სიგარეტი, გაზეთი, ყავა

0 კომენტარი

იანვრის ერთ მზიან შუადღეს თანამშრომელთან ერთად აივანზე სიგარეტის მოსაწევად გამოვედით (ვიცი, რომ კლავს, მაგრამ მე სიგარეტის დანებება მკლავს). ახედა ამ ჩემმა თანამშრომელმა მოწმენდილ ცას, თვალები მოჭუტა და ამოიოხრა: ამაზე ამ მთავრობას ფული არ ენანებაო!

ცხადია, იხუმრა, თუმცა ჩვენს საზოგადოებრივ სივრცეში არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომელთათვის (ხუმრობის გარეშე) პირველი – და ხშირად ერთადერთი – ეჭვმიტანილი ყოველთვის მთავრობაა. ანაც, უფრო ზოგადად – ხელისუფლება. რაც უნდა გააკეთოს ამ უკანასკნელმა, ყველაფერში მზაკვრულ მიზანს ხედავენ. ამ განუკითხავი ეჭვიანობის ჩემპიონები არასამთავრობო ორგანიზაციები, ჟურნალისტები და ე.წ. მედიაექსპერტები არიან.

თუნდაც ტელეკომპანია მაესტროში ბოლო დროს შექმნილი კრიზისი ავიღოთ: შესაძლო დაფინანსების შესაძლო განაწილების გამო დამფუძნებლებსა და მენეჯმენტს შორის წარმოქმნილ (ერთობ არაცივილურ) დაპირისპირებას იმწამსვე გამოუჩნდნენ კომენტატორები. ამ დაპირისპირებაში მათ თავისუფალი მედიის დახრჩობისკენ მიმართული ხელისუფლების მეცადინეობა დაინახეს.

ამავე რიგშია თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონზე ჩვენი მედიის წარმომადგენლებისა და ე.წ. სამოქალაქო აქტივისტების რეაქცია, რომლებმაც პატარა სავაჭრო ჯიხურების გამოცვლასა და მათში ვაჭრობის შეზღუდვების მოხსნაში, თავისუფალი პრესის (ბეჭდური მედიის) განადგურების მცდელობა შენიშნეს.

კომპლექსს, რომელიც ასეთ ტოტალურ ეჭვიანობას იწვევს, მე, ჩემთვის, „მძლავრი ბიძის” კომპლექსი შევარქვი. ეს ბიძა იმდენად მძლავრია, რომ, სადმე რამე თუ ხდება, ამაში უეჭველად მისი ხელი ურევია. მაგრამ, ფსიქოანალიზს (და მაესტროსაც) თავი დავანებოთ. ჯიხურების ამბავი სხვა მხრივაც საინტერესოა – ეკონომიკური თვალსაზრისით.

რამდენიმე კვირის წინ თბილისის მერიამ გამოაცხადა, რომ აპირებს ნელ-ნელა ჩაანაცვლოს თბილისის ქუჩებში მდგარი სხვადასხვა ტიპის, ზომისა და ფერის ჯიხურები უნიფიცირებული დიზაინის მქონე 1000 ჯიხურით, რომელთა განთავსების ადგილებზე გრძელვადიანი იჯარის უფლებას, იგი აუქციონის წესით მიჰყიდის უმაღლესი ფასის გადამხდელ ნებისმიერ მსურველს. ამავე დროს, მერიამ განაცხადა, რომ ახალი ჯიხურებისთვის მოიხსნება ვაჭრობის ყოველგვარი შეზღუდვა – გაყიდეთ იქ რაც გინდათ: გნებავთ გაზეთები, გნებავთ ხაჭაპური, ან, სულაც – ორივე ერთად.

მერიის ამ გადაწყვეტილებამ და აუქციონის დაწყებამ ჩვენი მედიისა და სამოქალაქო აქტივისტების ნამდვილი ისტერიკა გამოიწვია. თუ არ ვცდები, სამმა მედიაადვოკატირების ორგანიზაციამ (რას ნიშნავს ეს „ადვოკატირება”, არ მკითხოთ!) საგანგებო განცხადებები გაავრცელა და მერიასთან საპროტესტო მიტინგიც კი მოაწყო, სპეციალიზებული საგაზეთო ჯიხურების შენარჩუნების მოთხოვნით.

