ქართული ოცნება

0 კომენტარი

გთავაზობთ „ქართული ოცნების” ჩემეულ ვერსიას, თუმცა არც ბატონ ივანიშვილს მოვთხოვ ჰონორარს, თუ გაიზიარებს. მგონი ჯერჯერობით ვერავინ გაიგო რას ნიშნავს „ქართული ოცნების” მისეული ვარიანტი და როგორც იტყვიან, ბაზარზე ნიშა თავისუფალია. ვიდრე რამე კონკრეტულს გვეტყოდეს, ყველას შეგვიძლია პირადი ოცნება გავასაღოთ საერთო ეროვნულ ოცნებად. მაშ ასე, ივანიშვილი რომ ვიყო, ასე ვიფიქრებდი:

„ქართული ოცნება” – თავისუფლება და კეთილდღეობაა.

ცოტა ვიპოპულისტებ, ერთ სიტყვას – „პასუხისმგებლობას” გამოვტოვებ. არ უყვარს ხალხს ამ სიტყვის მოსმენა. დიდი ცოდვაც არაა, თავისუფლება გულისხმობს პასუხისმგებლობას. სხვანაირად თავისუფლება სიგიჟეა და ეს ხომ ვერ იქნება ქართული ოცნება?

კეთილდღეობა თითქოს უფრო გასაგებია – კარგი ცხოვრების მსგავსია, მაგრამ არა მხოლოდ მატერიალური თვალსაზრისით. უნდა გჯეროდეს, რომ თავისუფლების გარეშე ფუფუნებაშიც ბედნიერი ვერ იქნები. კეთილდღეობა ცოტა ბედნიერების ელემენტებსაც შეიცავს. რას იტყვით? ცუდი არ არის, აბა რისი ოცნებაა თუ ცოტა ბედნიერების ნაწილაკებიც არ ექნება?!

რას ნიშნავს თავისუფლება? განმარტება გვჭირდება.

ეს ხომ არჩევანის თავისუფლება და საკუთრების უფლებაა. არ ივარგებს თანამოქალაქეებზე ძალადობა. ხომ თავისუფალი ბაზრის წყალობით გავხდი ის, ვინც გავხდი. ხალხმა ნებით მომცა ფული იმ სიკეთის სანაცვლოდ, რაც გავუკეთე ან ვუკეთებ. ჩემი კეთილდღეობაც არჩევანის თავისუფლების შედეგია. იგივე მინდა სხვებისთვისაც.

ქართველებს ასეთი მარტივი რაღაცები წესით უნდა ესმოდეთ და ზედმეტი ჩიჩინის გარეშეც დაიჯერონ. ნუთუ აქამდე არ სჯეროდათ? საერთოდ რა პრობლემა აქვთ? თავისუფლება აკლიათ. ვიღაც მათ ნაცვლად არასწორ გადაწყვეტილებებს ირჩევს და კეთილდღეობასაც ამიტომ ვერ მიაღწიეს.

ხელშეკრულება უნდა დავუდო. თუ ძალაუფლებას მომცემენ, მათი არჩევანის თავისუფლებას დავიცავ, კეთილდღეობა ჩემი საქმე არ არის, თვითონ შექმნან. პასუხისმგებლობას ავიღებ სახელმწიფო მანქანა ისე დავაპატარაო, რომ თავისუფალ არჩევანში ხელი ვერ შეუშალოთ, ოღონდ მათაც უნდა მოაწერონ ხელი, რომ თანამოქალაქეებზე ძალადობას არ მოითხოვენ. იქნებ ამ ხელშეკრულებას კონსტიტუცია დავარქვათ და დიდი ტირაჟით დავბეჭდოთ?

არჩევანი თავისუფალი იქნება თუ სახელმწიფოს არ ექნება მათი შეზღუდვის უფლება. გამოდის, რომ მხოლოდ ისეთი რამეები უნდა ვაკეთო, რასაც ეს ხალხი თვითონ ვერ იზამს. რას არ უნდა დავპირდე, ოცნების პრინციპს რომ არ შევეწინააღმდეგო?

