რუსული ბაზარი

0 კომენტარი

მე თუ მკითხავთ, შეცდომაა ბაზრებისთვის ნაციონალური სახელების მიკუთვნება. სიტყვა ბაზარი თავისუფალ გაცვლას აღნიშნავს და არა პოლიტიკურად შეზღუდულ სივრცეს. სინამდვილეში, როდესაც „რუსულ ბაზარზე დაბრუნების” საკითხს იხილავენ, ძალაუნებურად ძველებური ურთიერთობის აღდგენას გულისხმობენ. ზოგს ბევრი არც უფიქრია, რას ნიშნავდა ეს ადრე და რას შეიძლება ნიშნავდეს მომავალში.

როდესაც ჩემს აღმოსავლეთევროპელ კოლეგებთან ერთად კომუნისტების პერიოდის ეკონომიკას ვიხილავთ, მე ყოველთვის აღვნიშნავ, რომ პოლონეთისა და ჩეხეთისგან განსხვავებით, საქართველოს ეკონომიკა საგრძნობლად განსხვავებულ რეჟიმში იმყოფებოდა. ეს არა მხოლოდ გეგმიური მეურნეობა იყო, არამედ კოლონიალურიც. კოლონიალური ეკონომიკა გავრცელებული სისტემაა, რომელსაც ძველი რომი და საბერძნეთიც იყენებდნენ. ეს ნიშნავს, რომ მეტროპოლია, ერთი მხრივ, აიძულებს კოლონიას მისი ეკონომიკის შედეგების უსიტყვო გამსაღებელად იქცეს და, მეორე მხრივ, კოლონია იყოს იმ პროდუქტების იაფი მწარმოებელი, რომელიც მეტროპოლიას სჭირდება. 

საქართველოს სინამდვილეში კოლონიალური მეურნეობა განსაკუთრებით აგარარულ სექტორში შეინიშნებოდა: ჩაი, ციტრუსები, განსაკუთრებული ტიპის ღვინის წარმოება – ეს და სხვა პროდუქტები ჯერ რუსი და შემდეგ საბჭოთა ხალხისთვის იყო განკუთვნილი. თუ ღვინის შემთხვევაში, ჩარევა უკვე არსებულ სექტორში მოხდა, ციტრუსებისა და ჩაის პლანტაციების გაშენება მთლიანად რუსული იმპერიის მიერ იყო თავსმოხვეული. ჯერ ერთი, მაშინ ქვეყნები გაცილებით უფრო კარჩაკეტილები იყვნენ. მეორეც – რუსული იმპერია საკმაოდ დიდი იყო, დაეჯერებინა, რომ თვითონ შეეძლო ქვეყნისთვის სამყოფი ყველა პროდუქტის წარმოება.

ასეთია არგუმენტები, რომელიც საქართველოს ეკონომიკის კოლონიალურ ხასიათს განმარტავენ. ამ სტატიაში სპეციალურად თავს ავარიდებ პოლიტიკური არგუმენტების მოყვანას, მხოლოდ ერთი მიზეზით, რომ არ ავცდეთ ეკონომიკურ ანალიზს. სხვა შემთხვევაში შემეძლო გამეხსენებინა ისეთი „გაუგებრობები”, როგორიცაა ეკლესიების კედლებზე ხატების გადაღებვა თეთრი საღებავით, ქართული ენის განდევნის მცდელობა, საფეხბურთო კლუბ დინამოს აშკარა ჩაგვრა და სხვა მრავალი.

შთაბეჭდილება რომ არ დარჩეს, თითქოს საბჭოთა იმპერია მხოლოდ აგრარულ სექტორში აქტიურობდა კოლონიალური მეურნეობის დასანერგად, მოდით გავიხსენოთ ასევე სხვა ეკონომიკური სექტორები და საწარმოები:

• რუსთავის მეტალურგიული ქარხანა – წარმოების ევაკუაცია მოხდა რუსეთიდან და მაშინვე (1944) ძველ ტექნოლოგიას წარმოადგენდა. მისი მილების ძირითადი მომხმარებლები მრავალი ათასი კილომეტრის სიშორეზე ტიუმენის მენავთობეები იყვნენ. ხარისხი ვერასოდეს უძლებდა კრიტიკას.

