პასი

პასი ფეხბურთის კარკასია. ინტელექტუალური კარკასი.

ეს არის ფეხბურთის შემადგენელი ის იშვიათი დეტალი, რომელიც მაქსიმალურად გამოცლილია ბუნებრივი იმპულსებისგან და ყველაზე მეტადაა დამოკიდებული გონებრივ განვითარებაზე.

წარმოიდგინეთ – ბურთით მირბიხარ, მცველები დაგდევენ და შენ ისინი აუცილებლად უნდა აკონტროლო – წინ, უკან, მარცხნივ, მარჯვნივ. თან ბურთი არ უნდა გაგეპაროს. პარალელურად უნდა დააკვირდე თანაგუნდელების მოძრაობას, ვინ საიდან იხსნება, რა სისწრაფით გარბის, თამაშგარეში ხომ არაა, მცველი ხო არ ასწრებს დაკეტვას, რა სიმძლავრით უნდა დაარტყა, რომ პასი საჭირო ადგილას დახვდეს. ეს წამებში ხდება და ამ წამებში ტვინი აურაცხელი რაოდენობის ინფორმაციას ამუშავებს – სწორედ გადამუშავების შედეგად კეთდება პასი. სწრაფად მომუშავე ტვინი კარგი პასის გარანტიაა და თუ შემტევთა ჯამური ინტელექტი დაცვაში მყოფთა ინტელექტზე მაღალია, მაშინ პასი ყველაზე თავხედი სპერმატოზოიდივით ყველგან ძვრება. და იბადება გოლი.

რაც უფრო ზუსტი, ბევრი, მოულოდნელი და ორიგინალური გადაცემა კეთდება, მით უფრო მყარია კარკასი. და რაც უფრო მყარია კარკასი, მით უფრო ძლიერია გუნდი. მარტივია – ზუსტი პასი ბურთს შენთან უფრო დიდხანს ტოვებს. ხოლო თუ იოჰან კრუიფის ფილოსოფიას ვენდობით, ფეხბურთში მთავარი სწორედ ეს, ბურთის ფლობა გახლავთ. ფაქტი კამპ ნოუზეა.

თუმცა პასს მეორე ბოლოც აქვს და როგორც კარგ მთქმელს უნდა კაი გამგონი, ისე კარგი პასის მიმცემს უნდა შესაბამისი მიმღები. წინააღმდეგ შემთხვევაში კომბინაცია იშლება და აღებ-მიცემობას სხვა იწყებს. ამ ორ წერტილს შორის (ავტორი და ადრესატი) კი ფეხბურთის მთელი დედააზრი დევს: 11 კაცის ერთ ენაზე ლაპარაკი. რაც შეიძლება დიდხანს. რაც შეიძლება საინტერესოდ. ეს ჰარმონია მხოლოდ ფეხბურთში არაა მთავარი. უამისოდ არც მუსიკაში გამოვა რამე, არც ფიზიკაში, არც ჭამაში და არც სექსში.

ჩემი და ფეხბურთის რომანი ყიფოს პასით დაიწყო, მერე სოკრატესმა აიტაცა, ზიკომ გაალამაზა, პლატინიმ გააფერადა, მარადონამ დახაზა, ლაუდრუპმა ჩახლართა, გაზამ აურია, ქინქიმ მოხატა, ზიდანმა დაარბილა, ინიესტამ გაახულიგნა და ხავიმ საიდუმლოდ აქცია. ეს ბიჭები პასებით წერდნენ ისტორიას. გოლიდან გოლამდე. წლიდან წლამდე. ისინი ქმნიდნენ და ამრავალფეროვნებდნენ თავიანთ ეროვნულ თუ საკლუბო პას-კულტურას: ბრაზილიურს, არგენტინულს, ფრანგულს, ბრიტანულს, დინამოურს, მილანურს, ლივერპულურს, რეალურს, ბარსელონურს. მათ შეძლეს საკუთარი გუნდების ერთ ენაზე ალაპარაკება და სამაგიეროდ, საფეხბურთო სამყაროს ლინგვისტურად დაყოფა. ადამიანის საფეხბურთო გემოვნებაც იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელი ენა ესმის მას.

სამხრეთისკენ პასი ისეთივე თბილი, დინამიური და ხშირია, როგორც ზოგადად ურთიერთობა. თუმცა აქაცაა განსხვავებები: ბრაზილიური, პლაჟებზე გამოთლილი პასი ისეთი ოხერია, მცველებს სულ ჰგონიათ, რომ ბურთი ნელა დაგორავს და ჩაჭრას მოასწრებენ. არ გამოდის. წამის და სანტიმეტრის მეათასედი ყოველთვის ბრაზილიელის მხარესაა.

არგენტინელებს პატარ-პატარა, გამაბრუებელი „გაკატავება” უყვართ. აი, ისეთი, სერბებს რომ გაუგორეს 2006 წელს.

დღევანდელი ესპანეთი ბარსელონური ჩამოსხმისაა – აგორავებს, აგორავებს, აგორავებს და უცებ მსაჯი უსტვენს. გოლია. ვერც იგებ, როგორ და როდის.

იტალიამ შეიძლება ერთი პასით გადაგიჭრას ვენები, რადგან იქ საკუთარ ნახევარზე ფუსფუსი, სხვისი პასების ამოხსნა უყვართ, მოსწონთ საკუთარ სახლში ურთიერთობა და არ მოსწონთ, როცა გარეთ გასვლას აიძულებ.

ჩრდილოეთში მატულობს სიზუსტე და კლებულობს სიხშირე. მაგალითად, გერმანელები ქარიშხალივით უტევენ და სულ რამდენიმე შიდაეროვნული სიზუსტის პასი სჭირდებათ შენს გამოსათაყვანებლად.

ფრანგებს გრანდიოზული ფიდერი უნდა ჰყავდეთ, რომ მის გარშემო იტრიალონ და ორჯერ უკვე იტრიალეს კიდეც გემრიელად.

ბრიტანეთისკენ მეორე სართულზე ცხოვრობენ – ყველაფერი, რაც საინტერესოა, ჰაერში ხდება და ამ საჰაერო ბზრიალსა და თავების ძებნაში მათ ბადალი არ ჰყავთ.

არსებობს კიდევ ერთი, უკარკასოთა კატეგორია, რომელშიც საკუთარი ენა და დამწერლობა დაავიწყდათ და დღემდე ინგლისურს და კომპიუტერს სწავლობენ.

კომენტარები