ეს სახელმწიფო ბევრ ფულს ართმევს ადამიანებს იმაშიც კი, რაშიც ისინი თავადაც მშვენივრად ერკვევიან. „შპარგალკად” 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს გამოვიყენებ.

მაგალითად – განათლება და კულტურა. როგორ შეიძლება ამ ბიზნესების დასაფინანსებლად ხალხს ფულს სძალავდნენ? ჩვენი ოცნების მთავარ პრინციპს 100%-ით ეწინააღმდეგება. რომელ სპექტაკლში, ვისი დაწერილი წიგნის წაკითხვაში და ვისი სურათის ნახვაში გადაიხდიან ფულს, თვითონ გაარკვევენ. შეიძლება, მომავალი თაობა როგორ გავზარდოთ, ამას ჩინოვნიკები ადგენდნენ? თანაც სავალდებულო განათლებაო? სადაა არჩევანის თავისუფლება? ასე არც კეთილდღეობას უნდა ველოდეთ. 600 მილიონი თვითონ დაიტოვონ და შვილებსაც თავად მიხედონ. სახელმწიფო მამა კი არა, ბიუროკრატების კორპორაციაა, შვილებზე მშობლებმა იზრუნონ.

ეკონომიკა – როგორ შეიძლება ეკონომიკა იმართებოდეს? ნონსენსია. მსოფლიოში ყველაზე წარმატებულ გამყიდველების ჯგუფს დავიქირავებ და თუ რამეა დარჩენილი სახელმწიფოს საკუთრებაში, იმასაც გვარიან ფასად გავაყიდინებ. არც ახლადაშენებულ პრეზიდენტის სასახლეს და პარლამენტის შენობებს დავტოვებ. ვინც უკეთეს პირობებს შემოგვთავაზებს, იმისგან ვიქირავებთ საოფისე ფართებს. ამაშიც ხალხს კარგა ბლომად ფული დაეზოგება.

სოფლის მეურნეობას, სახელმწიფო ტელევიზიას, ადგილობრივ ხელისუფლებას, სპორტს, ინფრასტრუქტურას, ბიუროკრატიას ღარიბებისათვის წართმეული ფულით აფინანსებდე, სირცხვილია. არა, ეს ჩვენი ოცნება ვერ იქნება. უამრავი შესაძლებლობა ყოფილა თავისუფლების გასაზრდელად.

ერთი ხელის მოსმით შეგვიძლია, წელიწადში დავზოგოთ ბიუჯეტის დაახლოებით ნახევარი, ოთხი მილარდი ლარი და ეს მხოლოდ დასაწყისია.

ყველაფერი ასე მარტივად არ გამოვა. ამ ქვეყანაში მოხუცები ცხოვრობენ, ზოგიერთს შვილები არ ჰყავს, მათ ახალგაზრდობაში ოცნება ვერ აუხდათ. თავისუფლები არ იყვნენ, თან ბევრჯერ დააყაჩაღეს სხვადასხვა ჯურის მთავრობებმა. დახმარება სჭირდებათ. ჩემთვის ნათელია, რომ მათი დახმარება რელიგიურმა და საქველმოქმედო ორგანიზაციებმა უნდა გადაიბარონ, მაგრამ საზმაუსავით ერთი ხელის მოსმით ამ პრობლემას ვერ გადავწყვეტთ.

საგზაო ინფრასტრუქტურის, პოლიციის და სასამართლოს გაყიდვის მოფიქრებას, კარგი სპეციალისტები და დრო უნდა. გეცოდინებათ, ფული საკმაოდ მაქვს და ყველაზე ძვირადღირებულ სპეციალისტებს ვაწყებინებ ამ საკითხებზე მუშაობას.

ფულის გაუფასურების პრობლემების თავიდან ასაცილებლად, გავაუქმებ კანონს, რომელიც ლარს ერთადერთ გადახდის საშუალებად აცხადებს. მერე ეროვნული ბანკის ქონაც უაზრობა იქნება. თავისუფალი ხალხი თვითონ მშვენივრად მიხვდება მწვანე დოლარიანი ჯობია თუ მოვარდისფრო ევრო. ან იქნებ ორივე ნაგავია და ვინმე ინოვატორი საქმოსანი ოქროს და ვერცხლის ქართულ ფულს დააბრუნებს ბაზარზე ქაღალდის ფულის ნაცვლად. ხელოვნური ინფლაციის პრობლემაც სამუდამოდ ისტორიას ჩაბარდება.

ამ ყველაფერს შემდეგ, ოცნებაც მთლად ოცნება აღარ იქნება და რეალობას დაემსგავსება. ერთ წელიწადში გადასახადები განახევრდება. ჩინოვნიკების მიერ საკუთარი არსებობის გასამართლებლად მოგონილი უაზრო შეზღუდვების გაუქმება დავამატოთ და ახალი ზელანდიის, ტაივანის, სინგაპურის, ჩინეთის და ინდოეთის კონკურენტები ვიქნებით ინვესტიციების მოზიდვის საქმეში. შვილების თავდებობით ფულს აღარ ვისესხებთ, სხვა მთავრობების მიერ შევიწროებული ბიზნესმენები ბევრად მეტს საკუთარი ნებით მოიტანენ.

პროსტიტუციის და ნარკოტიკების ლეგალიზაციაზეც უნდა მოვაწერინო ხალხს ხელი. ვიცი, არ მოეწონებათ. არც მე მომწონს, მაგრამ საკუთრების უფლებას რა ვუყო? სხეული თუ არაა კაცის საკუთარი, მაშინ ბიზნესის ან სახლის საკუთრება ხომ საკუთრების კონცეფციის პროფანაციაა. უნდა ავუხსნა, რომ ორმაგი სტანდარტით შორს ვერ წავალთ, მორალურ ღირებულებებს უმრავლესობა უმცირესობას ძალით თავზე ვერ მოახვევს. თუ პრობლემად ჩათვლიან, სხვა გზები ეძებონ, ახლა ეკლესია მახსენდება, შეიძლება სხვა საშუალებაც გამოიყენონ. ბოლოს და ბოლოს, საკუთარ ქმედებაზე ყველამ თავად აგოს პასუხი. ასეთ კომპრომისზე თუ წავალ, პანდორას ყუთი გაიხსნება და მაშინ ჩვენს ოცნებასაც უნდა დავემშვიდობოთ.

რაც ყველამ ერთად უნდა ვაკეთოთ, ჩვენი თავისუფლების გარეშე მტრებისგან დაცვაა. ჩვენი კეთილდღეობის შემხედვარე, მტერიც შეიძლება უფრო გაგვიმრავლდეს ან გაგვიავდეს. უმრავლესობა ნებაყოფლობითაც გადაიხდიდა ამ საქმისთვის ფულს. ფულს კი არა, თავისუფლების დასაცავად სიცოცხლესაც არ დაიშურებენ. ვიცოდით თურმე ადრე ეს საქმე ქართველებმა. ისე, უსაფრთხოება გვარიანი ფული ღირს და ყველამ თანაბრად უნდა გადავიხადოთ. ამ საქმეში იძულებაც არ არის ალბათ დასაძრახი, ჩვენ ხომ თავისუფლების, წარმატების და წარუმატებლობის თანაბარი შესაძლებლობებით ერთნაირად ვისარგებლებთ. ამისთვის იმაზე მეტსაც გადავიხდით, ვიდრე აქამდე ვიხდიდით და გვემეტებოდა.

რა გამოდის, მთელი საქმე გარდამავალი პერიოდის მენეჯმენტი ყოფილა, მერე კი მხოლოდ თავდაცვა და ქვეყნის წარმომადგენლობითი ფუნქციის შესრულება რჩება? არც ისე ცოტაა. მშვენიერი ოცნება გამოვიდა ჩემი აზრით – გაყიდვაზე პოლიტიკური მარკეტინგის საუკეთესო სპეციალისტები დღე და ღამე მუშაობენ.

 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები