ახალბედა ექსპერტების ბიბლიოთეკა

 „ექსპერტი” თანამედროვე ქართულში იქცა სიტყვად, რომელსაც გარკვეული ირონიის გარეშე ვერ წარმოთქვამ. „ყველაფრის ექსპერტი”, „ვითომექსპერტი”, „გვეშველება რამე?” – აი, მასთან დაკავშირებული პირველი ასოციაციები. არა, ექსპერტობასთან დასავლელ ინტელექტუალებსაც აქვთ პრობლემა: ევროპასა და აშშ-ში ხშირად საუბრობენ იმაზე, თუ როგორ ხდება აზროვნების დაყვანა-რედუცირება ექსპერტული შეხედულების გამოთქმაზე, რომელიც კრიტიკულ დამოკიდებულებას საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების მიმართ ლამის შეუძლებელს ხდის. მაგრამ ეს ჩვენთვის უცხო პრობლემაა – თუ დასავლეთში არსებობენ კონკრეტული სფეროების (საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა, კულტურა, დემოგრაფია, მედია და ა.შ.) ექსპერტები და, პლუს ამას, რამდენიმე უგზო-უკვლოდ განათლებული და ნიჭიერი ადამიანი, ვისი თვალსაწიერიც ერთ სფეროზე მეტს ფარავს, საქართველოში ყველა ყველაფერზე ლაპარაკობს, გეგონება მე-15 საუკუნის ფლორენციაში ვცხოვრობდეთ, ხოლო თბილისის ქუჩები რენესანსის ადამიანებით იყოს დახუნძლული. ოღონდ მხოლოდ გეგონება – ქართველი ბატისტა ალბერტი თუ და ვინჩი რატომღაც ჯერ არ გამოჩენილა.

ამ პრობლემის გადაჭრის იმედი უახლოეს მომავალში არ მაქვს. მაგრამ რაც მანამდე შეგვიძლია, ესაა, ქართველი „ექსპერტები” დავავალდებულოთ, ერთი წიგნი მაინც ჰქონდეთ წაკითხული იმ საკითხზე, რომელზედაც საუბრობენ.

ვაჭარბებ? არამც და არამც. რამდენიმე წლის წინ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იურისტი მეუბნებოდა, „სამართლებრივი სახელმწიფო” რუსების მოგონილი ტერმინიაო. ის დღემდე ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტად ითვლება.

არა, რასაკვირველია, ექსპერტებს შორის ისეთებიც გამოერევიან, ვინც განათლება ტრენინგებითა და ბროშურებით კი არა, წიგნებით მიიღო. მაგრამ წიგნიცაა და წიგნიც. მაგალითისთვის: საბჭოთა კავშირის დროს თსუ-ში არსებობდა მეცნიერული ათეიზმის კათედრა, რომელიც 90-იანებში ფილოსოფიური თეოლოგიის კათედრად გადაკეთდა, ოღონდ ისე, რომ კათედრის გამგემ თანამდებობა უპრობლემოდ შეინარჩუნა. გამოვიდა, რომ ადამიანი, ვინც მთელი თავისი ცხოვრება იმით იყო დაკავებული, რომ იკვლევდა და ასწავლიდა რელიგიის გაქრობას სოციალიზმის პირობებში, უცბად იქცა თეოლოგიის მკვლევრად და პროფესორად. წარმომიდგენია, როგორ გამოადგა მას მანამდე წაკითხული წიგნები.

ამ ყოველივეს გათვალისწინებით, ახალ რუბრიკაში შემდეგი რაღაცის გაკეთებას შევეცდები: ავიღებ თემას, რომელიც სოციალურად თუ პოლიტიკურად აქტუალურ-რელევანტურია, შევარჩევ ამ თემის შესახებ წიგნს, რომელიც ან უკანასკნელ სიტყვას წარმოადგენს თემის შესახებ, ანაც – უკვე კლასიკური ნაშრომის სტატუსით სარგებლობს, და შევეცდები ვაჩვენო, რაში შეიძლება გამოგვადგეს ამ წიგნის ცოდნა.

მაგალითად, ისეთი წიგნისა, როგორიცაა რიჩარდ ფლორიდას „კრეატიული კლასის აღზევება”.