პროტესტის არსის მოკლედ ჩამოყალიბება ასე შეიძლება: „ხელისუფლება თავისუფალ პრესას ებრძვის!”. რატომ? იმიტომ, რომ ჯიხურების იჯარა ძვირდება და მხოლოდ პრესის გაყიდვით ჯიხურის მეპატრონე მას ვერ გადაიხდის. ამავე დროს, პრესას განსაკუთრებული საზოგადოებრივი როლი აქვს და, შესაბამისად, სხვა რაღაცებთან ერთად არ უნდა იყიდებოდეს; ხელისუფლებას დაქვემდებარებული, პოლიტიკურად ანგაჟირებული კომპანიები 1000-ვე ჯიხურს ხელში ჩაიგდებენ და გამოიყენებენ ოპოზიციური პრესის (ასეთი უმრავლესობაა) შესავიწროებლად. მოკლედ, მზაკვარმა „მძლავრმა ბიძამ” თავისუფალი პრესის მოსპობა გადაწყვიტა!

ალბათ მიხვდებოდით, რომ არცერთ ამ მოსაზრებას არ ვიზიარებ. პირველ რიგში იმიტომ, რომ მე არ მიმაჩნია, რომ პრესა განსაკუთრებული, მაგალითად, ხაჭაპურზე მნიშვნელოვანი, პროდუქტია. პრესა აკმაყოფილებს ინფორმაციის მიღების (ზოგიერთ შემთხვევაში, გართობის) მოთხოვნილებას, ხაჭაპური კი – შიმშილით გამოწვეულ მოთხოვნილებას. რომელი უფრო მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის? ან რომელი უფრო მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის – მერაბ მამარდაშვილის წიგნი წაიკითხოს, თუ ფერად ჟურნალში სურათები დაათვალიეროს?

პასუხი მარტივია: ამ საზოგადოების თითოეულმა წევრმა თვითონ გადაწყვიტოს და არა მერიამ ან „მედიაადვოკატებმა”. იმ წამს, როდესაც მყიდველი ორ ლარს გაზეთში იხდის და არა ხაჭაპურში (ან პირიქით), ის იღებს გადაწყვეტილებას, თუ რა არის მოცემულ მომენტში მისთვის მნიშვნელოვანი. ადამიანს უნდა ჰქონდეს არჩევანის საშუალება – შეიძლება სულაც ოთხი ლარი გადაიხადოს ორივეში! რაც უფრო ფართოა არჩევანი, მით უკეთესი. ხომ ჯობია, რომ ყავაც, ხაჭაპურიც და გაზეთიც ერთ ადგილას იყიდო? გასაგებია, რომ ის ადგილები, სადაც ბევრი ხალხი მოძრაობს, უფრო ძვირი ეღირება. რაც უფრო მეტმა ხალხმა ჩაუარა ჯიხურს, მით უფრო დიდი ალბათობაა, რომ რომელიმე რამეს იყიდის. შესაბამისად, მოიჯარის მოგებაც მეტი იქნება – ის მზად იქნება მეტი გადაიხადოს იჯარაში, რადგანაც უღირს.

ყველაზე საინტერესო პროტესტის მესამე ნაწილია: მონოპოლია მოკლავს თავისუფალ პრესას. დავიწყოთ იქიდან, რომ პრესის გავრცელების ბაზარს დღეს ისედაც ერთი გამავრცელებელი კომპანია დომინირებს. მაგრამ, ვთქვათ და მერიის აუქციონების უმრავლესობას მზაკვარი ხელისუფლების ხელქვეითი კომპანია მოიგებს და გადაწყვეტს, არ გაყიდოს ე.წ. ოპოზიციური პრესა. რა მოხდება მაშინ? არც არაფერი!

ყოველკვირეულად თბილისში პრესას ყიდულობს ათი ათასობით ადამიანი. თუ ჯიხურები ამ ხალხის მოთხოვნილებას ვერ ან არ დააკმაყოფილებს, ყოველთვის მოიძებნება ვინმე, ვინც მზად იქნება, ეს თვითონ გააკეთოს. თუ ჯიხურებში გაზეთები აღარ გაიყიდება, ის გაიყიდება სადმე სხვაგან, მაგალითად, გვერდზე აფთიაქში. ანუ, ნებისმიერი ხელოვნური, არასაბაზრო მიზეზებით გამოწვეული შეზღუდვა ყოველთვის არაეფექტურია, რადგან პროდუქტი მაინც იპოვის თავის, თუნდაც შემოვლით, გზას საკუთარი მომხმარებლისკენ. მე არ მგონია, რომ მთავრობაში ვინმეს ამ გზით პრესის ცირკულაციის შეზღუდვის სულელური აზრი მოსვლოდა თავში. მაგრამ, რომც მოსვლოდა, მაინც ვერაფერს მიაღწევდა.

დაბოლოს, ვაღიარებ, მე გაზეთებს საერთოდ არ ვკითხულობ. არ მომწონს ჩვენი გაზეთები. დილით რომ ვიღვიძებ, ჩემი მოქმედებების თანმიმდევრობაა – ყავა, სიგარეტი და ინტერნეტი.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები