად, რეპრესიული ძალაა. ოღონდ ამის მისაღწევად, სულ ცოტა ხნით, საჭიროა კარგი ხალხის, ანუ „პროლეტარიატის” დიქტატურა, რომელიც ცუდ ბიძიებს გაანადგურებს, სამართლიანობას ერთხელ და სამუდამოდ დაამყარებს, მერე კი სახელმწიფო თავისით მოკვდება. ის „სულ ცოტა ხანი” რამდენ ხანს გაგრძელდა, გვახსოვს. 

იმავე ლოგიკას ემყარება ჩვენი დემოკრატების მოსაზრებებიც. ერთი მხრივ, მათ ესმით, რომ დემოკრატიაში მთავარი პლურალიზმია: იმასაც კი ამბობენ, პოლიტიკურ პარტიებს არჩევნების უბრალო უმრავლესობით მოგებაც უნდა ავუკრძალოთ და მარტო კოალიციური მთავრობები დავუშვათო (რაც, რბილად, რომ ვთქვათ, საკმაოდ ექსტრავაგანტური პროექტია). მაგრამ მანამდე, გარდამავალ ეტაპზე, ყველამ ერთად, გაერთიანებულად უნდა გავანადგუროთ მიშისტური დიქტატურის ჰიდრა. მხოლოდ ამის შემდეგ დამყარდება დემოკრატიის მარადიული სუფევა. 

ვარდების რევოლუციის დისკურსიც ჰეგემონური დემოკრატიზაციის იდეას ემყარებოდა. მის შედეგად ხელისუფლებაში ძირითადად ის ხალხი მოვიდა, ვინც მანამდე „დემოკრატიულ ღირებულებებს” განასახიერებდა. ამიტომ, გამარჯვების შემდეგ, მათ, თითქოს, სასწრაფოდ უნდა ექციათ ქვეყანა დემოკრატიად. თვითონაც, როგორც ჩანს, ასე ფიქრობდნენ. მაგრამ მთლად მასე ვერ გამოვიდა. 

რატომ? პოპულარული ახსნაა, რომ, უბრალოდ, მოვტყუვდით, რომ „ძალაუფლება აფუჭებს”, რომ ეს ხალხი არ აღმოჩნდა მართლა „უმწიკვლო”. ამიტომ ისინიც უნდა შევცვალოთ და ასე ვცვალოთ, სანამ ერთხელაც მართლა უმწიკვლოებს არ გავარტყამთ. მერე ეს უკანასკნელნი ევროკავშირის ვებსაიტიდან ლიცენზირებულ დემოკრატიულ აპლიკაციებს ჩამოგვიტვირთავენ და ვიცხოვრებთ ტკბილად, დემოკრატიულად და ბედნიერად.  

ის დემოკრატებიც, ვინც არსებული ხელისუფლების მიმართ უფრო ლოიალურია, ჰეგემონური დემოკრატიზაციის სქემას ემყარებიან, ოღონდ მის უფრო კრიტიკულ-რეალისტურ ვარიანტში. ეს პოზიცია ორ ძირითად თეზისს ემყარება. პირველი: მიუხედავად ყველა ნაკლოვანებისა, არსებული სახელისუფლებო ჯგუფი მაინც უფრო ერთგულია დემოკრატიული ღირებულებებისა, ვიდრე ყველა რეალისტური (და არა წარმოსახვითი) ალტერნატივა. ამიტომ მათ ხელში მაინც უფრო თავისუფალი ვიქნებით, ვიდრე რომელიმე ალტერნატიული ჰეგემონის ხელში. და მეორე: ამ ხელისუფლებას რაღაცნაირად ზღუდავს კიდევ უფრო დიდი სუპერჰეგემონი –  დემოკრატიული დასავლეთი, და სწორედ ისაა თავისუფლების შენარჩუნების ან გაფართოების ყველაზე დიდი იმედი. (რაც შეეხება ალტერნატიულ ჰეგემონებს, იმათ ვინ ეყოლება სუპერჰეგემონად, ეს კიდევ საკითხავია – ან, უარეს შემთხევაში, არც არის საკითხავი.) 

ამ ორ თეზისს არსებითად მეც ვეთანხმები. მოგვწონს თუ არ მოგვწონს, დღეს გვაქვს ის პოლიტიკური ელიტა, რაც გვაქვს, თავის ხელისუფლებიან-ოპოზიციიანად. აქეთ-იქით თუ მიმოვიხედავთ, აშკარაა, რომ გაცილებით უარეს დღეშიც შეიძლება ვიყოთ. ცოტა უკეთესი ვითარებაც შეიძლება, მაგრამ ბევრად არა. ესე იგი, უნდა შევეგუოთ „დეფექტური დემოკრატიის” სტატუსს? თვისობრივ გარღვევაზე არც ვიოცნებოთ? 

როგორც წარმატებული დემოკრატიების ისტორია გვიჩვენებს, თვისობრივი ნახტომი შეიძლება დაემყაროს მხოლოდ ძალაუფლების ბალანსს სხვადასხვა სოციალურ-პოლიტიკურ აქტორს შორის, რომელთაგან თითოეულს დომინირება უნდა, მაგრამ ვერ ახერხებს, და ამიტომ იძულებულია, სხვებთან შეთანხმებაზე წავიდეს. მაგალითად, ევროპული დემოკრატიები სამეფო ხელისუფლებასა და პარლამენტებს შორის ბრძოლიდან, ან ეკლესიასა და სეკულარულ ძალაუფლებას შორის დაპირისპირებიდან აღმოცენდა, ამერიკის კონსტიტუცია ემყარებოდა კომპრომისებს ფედერალური სახელმწიფოს შექმნის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის და ა.შ. ჩვენშიც საჭიროა, შეიქმნას ძალაუფლების ცენტრები, რომელთაც სხვა გზა არ ექნებათ, გარდა ერთმანეთთან კომპრომისისა. 

2007 წლის გამოსვლების დროს მეგონა, რომ საქართველო ახლოს იყო ასეთ მომენტთან: მას არაპოლიტკორექტულად „ურთიერთვერდაჩმორება” ვუწოდე. ჩემი იმედი ილუზია გამოდგა: მაშინ ოპოზიციამ ყველაფერი მოინდომა, შედეგად კი არაფერი მიიღო და დაჩმორდა. 

დღეს ზოგიერთ დემოკრატს იმედი ჩაუსახა ბიძინა ივანიშვილმა. არა იმიტომ, რომ ეს უკანასკნელი ჭეშმარიტი დემოკრატია (ნამეტანი აშკარაა, რომ არა), არამედ იმიტომ, რომ მისი შემოსვლით ქართულ პოლიტიკაში შეიძლება ახალი ბალანსი დამყარდეს და ამან ვითარება გააჯანსაღოს. კი ბატონო, თეორიულად ვეთანხმები საკითხის ასე დაყენებას. მაგრამ აქ ორი პრობლემაა. ერთი მხრივ, პოლიტიკური ბალანსი, რომელიც ერთი ფულიანი კაცის ხუშტურს ემყარება, ძნელია სტაბილური იყოს და დემოკრატიას საფუძვლად გამოადგეს (ყოველ შემთხვევაში, ისტორიიდან ასეთი მაგალითი არ მახსენდება). გარდა ამისა, ის ფულიანი კაცი, თუნდაც დიდად დემოკრატიული ინსტინქტები არ ჰქონდეს, რაციონალური და კომპეტენტური პოლიტიკური მოთამაშე მაინც უნდა იყოს. მაგრამ მისი პირველი ნაბიჯები არც ამის შთაბეჭდილებას ტოვებს. 

 

კომენტარები