კრეატიული კლასი

თუ უკანასკნელ თვეებში რუსეთში მიმდინარე დისკუსიას ადევნებდით თვალს, რომელიც იქ დაწყებულ მასობრივ აქციებს შეეხებოდა, აუცილებლად და მრავალჯერ გადააწყდებოდით ტერმინს „კრეატიული კლასი”. დეკემბრის დემონსტრაციებს იმწამსვე უწოდეს კრეატიული კლასის გამოსვლა (თუ არ ვცდები, ტერმინი ამ კონტექსტში პირველად რუსული „ჯი-ქიუს” აწ უკვე ყოფილმა რედაქტორმა ნიკოლაი უსკოვმა გამოიყენა). რასაკვირველია, ის ადამიანები, ვინც კრეატიულ კლასზე საუბრობდნენ, საკუთარ თავს უკეთებდნენ კომპლიმენტს – სინამდვილეში ხომ სწორედ ისინი იყვნენ დემონსტრანტები (თორემ კრემლის პროპაგანდა მათ კრეატიულ კლასს კი არა, სახდეპის აგენტებსა და ლიბერასტებს უწოდებს). მაგრამ სახელის დარქმევაში კრეატიული კლასი არც ისე შემოქმედებითი აღმოჩნდა – ტერმინი მათ ამერიკელი მკვლევრისგან ისესხეს, რომელმაც ის ზუსტად ათი წლის მოიფიქრა. რიჩარდ ფლორიდას მიერ 2002 წელს გამოქვეყნებულ წიგნს, რომელიც ამ თემას ეძღვნებოდა, სახელად „კრეატიული კლასის აღზევება” ერქვა.

კრეატიული კლასის მახასიათებელია ის, რომ მისი წევრები ასრულებენ სამუშაოს, რომლის მიზანიც „საზრისის მქონე ახალი ფორმების შექმნაა”. ფლორიდა თავად ამ კლასს ორ ნაწილად ჰყოფს: სუპერკრეატიული (ზე-შემოქმედებითი) გულისგული, რომელიც მოიცავს მეცნიერებს, ინჟინრებს, მსახიობებს, დიზაინერებსა და არქიტექტორებს, გამომცემლებს, რედაქტორებს, პოეტებსა და მწერლებს, უნივერსიტეტის პროფესორებს, ხელოვანებს, მედიის წარმომადგენლებს, ენ-ჯი-ოების ინტელექტუალებს და ა.შ. სწორედ ისინი არიან ჩართულნი შემოქმედებითი პროცესის უმაღლეს საფეხურზე. ისინი ქმნიან ახალ ფორმებს და სწორედ ამაში იღებენ ფულს. მათი მთავარი ფუნქცია იმდენად არსებული პრობლემების გადაჭრა კი არ არის, რამდენადაც ახალი პრობლემებისა და საკითხების მოფიქრება.

ამ სუპერკრეატიული გულისგულის გარდა, კრეატიული კლასი მოიცავს ასევე „კრეატიულ პროფესიონალებს”, რომლებიც ცოდნის ინდუსტრიებში მუშაობენ: მაღალი ტექნოლოგიები, ფინანსური სერვისები, იურიდიული და ჯანდაცვის პროფესიები, ბიზნესის მენეჯმენტი. ეს ადამიანები ჩართულნი არიან პრობლემების გადაწყვეტის მოძებნის პროცესში, რისთვისაც ფორმალური განათლების ძალიან მაღალი დონე სჭირდებათ.

საინტერესო ისაა, რომ ამ კრეატიულ კლასს ღირებულებათა ახალი სისტემა აქვს, რომელიც სერიოზულ გავლენას ახდენს ზოგადად საზოგადოების სტრუქტურაზე. ამ ღირებულებების მთავარი ღერძებია:

ინდივიდუალობა. განსხვავებით 50-იანი წლების ორგანიზაციული კულტურისგან, რომელშიც ფასობდა კონფორმულობა არსებული წესების მიმართ და ყოველი გადახრა მათგან აღიქმებოდა, როგორც არასასურველი და კარიერისათვის სახიფათო მოვლენა, კრეატიული კლასის წევრები ავლენენ განსაკუთრებულ მიდრეკილებას ინდივიდუალიზმისკენ. ნონკონფორმიზმი მათთვის ცენტრალურ ღირებულებად იქცევა.

