ნაცნობი სიტყვები თუ ყალბი მეგობრები?!

უცხო ენების შესწავლა ზოგისთვის ჰობია, ზოგისთვის კი − საჭიროება. ხანდახან ისეც ხდება ხოლმე, რომ ენა, რომელიც არც გვაინტერესებს და არც გვჭირდება, მოდის და იპყრობს ჩვენს ტვინს და გონების საკუჭნაოებს უსარგებლო სიტყვებით ავსებს. ყველაზე საინტერესო ეს პროცესი მაშინაა, როდესაც ე.წ. ყალბ მეგობრებს ვაწყდებით. ეს ის სიტყვებია, რომელთა მნიშვნელობასაც გვგონია რომ მივხვდით, სინამდვილეში კი ისინი დიამეტრულად საპირისპირო ცნებებს გამოხატავენ. ყალბი მეგობრები დიდი ხანია შენიშნეს მეცნიერებმა, გლამურული ფრანგული სახელწოდება Faux-amis (ფრ. „ყალბი მეგობრები”) უწოდეს, მათ შესწავლას შეუდგნენ და ათასი ტერმინი მოიგონეს კლასიფიკაციისათვის, როგორიცაა პოლისემია, ჰომონიმია და მრავალი სხვა. თუმცა მოუხელთებელი ყალბი მეგობრები კლასიფიკაციის ჩარჩოებში ვერ ეტევიან და ჩვენს გაოცებას განაგრძობენ. მათ წარმოშობას ლინგვისტიკაში სიტყვების მოგზაურობებს უკავშირებენ, როდესაც სულ სხვადასხვა გზის გავლით, ერთი სიტყვა განსხვავებულ მნიშვნელობებს იძენს. მაგალითად, როგორიცაა სიტყვები კაიფი და ქეიფი. პირველი არაბულიდან რუსულის გავლით მოხვდა ქართულში, მეორე კი − სპარსულის გავლით. რეალურად კი, ორივე ერთ არაბულ ფუძეს უკავშირდება, რომელიც „სიამოვნებას და ტკბობას” ნიშნავს.

ყალბი მეგობრების დათვური სამსახური ყველაზე მეტად მონათესავე ენებში იჩენს თავს. ასე მაგალითად: ჩეხურში Pozor ყურადღებას ნიშნავს, Pozorny კი − ყურადღებიანს, Zakaz − აკრძალვაა, Sleva − ფასდაკლება, Urok − პროცენტი, hodina − საათი, mesto − ქალაქი და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში რუსულის ცოდნა არათუ გვეხმარება, პირიქით − ხელს გვიშლის. ეს არამხოლოდ ჩეხურის შემთხვევაშია ასე. უკრაინულის, სლოვაკურის, ბულგარულის თუ ხორვატულის შესწავლისას პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ისაა, რომ რუსული უნდა დავივიწყოთ. იმავეს თქმა შეიძლება რომანული ჯგუფის ენებზეც. მთელი ლექსიკონებია შედგენილი სიტყვებისა, რომლებიც ცალ-ცალკე უნდა დავისწავლოთ, ვინაიდან მათ იტალიურ, ფრანგულ, პორტუგალიურ და ესპანურ ენებში განსხვავებული მნიშვნელობა აქვთ. ასე მაგალითად: embarrassé ფრანგულში დარცხვენილ, შეწუხებულ და უხერხულ სიტუაციაში მყოფ ადამიანზე ითქმის, ესპანურში კი embarazada ფეხმძიმე ქალბატონების მისამართით გამოიყენება. კიდევ ერთი მაგალითის გახსენება შეიძლება, რომელიც ინგლისური და ჰოლანდიური ენების ურთიერთობას ასახავს: ერთ სოციალურ რეკლამაში ბავშვი დაფაზე წერს: „Mama, die, die, die…” − ინგლისური ენის ცოდნას შეცდომაში შევყავართ. ინგლისურად ეს ფრაზა ითარგმნება, როგორც „დედა, მოკვდი, მოკვდი, მოკვდი”, სინამდვილეში კი die მდედრობითი არტიკლია და ამ შემთხვევაში დედას აღნიშნავს: „დედა, რომელიც, რომელიც, რომელიც...”

ხშირად ყალბი მეგობრები პოლიტიკური სპეკულაციების არენად იქცევა ხოლმე. ასე მაგალითად, რამდენიმე კვირის წინ მთელი ქართული მედია არკვევდა იმას, თუ „რა იგულისხმა პრეზიდენტმა ობამამ სიტყვა formal-ში”. დღემდე ვერ შეთანხმდა პოზიცია და ოპოზიცია ამ სიტყვის ზუსტ მნიშვნელობაზე. პრობლემა ისაა, რომ სიტყვა formal ამ შემთხვევაში არ ნიშნავს “ფორმალურს” და მხოლოდ ფორმალურად წააგავს მას.

უფრო კურიოზული შემთხვევების გახსენებაც შეიძლება პირადი დაკვირვებიდან: 2002 წელს ბაქოში მომიხდა წასვლა. პირველად მოვხვდი უცხო ქალაქში და სწორად მაშინ დავავადდი ქუჩაში წარწერებზე დაკვირვებით. ბევრი ნაცნობი სიტყვაც შევნიშნე, მაგალითად, ბანკომატებზე ეწერა: 7/24 saat nağd pul. მათ შორის იყო ერთი ყალბი მეგობარიც, რომელიც დღემდე არ მავიწყდება: ბაქოს სარკინიგზო ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიასთან შევნიშნე წარწერა: Sex Master. ჯერ შევცბი, რადგან ასეთ წარწერას ბაქოში არ ველოდი, თუმცა შემდეგ ამიხსნეს, რომ სიტყვა Sex აზერბაიჯანულში „ცეხს” ნიშნავს (გნებავთ საამქროს) და ყველაფერი თავის ადგილას დადგა. არის შემთხვევები, როდესაც საერთაშორისო სიტყვები იმდენადაა ჩვენს ტვინში გამჯდარი, რომ ვერაფრით ვეგუებით სხვა სიტყვებს. ახლაც მახსოვს რამდენი ხანი ვეძებდი ალმა-ათაში ყოფნისას აფთიაქს, როდესაც ქუჩაში ყინვა მინუს 20 გრადუსს აღწევდა. ვერაფერი მსგავსი Pharmacy-ისა და Аптека-სი რომ ვერ ვიპოვე, მერე დავუშვი, რომ ყაზახურში შეიძლება რამე განსხვავებული რქმეოდა და ბოლოს ვიპოვე Дәріхана!

ინტერნაციონალურ საზოგადოებებში ყალბი მეგობრები ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება. პირადად შევესწარი როგორ ლაპარაკობდნენ ხორვატი, ბულგარელი და სლოვაკი თავ-თავის ენაზე და ერთმანეთის მშვენივრად ესმოდათ. თუმცა ყველაზე დიდი დრო მათ საუბარში მაინც იმ სიტყვების განმარტებაზე იხარჯებოდა, რომლებიც ამ ენებში ერთნაირად ჟღერს და სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს.

უცხო ენების ცოდნა საჭიროა, თუმცა ყალბი მეგობრების არსებობა არ უნდა დაგვავიწყდეს.

 

კომენტარები