დღე, რომელმაც ინტერნეტი შეცვალა

წელი ინტერნეტში გაფრთხილებით დაიწყო. ფორუმებსა და სოციალურ ქსელებში ვიკიპედიის წარმომადგენლები წერდნენ, რომ ამა წლის 18 იანვარს ვიკიპედია, Wordpress, Reddit და სხვა პოპულარული ვებრესურსები გაითიშებოდა. ვიკიპედიის შემქმნელმა ჯიმი უელსმა სტუდენტებს მიმართა და სთხოვა, რომ საშინაო დავალება ცოტა ადრე დაეწერათ, ვინაიდან ერთი დღის განმავლობაში მათი საყვარელი რესურსი ხელმისაწვდომი არ იქნებოდა... და მართლაც, 18 იანვარს ყველა ერთმანეთს ეკითხებოდა თუ რატომ იყო ვიკიპედია ჩაბნელებული. მიუხედავად იმისა, რომ სხვა რესურსებიც ამდაგვარად იყო ჩაბნელებული, მითქმა-მოთქმის ცენტრში მაინც ვიკიპედია აღმოჩნდა, ვინაიდან, როგორც აღმოჩნდა, ის ინტერნეტზე დამოკიდებული ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ აშშ-ის კონგრესში განსახილველად ორი კანონპროექტი შევიდა: SOPA და PIPA. აბრევიატურების მოყვარულმა ამერიკელებმა ამ ტეტრაგრამატონებში ღმერთის სახელის ნაცვლად ინტერნეტის სიკვდილის ფორმულა ჩაშიფრეს. პირველი მათგანი, SOPA, იშიფრება, როგორც Stop Online Piracy Act და ინტერნეტში მობინადრე ჯეკბეღურების წინააღმდეგ გალაშქრებას ისახავს მიზნად. მეორე, PIPA, უფრო ვრცელ ვარიანტში Protect Intellectual Property Act, ინტელექტუალური საკუთრების დაცვისკენაა მიმართული. ამ ორი კანონპროექტის მთავარი სამიზნე გლობალურ აბლაბუდაში აუდიოვიზუალური და ტექსტუალური ინფორმაციის თავისუფალი გავრცელებაა, რითაც ყველაზე მეტად დიდი კორპორაციები იხეირებენ. ისინი აიძულებენ უბრალო მოკვდავებს იმ ინფორმაციაში ფულის გადახდას, რაც ამ უკანასკნელთ დღესდღეობით უფასოდ აქვთ.

ინტერნეტად წოდებული ნეიტრალური ტერიტორია, სადაც დღესდღეობით ხელჩართული ბრძოლაა გამართული, წარმოადგენს ადგილს, სადაც ოთხი განსხვავებული ტიპის ერთეული იყრის თავს: ინფორმაციის მწარმოებლები, ინფორმაციის მომხმარებლები, ინფორმაციის მიმწოდებლები და კანონმდებლები, რომელთაც პირველ სამს შორის ურთიერთობების და უფლება-მოვალეობების დარეგულირება ევალებათ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ბოლო დროს ინფორმაციის მწარმოებლებმა იძალეს და კანონმდებლებზე პირდაპირ თუ ირიბად ზემოქმედებას შეეცადნენ. ვიკიპედიის ერთი დღით ჩაბნელება კი სწორად ამ ზემოქმედების უკურეაქცია გახლდათ. ანუ ამ შემთხვევაში ინფორმაციის მიმწოდებლები შეეცადნენ ინფორმაციის მომხმარებლებზე ზემოქმედებას და მათი საშუალებით კანონმდებლების ჭკუაზე მოყვანას.

ინტერნეტის ევანგელისტები წერდნენ, რომ ვიკიპედიის ჩაბნელებამ ნაყოფი გამოიღო და ბოიკოტი შედგა. 18 იანვრის აქციამ ხალხის დიდ მასებში გამოიწვია ჩოჩქოლი. აგორებული ტალღა კი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ხალხის მიერ არჩეულ წარმომადგენლებს დაატყდათ თავს. აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც SOPA-ს და PIPA-ს კანონპროექტებში თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის მცდელობა დაინახეს, ვინაიდან თუ ეს კანონპროექტები დამტკიცდებოდა, ამბობდნენ ისინი, მაშინ კანონის ძალით ცენზურა დაწესდებოდა ისეთ პოპულარულ რესურსებზე, როგორიცაა Youtube, Wordpress, Wikipedia, Facebook (ჩამონათვალი სრული არ არის), რაც იმას ნიშნავს, რომ ვეღარ მოვუსმენდით ჩვენს საყვარელ სიმღერებს, ვერ მივიღებდით ინფორმაციას უშუალოდ თვითმხილველებისგან და არ გვექნებოდა წვდომა დედამიწაზე ყველაზე დიდ ენციკლოპედიასთან. ეს ყველაფერი კი უპირველესად თავისუფალ სიტყვას შეზღუდავდა და მხოლოდ ამის შემდგომ დაიცავდა ე.წ. ინტელექტუალურ საკუთრებას. 20 იანვარს SOPA-ს კანონპროექტი განხილვიდან მოიხსნა.

2012 წლის 18 იანვარი ისტორიაში შევიდა, როგორც დღე, როდესაც უმრავლესობამ გააცნობიერა ის საშიშროება, რომელიც შეიძლება რეალობად იქცეს, თუკი მსგავსი კანონპროექტები შევა ძალაში. ამიერიდან ყოველდღიურად, როცა Youtube-ზე საყვარელი ჯგუფის მორიგი ალბომით დავტკბებით, ან ინფორმაციის მისაღებად შევიხედავთ ვიკიპედიაში, გვეცოდინება, რომ ის სიკეთე, რომელსაც მოვიხმართ, შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს არ გვქონდეს და, შესაბამისად, გვემახსოვრება დღე, რომელმაც ინტერნეტი შეცვალა.

 

კომენტარები