მერიტოკრატია. კრეატიული კლასი ამბიციურია, მისი წევრების მიზანია დაწინაურება – ოღონდ უნარებისა და გაწეული შრომის მიხედვით. კრეატიული კლასის წევრები აღარ განსაზღვრავენ საკუთარ თავს ფულის მიხედვით, რომელსაც შოულობენ. რასაკვირველია, ფული მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არაა ერთადერთი კრიტერიუმი. ინტელექტი, კრეატიულობა, განათლება – აი, რა ფასობს კრეატიულ კლასში.

მრავალფეროვნება და ღიაობა. მრავალფეროვნების მნიშვნელობა ადვილი გასაგებია – როგორც კი მერიტოკრატია ხდება ადამიანების შეფასებისა და დაფასების პრინციპი, უკანა პლანზე გადადის ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა რასა, ეთნიკურობა, სქესი, სექსუალური ორიენტაცია თუ გარეგნობა. სხვათა შორის, რიჩარდ ფლორიდამ სპეციალური „გეი ინდექსიც” კი შეიმუშავა იმაზე დაყრდნობით, რომ ქალაქებში, რომლებშიც კრეატიული კლასის განსაკუთრებული კონცენტრაციაა, ასევე ადგილი აქვს ჰომოსექსუალთა კონცენტრაციას. ეს, რასაკვირველია, იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანები, ვინც მაღალი ტექნოლოგიების სფეროში მუშაობენ, ჰომოსექსუალები არიან. მიზეზი მარტივია – კრეატიული კლასის წარმომადგენლები სექსუალურ უმცირესობებს ნეგატიური სტერეოტიპების გარეშე აღიქვამენ, ამიტომაც უმცირესობების ინტეგრაცია დიდი კრეატიული პოტენციის მქონე ქალაქებში უფრო ადვილია, ვიდრე სხვაგან.

რამდენად მნიშვნელოვანია ეს კრეატიული კლასი? როგორია მისი წილი, მაგალითად, აშშ-ის ეკონომიკაში? რიჩარდ ფლორიდას მონაცემები ძალიან შთამბეჭდავია. აი, ისინიც:

2000 წლისთვის აშშ-ის დასაქმების სტატისტიკა ასე გამოიყურებოდა:

კრეატიული კლასი – მთლიანი სამუშაო ძალის 30%

აქედან სუპერკრეატიული გულისგული – 12%

მუშათა კლასი (ანუ მრეწველობაში დასაქმებული ადამიანები) – 26,1 %

მოსამსახურე კლასი (სერვისის სფეროში დასაქმებული ადამიანები) – 43,4 %

სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანები – 0,4 %

კრეატიული კლასის წილი ყოველთვის ასე მაღალი არ ყოფილა. 1900 წლის აშშ-ში ეს კლასი სამუშაო ძალის მხოლოდ 10%-ს წარმოადგენდა, 1940 წელს – 14%-ს, ხოლო 1980 წელს – უკვე 19%-ს. ტენდენცია ერთმნიშვნელოვანია და ამ კლასის ზრდისკენ მიუთითებს. ამის პარალელურად, ასევე განუხრელად იზრდება „მოსამსახურე კლასი”, სერვისის სფეროში დასაქმებული ადამიანების ერთობლიობა, რადგან კრეატიულ კლასს, საკუთარი სამუშაოს უაღრესად დიფერენცირებული და მომთხოვნი ბუნების გამო, აღარ რჩება დრო უფრო მონოტონური საქმიანობების შესასრულებლად. შესაბამისად, მოსამსახურე კლასიც იზრდება – 1900 წელს დაახლოებით 17%-დან 2000 წელს დაახლოებით 43%-მდე. სამაგიეროდ, რადიკალურად მცირდება სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ადამიანთა რიცხვი (1900 წელს – 37,5%, 2000 წელს – 0,4%) და საგრძნობლად მცირდება მრეწველობაში დასაქმებულ ადამიანთა რიცხვიც.