• ქუთაისის ავტოქარხანა – აწარმოებდა სატვირთო ავტომობილებს, რომლებიც ტვირთს ვერ უძლებდნენ და ამიტომ ძირითადად უზბეკეთის ბამბის პლანტაციებისათვის მზადდებოდა. ქუთაისელებმა ამ ავტომობილებს შინმოუსვლელი შეარქვეს.

• თბილისის ლითონის ჩამომსხმელი საწარმოები, მათი წარმადობა ბევრჯერ აღემატებოდა იმ მოთხოვნას, რომელიც უახლოეს ათას კილომეტრზე შეინიშნებოდა.

• ასობით დაბალტექნოლოგიური ფაბრიკა და ქარხანა, რომელთა ერთადერთი მომხმარებელი, ცხადია, საბჭოთა კავშირი იყო.

როგორი წარმატებული იყო საბჭოთა ეკონომიკა და ეს ფაბრიკა-ქარხნები, ადასტურებს თუნდაც ის ფაქტი, რომ მრავალი მილიონი რუბლის ჩაწოლილი საქონელი 80-იან წლებში საბჭოთა კავშირმა და საქართველომ დიდ ავღანურ კამპანიაში გამოიყენეს. მახსოვს აჟიოტაჟი და იმათი გამარჯვებული სახეები, ვინც ეს ოპერაცია „გაახერხა”.

ზოგადად საბჭოთა კავშირის გახსენება დიდ სიამოვნებას არ მგვრის. დღევანდელი ახალგაზრდებისთვის, შესაძლებელია, დაუჯერებელიც კი იყოს, რომ ყოველდღიური საჭიროების საგნების შეძენა, ვთქვათ, საოჯახო სანტექნიკისა ან შპალერის, მხოლოდ ცეკადან ზარის ან ქრთამის გაღების შედეგად იყო შესაძლებელი. ბევრი ადამიანი, ვინც ჯერ კიდევ იმ აზრზეა, რომ საბჭოთა კავშირში ბევრი რამ იყო კარგი, ვერ უარყოფს, რომ იმპერიისთვის ჩვენ ღრმა პერიფერია ვიყავით. უცხოელები აქ იშვიათად აღწევდნენ, სასტუმროები თუ რესტორნები ცოტა იყო და ძალიან დაბალხარისხიანი, მახსოვს სულ ორი თუ სამი ნისანი დადიოდა ქალაქში და სამი-ოთხი მერსედესი. ზოგადად, ევროპული ავტომობილი, ჯინსის შარვალი, პეპსი-კოლა და უბრალო საღეჭი რეზინი – სერიოზული დეფიციტი იყო. 

საბჭოთა კავშირი დახურული ეკონომიკა იყო. თბილისში ჩეხური ფეხსაცმელი თუ გქონდა, დიდ წარმატებად ითვლებოდა, თუმცა ფეხებს გამტვრევდა. პირველი სპორტული ფეხსაცმელი, რომელმაც პოპულარობა მოიპოვა, ასევე ჩეხური იყო, ბოტასის ფირმის (აქედან მოდის ჟარგონიც). ეკონომიკის დახურულობა იმით იყო გამართლებული, რომ საზღვრების გახსნის შემთხვევაში მთელი გეგმიური მეურნეობა ჩაიშლებოდა: ერთი მხრივ, ვისაც რამე კარგი ჰქონდა, უცხოეთში გაიტანდა დაუყოვნებლივ, მეორე მხრივ კი – თუ გარედან შემოტანა არ შეიზღუდებოდა, ადგილობრივი წარმოება და სახელმწიფო გეგმაც ჩაიშლებოდა.

დღეს საქართველო, ვაჭრობის თვალსაზრისით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გახსნილი ქვეყანაა. კრიტიკოსები ამას სწორედ ადგილობრივი წარმოების განუვითარებლობას აბრალებენ – იმპორტი იმდენად იაფია, აზრი დაკარგა საქმიანობამო. თუმცა დასკვნას, როგორც ყოველთვის, მეორადი ეფექტიც აქვს – სამაგიეროდ, საქართველოს ხელმოკლე მოქალაქეები ამ პროდუქტებს იაფად ყიდულობენ. 

სამაგიეროდ, რუსეთის ფედერაცია ცუდი მოვაჭრეა, იგი ბარიერებს უქმნის არა მარტო ქართულ, არამედ პოლონურ, ამერიკულ და სხვა ქვეყნების პროდუქციას. სწორედ ამ ქმედების საერთაშორისო ნორმების ფარგლებში ჩასმა უნდა დასავლეთს, როდესაც ცდილობს, რუსეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში შეიყვანოს. რუსეთის მთავრობამ ბოლო ხანებში არაერთი ნაბიჯი გადადგა იმის დასადასტურებლად, რომ არ აპირებს საკუთარი ინტერესების გაცვლას რაიმე ბუნდოვან ღირებულებებში, რომელიც კონკრეტულს არაფერს ჰპირდება. ამიტომ, ჯერ ერთი, რომელიმე ინსტიტუტში სხვების სასარგებლოდ არ ერთიანდება, და მეორეც, ნებისმიერი მცდელობა, იგი ვინმემ საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებამდე მიიყვანოს, სერიოზულად გაჯანჯლდება – ან შეეჯახება ვეტოს თუ ორგანიზაციის დატოვების მუქარას. ცხადია, საქართველოსნაირი მცირე ქვეყნისთვის ამის გამკლავება უფრო ძნელია.

ჩვენ ისტორიულად და დღევანდელი გამოცდილებითაც ზუსტად ვიცით, რომ საერთაშორისო დოკუმენტების ხელმოწერის მიუხედავად, რუსეთი თავს არ იწუხებს მათი შესრულებით. მასთან გაუფრთხილებელი დაახლოება იმას ჰგავს, ბანკს ერთი და იგივე დებიტორი ხშირად ატყუებდეს, ზარალსაც აყენებდეს, მაგრამ, რადგანაც იგი დიდია, ბანკს მაინც უნდოდეს მას ფული ასესხოს.

სხვა საკითხია, არის თუ არა რუსეთის ბაზარი გარანტირებული. ნებისმიერ იმ სეგმენტზე, რომელიც ჩვენ საკუთრად მიგვაჩნია, მრავალი შემოთავაზება არსებობს: ჩაი – ინდური, ცეილონის, ჩინური, კენიური; მინერალური წყალი: ფრანგული, იტალიური, თუნდაც თურქული; ღვინო: ფრანგული, იტალიური, ესპანური, ავსტრალიური, ჩილური; ციტრუსები: იტალიიდან, საბერძნეთიდან, ლიბანიდან, ესპანეთიდან, ა.შ... ამ მწარმოებლებთან კონკურენცია უკიდურესად ძნელია, როგორც ხარისხის თვალსაზრისით, ასევე ფასის. ქართული ღვინის შესაბამისი ხარისხი ორჯერ ძვირია, ვიდრე ფრანგულის, სადაც გადასახადები ორჯერ მაღალია, ვიდრე ჩვენთან. ამის მიზეზების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მთავარია, რომ ალტერნატივა ბევრია. ეს არ ნიშნავს, რომ შეუძლებელია, მაგრამ გულისხმობს, რომ მათთან გამკლავება თუნდაც რუსულ ბაზარზე ძნელი იქნება.

აქვთ თუ არა რუსებს განსაკუთრებული მიდრეკილება ჩვენი ღვინისადმი? შესაძლებელია, თუმცა უფრო იმასადმი, რომ იგი ექსტრემალურად იაფი იყო. ალბათ ყველას კარგად ესმის, რა ღვინო იყო ძალიან იაფი. ჩვენ ვერ მოვუწოდებთ რუს მომხმარებლებს გააგრძელონ ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელების მოხმარება ჩვენი ხათრით. მიახლოებით იმავე ფასებში შესაძლებელია ნამდვილი ჩილური ღვინის შეძენაც. არ დაგვავიწყდეს, რომ რუსები არანაირ პატრიოტობას არ იჩენენ, როდესაც ავტომობილს ყიდულობენ – თუ ფული აქვთ, ყიდულობენ მერსედესს და არა ვოლგას.

