აღარ მინდა კლასიკო!

2012 წელი კიდევ ორი ესპანური კლასიკოთი დაიწყო და მადრიდისტებმა მორიგი იმედგაცრუება მივიღეთ.

მოურინიოს ეპოქაში რეალმა 11-ჯერ სცადა კატალონიელთა დამარცხება და ძირითად დროში ამის გაკეთება ჯერაც ვერ მოახერხა. ერთადერთ წარმატებად სამეფო თასის შარშანდელი ფინალის დამატებითში რონალდოს მიერ გატანილი გოლი რჩება, რომელმაც მადრიდელებს თასი მოაპოვებინა. ისიც სიბელესისკენ მიმავალ სერხიო რამოსს ავტობუსის ბორბლებში ჩაუვარდა და გატყდა!

ესპანური ფეხბურთის გრანდების დაპირისპირება უკანასკნელ დროს გროტესკულ ხასიათს იღებს – ჯერ ერთი, ბოლო ორ სეზონში კლასიკოები ისეთი სიხშირით იმართება (11), რომ სრულიად დაიკარგა საფეხბურთო დღესასწაულის მოლოდინის ეფექტი; თან, რაც უნდა კარგად ითამაშოს რეალმა (იგი სუპერთასზეც და თასის ბარსელონურ მატჩშიც სჯობდა მეტოქეს), გამარჯვება მაინც ბარსელონას რჩება! წინ კი მეორე წრის მატჩია და ვინ იცის ჩემპიონთა ლიგის მორიგი ჯახიც...

მართალია, შიდა პირველობაში რეალი მნიშვნელოვნად უსწრებს საძულველ მეტოქეს და ალბათ ჩემპიონიც გახდება, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ სეზონში მოახერხოს კლასიკოების წარუმატებელი სერიის შეწყვეტა. ეს კი გარკვეულწილად გააუფერულებს საერთო ტრიუმფს. აღარ ვაპირებ ისედაც მტკივნეული თემის მაზოხისტურ (როგორც ყველა მადრიდისტასთვის) ანალიზს. ვიტყვი მხოლოდ ერთს – ჩემი მოკრძალებული აზრით, ბარსელონას წარმატების მთავარი მიზეზი შემადგენლობის დიდი ნაწილისა და, რაც მთავარია, თვითონ გვარდიოლას საკლუბო პატრიოტიზმში უნდა ვეძიოთ. კატალონიელებმა კარგად აითვისეს სწორედ რეალის მიერ გასული საუკუნის 80-იან წლებში დანერგილი ტრადიცია – ძირითადი აქცენტი კლუბის აღსაზრდელებზე გადაიტანეს და ლოგიკურ შედეგს იმკიან. საპირისპიროდ ამისა, მადრიდელებმა დაივიწყეს “კვინტა დელ ბუტრეს” გამოცდილება, მადრიდი პორტუგალიურ-თურქულ ფერებში გადაღებეს და ეს ბაბილონის გოდოლიც ლოგიკურად თავზე ენგრევათ!

დღეს მეტი სიმძაფრით გვახსენდება რეალის ყველაზე წარმატებული მწვრთნელები: მიგელ მუნიოსი, ვისენტე დელ ბოსკე და ლუის მოლოვნი – სამივე ნაღდი მადრიდისტა! პირველმა რეალში 10 წელი ითამაშა, 4 ჩემპიონატი და 3 ჩემპიონთა თასი მოიგო, მერე გუნდი ჩაიბარა და კიდევ 9-ჯერ გააჩემპიონა, თან 2 ჩემპიონთა თასი, 3 სამეფო თასი და ერთი საკონტინენტთაშორისო თასიც მოაპოვებინა; 5-გზის ჩემპიონი დელ ბოსკეს მონაპოვარი უფრო მწირია, მაგრამ, ეპოქის გათვალისწინებით, არანაკლებ შთამბეჭდავი: 2-2 ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა + საკონტინენტთაშორისო თასი; და ბოლოს, ყველაზე საინტერესო ტიპი – ლუის მოლოვნი, რომელსაც ფეხბურთელობისას 1950 წლის მუნდიალზე უთამაშია, რეალში კი 4 ჩემპიონატი აქვს მოგებული, მაგრამ სამეფო კლუბის მწვრთნელად მუდამ პაუზის შესავსებად, ე.წ. დროებით მშველელად მოჰყავდათ და ეს არასოდეს გაუპროტესტებია, რადგან კლუბის ნამდვილი “ინჩა” იყო. არადა, იმ 4 მოკლე პერიოდის მანძილზე, რეალს 3 ჩემპიონატი, 2-2 უეფას და ესპანეთის თასი ააღებინა!

დღეს პრიმერაში 2 მსგავსი მაგალითი გვაქვს: ესპანიოლსა და მადრიდის ატლეტიკოს თავიანთი ყოფილი არგენტინელი სიმბოლოები – მაურისიო პოჩეტინო და დიეგო სიმეონე წვრთნიან. ამ ეტაპზე ორივე კლუბი ჩემპიონთა ლიგის საგზურს უმიზნებს. პოჩეტინო 2009 წლიდან თავკაცობს კატალონიელებს და 2 წელია ლა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა სპეციალისტად სახელდება, ხოლო ატლეტიკოს ბოლო დუბლის (1996) სულის ჩამდგმელმა სიმეონემ კრიზისში მყოფი კლუბი ძველებურად აათამაშა, მოგება გაახსენა და ბრძოლის ჟინი გაუღვიძა.

ამ ფონზე სრულიად განწირულად ჩანს ლუის ენრიკეს მიერ რომადან მეორე ბარსელონას “გამოჭრის” მცდელობა, დინამოში კი უკვე მიხვდნენ, რომ ალექს გარსია ნიჭით მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა თანაქალაქელ ანტონიო გაუდის, უბრალო ბარსელონელია და თბილისში ხეირიანს ვერაფერს ააშენებდა.

მოკლედ, ყველას ურჩევნია ტრადიციებს გაუფრთხილდეს, საკუთარი სახე შეინარჩუნოს და არ იქცეს ვიღაცის კარიკატურად.

ფეხბურთის მამებს კი უმორჩილესად ვთხოვ, როგორმე შეამცირონ კლასიკოების რაოდენობა. გვეყოფა!

 

კომენტარები