ეს ანალიზი საქართველოსთვის იმდენადაა მნიშვნელოვანი, რამდენადაც გვაჩვენებს, რომ ჯერჯერობით იმ საზოგადოებებისგან, რომლებთან ინტეგრაციაც მიზნად დავისახეთ, სტრუქტურულად საკმაოდ განვსხვავდებით. ავიღოთ, მაგალითად, 2010 წლის სტატისტიკური მონაცემები საქართველოში სამუშაო ძალის განაწილების შესახებ:

სოფლის მეურნეობა – მთლიანი სამუშაო ძალის 52,2%

მრეწველობა – 6,5%

მომსახურება – 41,3%

განსხვავებით ამერიკული სტატისტიკისგან, ქართულ მონაცემებში კრეატიული კლასიც მოსამსახურე კლასის ნაწილად განიხილება. სამწუხაროდ, სტატისტიკური მონაცემები იმის შესახებ, თუ ამ მომსახურე კლასის 41 პროცენტიდან რამდენი მოდის კრეატიულ კლასზე, არ არსებობს. მაგრამ ეს არაა მთავარი პრობლემა, რომელიც ამ სტატისტიკის გარეშეც მშვენივრად ჩანს. საქმე ისაა, რომ თუ სოფლის მეურნეობაში დაკავებული ადამიანების უდიდესი ნაწილი არ გადავა მრეწველობისა და მომსახურების სფეროში, საქართველოს ეკონომიკა ვერ გახდება თანამედროვე. ჩვენს ქვეყანაში გავრცელებული იდეები, რომელთა მიხედვითაც „სოფელი გადაგვარჩენს” და „პური ჩვენი არსობისა მიწათმოქმედებით უნდა მოვიპოვოთ”, მხოლოდ თავგზას გვიბნევს. დასავლური ტიპის კრეატიული კლასის გაჩენისათვის საჭიროა ქალაქები, სადაც ამ კლასის წევრების კონცენტრაცია მოხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, დავრჩებით იმ მდგომარეობაში, რომელშიც დღეს ვართ – ჩვენთანაც არიან ადამიანები, რომლებიც მეტ თავისუფლებას, ავტონომიურობასა და ჰედონიზმს მოითხოვენ; იდეებითა და ღირებულებებით, რომლებიც კრეატიულ კლასს ეკუთვნის, თითქოს გაჟღენთილია ატმოსფერო; მაგრამ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ამ იდეებისა და ღირებულებების მატარებლები იქნებოდნენ, ძალიან მცირეა. მათთვის კლასის დარქმევა საქართველოში ჯერჯერობით გადაჭარბება იქნებოდა.

დაბოლოს, რიჩარდ ფლორიდას კონცეფციას – ისევე როგორც ნებისმიერ სხვა თეორიას სოციალურ მეცნიერებებში – ბევრი კრიტიკოსი ჰყავს. აკრიტიკებენ როგორც იმ მონაცემების სიზუსტეს, რომელსაც ფლორიდა ეყრდნობა, ისე მათი ინტერპრეტაციის ადეკვატურობას. მიუხედავად ამისა, ეს კონცეფცია მნიშვნელოვანია საკუთარი დიაგნოსტიკური ღირებულებით. ფლორიდას მიერ აღწერილი კრეატიული კლასი სხვა ავტორების მიერ სხვა სახელებით აღწერილ მოვლენას ძალიან ჰგავს. იქნება ეს ფასელის „იქს კლასი”, ინგლჰარტის „პოსტმოდერნული ღირებულებები” და მათი მატარებელი ადამიანები, თუ ბრუქსის „bobo” (ბურჟუაზიული ბოჰემა, როგორც ახალი მაღალი კლასი) – სინამდვილეში ყოველი ეს ტერმინი ერთი და იმავე ცვლილების აღსაწერადაა შექმნილი. ფლორიდას ეს წიგნი, ისევე როგორც სხვა ნაშრომები, რომლებიც ამ ახალი კლასის გაჩენას ეძღვნებოდა, ბესტსელერად იქცა; როგორც ჩანს, მართლაც არსებობს ბევრი ადამიანი, ვინც საკუთარ თავს ამ ახალ აღწერებში ამოიცნობს. ხოლო გააგრძელებს თუ არა კრეატიული კლასი აღზევებას მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ამას მომავალი გვიჩვენებს.

 

კომენტარები