შანსი, რომელიც შესაძლებელია რუსეთმა მოგვცეს, რათა უპირატესობა მოგვანიჭოს იგივე ღვინის სექტორში, დაკავშირებული იქნება იმასთან, თუ ჩვენც მივცემთ ანალოგიურ შანსს რუსულ წარმოებასაც – მაგალითად, ავტომობილების სექტორში. ეს ნიშნავს, საქართველოს მოსახლეობას თავს მოახვიოთ ისეთი სავაჭრო რეჟიმი, რომლითაც რუსულ ავტომობილებს აბსოლუტურ უპირატესობას მივცემთ, ქალაქი ისევ გაივსება ჟიგულების და ვოლგების სრულიად უღიმღამო სილუეტებით და მათი შეკეთება ყოველდღე დაგვჭირდება. 

სწორედ ასეთი მოვლენა შეიძლება იხილოთ ჩვენს სამეზობლოში. დსთ-ს წევრობიდან გამომდინარე, ისინი იძულებული არიან, რუსულ ავტომობილებს უკეთესი საბაჟო რეჟიმი შეუქმნან, ვიდრე მაგალითად ევროპულს. ჩვენთან შემორჩენილი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება კი საშუალებას აძლევს, საქართველოდან გააკეთონ რეექსპორტი და გვერდი აუარონ დსთ-ს ნორმებს. პუტინის მიერ ინიცირებული ერთიანი საბაჟო კავშირი კი ამის კიდევ უფრო გამკაცრებას მოითხოვს.

ეს, უფრო დიდი მასშტაბით, ნიშნავს, რომ ჩვენ უკვე (ცუდად) ნაცად ფორმულას დავუბრუნდეთ: მეტროპოლია ჩვენ გვაძალებს საკუთარ პროდუქციას და თანახმაა საკუთარი საზღვრები აამაღლოს ჩვენი კოლონიური პროდუქციის სასარგებლოდ. მაგრამ, ამის გაკეთება ახლა რუსეთს თვითონაც გაუჭირდება, რადგან მისმა მომხმარებელმა უკვე იცის ახალი სიმართლე: არსებობს უკეთესი ღვინოებიც, უფრო იაფადაც, რატომ უნდა იწამლოს თავი? თანაც, ეს ხელოვნური თანხმობა დამოკიდებული იქნება იმაზე, რა ხასიათზე იქნებიან გარკვეულ მომენტში გადაწყვეტილების მიმღები პოლიტიკოსები. შესაძლებელია, ის პირები, ვინც შეთანხმებას ხელი მოაწერეს კიდეც, სხვამ შეცვალოს, და ყველაფერი ისევ თავიდან გახდეს მოსალაპარაკებელი – ასეთი იყო ბოლო 100 წლის გამოცდილება. ამ შემთხვევაში ან სრულიად მისი პასუხისმგებლობა – ანუ კოლონია (საბაჟო კავშირის წევრი, სხვა ინტერესების სანაცვლოდ) უნდა გახდე, ან დიდი ზარალის ხარჯზე მოითმინო. ზარალი ნიშნავს – კონკრეტული ადამიანების პრობლემებს, რესურსების დაკარგვას, სამუშაო ადგილების შემცირებას.

თვითონ განსაჯეთ, გვიღირს თუ არა ისევ რუსეთის კოლონია ვიყოთ, თუნდაც ეკონომიკური, მუდმივად სახვეწარი გვქონდეს შეღავათი გაგვიწიოს, ლმობიერად გადმოგვხედოს, გვაიძულოს მისი უხარისხო საქონლის გასაღების ბაზარი ვიყოთ, მხარი დავუჭიროთ ცივილიზებული ქვეყნების მიმართ მის მტრულ გამოხტომებს საერთაშორისო არენაზე, უარი ვთქვათ ჩვენს საკუთარ გზაზე და საკუთარ ურთიერთობებზე – მხოლოდ იმიტომ, რომ სოფლის მეურნეობაში არ გვინდა საბჭოური კოლონიალური მემკვიდრეობისაგან თავის დაღწევა? 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები