ვაჟას წლის მონაგარი

ალბათ, დაახლოებით ისე, როგორც ამ ავტორის პოემებში, დადებითი და უარყოფითი პერსონაჟების გამორჩევის მცდელობა – ვაჟას წელიც, პირობითი სახელდებაა. 2011 იმ კაცს მიეძღვნა, ვისი ახსნა ამ დროსაც კი უჭირს, მის თანამედროვეებზე და, მით უფრო, საბჭოთა „ეგზეგეტიკაზე” რომ არაფერი ვთქვათ. კაცს, რომელმაც მანამდე არსებული თითქმის ყველა ღირებულება საკუთარ ცეცხლში გადაადნო – ზოგიც გალღვა მის ხელში, ზოგისგან ახალი და უკეთესი გამოძერწა. ამ აზრით, შეიძლება მას რევოლუციონერიც კი ვუწოდოთ, თუმცა თვითონ, უცნაური ფშავი გლეხი იუკადრისებდა ამ სიტყვას.

პირობითობაზე ვსაუბრობდით და მიუხედავად ამისა, არაერთხელ დადასტურდა, რომ ამგვარი მიდგომა მაინც მნიშვნელოვანია. მით უფრო, ჩვენს ფრაგმენტულ დროში. მსგავსი აღნიშვნები ობიექტს – მსმენელს, მაყურებელს, მკითხველს და, შესაბამისად, გულშემატკივარსაც უმრავლებს.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ვაჟას თხზულებების სამტომეულის და მისი ფოტოების უნიკალური ალბომის გამოცემას დაუჭირა მხარი. სამტომეულზე, რომელიც ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობამ დასტამბა, მინისტრი, ნიკოლოზ რურუა გვესაუბრება: „2011 წელი იუნესკომ ვაჟა-ფშაველას წლად გამოაცხადა, რასაც ჩვენც გამოვეხმაურეთ გადაწყვეტილებით – გამოგვეცა მისი „რჩეულის” რაიმენაირი ნაირსახეობა. და ეს არა ვალის მოხდისათვის, არამედ კონკრეტული მიზნისთვის – ახალგაზრდობისთვის ვაჟას ხელახალი გაცნობისათვის – გაკეთდა. მე მსურდა, რომ კედლიდან მომზირალი გაკერპებული, განდიდებული კლასიკოსიდან, ის გვექცია თანამედროვე, ნაცნობ, კარგად გაგებულ და შეგრძნებულ ადამიანად; გვეგრძნო მასთან სიახლოვე და რაღაც ძალიან საერთო მასა და ჩვენს შორის. დიზაინიც უჩვეულო შევარჩიეთ (დიზაინერი სანდრო ჩხაიძეა) და სამ სხვადასხვა ფერში, მწვანე, იისფერი და შავ-წითელი, პიქსელებით გამოხატული ვაჟა-ფშაველა გამოვსახეთ. ასე მგონია, ეს ფერები – მწვანე, ბუნებისფერი, იისფერი, და სისხლისა და მიწისფერები მისთვის განსაკუთრებით ძვირფასი უნდა ყოფილიყო. ვეცადეთ, რომ ნაწარმოებებიდანაც მისთვის ყველაზე ძვირფასები აგვერჩია, რასაც მგონი რედაქციამ თავი გაართვა. ამ პარაგრაფს კი საქართველოს დიდი მეგობრისა და ბრიტანეთის ელჩის, ოლივერ უორდროპის სიტყვებით დავამთავრებ: „ვაჟა-ფშაველა ის ცეცხლია, ჩემს ერს ასე რომ სჭირდება”.

წიგნის რედაქტორი ირმა რატიანი გახლავთ, შედგენაში კი, რედაქტორის გარდა, ამირან არაბული, მაკა ელბაქიძე, თამაზ ვასაძე, ეთერ თათარაიძე და ნანა ფრუიძე მონაწილეობდნენ. I ტომი პოეტურ ქმნილებებს, II – პროზაულ თხზულებებს, III კი პუბლიცისტურ წერილებს დაეთმო.

რაც შეეხება ალბომს. პრეზენტაციაზე, ამ გამოცემის დიზაინის ავტორმა, ბაჩა მალაზონიამ აღნიშნა, რომ ვაჟა, გარდა მისი სხვა მხრივ გენიალურობისა, უაღრესად საინტერესო, სახასიათო ფოტოსახეა. ამას ის ნაცნობი თუ უნიკალური სურათები დაგიდასტურებთ, რაც, ჩემი აზრით, ბოლო წლების ერთ-ერთ შთამბეჭდავ გამოცემას ამშვენებს. ბესიკ ხარანაული, ამ წიგნის წინასიტყვაობაში წერს: „ვაჟა თავისი გმირების დარად ტრაგიკულ-ჰეროიკულია. ასეთებს მოითხოვდა გარემო, სადაც დაიბადა და განისწავლა ბუნებისგან” და აღნიშნავს: „უცნაურია, როგორ არ ბერდებიან ძველი ფოტოები, პირიქით, რაც დრო გადის, ახალგაზრდავდებიან, ეტყობა, ახალი თვალით რომ ვუყურებთ”.

ჩვენსავე ჟურნალში, ერთ მხატვრულ ესეში ვწერდი: „ვაჟა-ფშაველაც სიზმარია. თვალღია ქვეყანას ესიზმრა და მაშინ, როცა არ ელოდა. და ვერ ჩახვდა ქვეყანა ნასიზმრევს, შეშინებულმა დილით წყალს მოუყვა და გააყოლა. მალე წყალი უკან მოუბრუნდა. მას მერე სულ ახსოვს და ვერ ამოუხსნია. ახსოვს და არ ითვალისწინებს”. მისი მზერა ალბათ ამ წელსაც გადაცდა, თუმცა, თუკი ვინმე, ახალ თაობაში ვაჟას პოვნას შეეცდება, ეს გამოცემები უსათუოდ გაუწვდის დამხმარის ხელს.

კომენტარები